ვიქტორ სანიკიძე ქუთაისში ზურაბ საკანდელიძის სახელობის კლუბის პრეზენტაციას დაესწრო

ვიქტორ სანიკიძე ქუთაისში ზურაბ საკანდელიძის სახელობის კლუბის პრეზენტაციას დაესწრო

სკოლაში, რომელიც ლეგენდარულმა ქართველმა კალათბურთელმა, ზურაბ საკანდელიძემ დაამთავრა, მისი სახელობის საკალათბურთო კლუბი გაიხსნა. წმინდა ნინოს სახელობის ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში დღეს დიდი სტუმრიანობა იყო. სკოლის დირექტორის – თამაზ ჭაბუკიანისა და მწვრთნელების – მალხაზ კოხრეიძისა და კობა კირთაძის ინიციატივით ზურაბ საკანდელიძის სახელობის საკალათბურთო კლუბი გაიხსნა. პრეზენტაციას ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ვიქტორ სანიკიძე და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე დაესწრნენ.

ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მე-3 საჯარო სკოლაში ზურაბ საკანდელიძის სახელობის კლუბის პრეზენტაციაზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრები, ზურაბ გრძელიძე და დავით საყვარელიძე. სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლის სპორტული დარბაზი, მიესალმნენ ახალგაზრდა კალათბურთელებსა და სკოლის მოსწავლეებს და მათ მომავალში თანადგომა აღუთქვეს.

სტუმრებთან ერთად ვიქტორ სანიკიძემ პრეზენტაციის დასასრულს განცხადება გააკეთა, სადაც ყურადღება გაამახვილა რეგიონებში და ზოგადად, საქართველოში კალათბურთის მასობრიობის ზრდასთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ კავშირშია ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად კალათბურთის ეროვნული ფედერაცის ახალი პრეზიდენტის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ბავშვთა კალათბურთის ხელშეწყობა და საკალათბურთო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა.