ვიქტორ სანიკიძე სერია A-ს გასული ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

ვიქტორ სანიკიძე სერია A-ს გასული ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

ვიქტორ სანიკიძე იტალიის სერია A-ს გასული, XIX ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მიუხედავად იმისა, რომ საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით სანიკიძეს გასულ ტურში სხვა კალათბურთელებმა აჯობეს, ოფიციალური აღიარებით საუკეთესოდ სწორედ ქართველი კალათბურთელი დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიურ მედიაზე დაყრდნობით ვეგ–გვერდი eurobasket.com ავრცელებს.
 
სანიკიძემ „აველინoსთან“ 76:56 მოგებულ მატჩში ბოლონიელებს 16 ქულა და 12 მოხსნა შესძინა. ქართველი ფორვარდი  არა მხოლოდ გასულ ტურში გაკეთებული ორმაგი დუბლის გამო გამოარჩიეს. სანიკიძეს დაუფასდა ის შრომა, რომელსაც ის ბოლო მატჩებში და ზოგადად მიმდინარე სეზონში ეწევა. ვიქტორის აქტიურობით ბოლონიელები შთამბეჭდავ შედეგს აჩვენებენ. გათამაშების ცხრილში „კანადიან სოლარი“ 12 მოგებითა და 6 მარცხით მეორე ადგილზე გამაგრდა.
 

 
საშუალოდ მოგროვებული 10,7 მოხსნით სანიკიძე ამ კომპონენტში მთელს ლიგას ლიდერობს. მისი ქულობრივი მონაგარი საშუალოდ 13,4 ქულაა. ტურის მეორე საუკეთესო მოთამაშედ „სკავოლინის“ ამერიკელი ლეგიონერი ჯეიმს უაიტი აღიარეს, რომელმაც „არმანისთან“ წაგებულ მატჩში 25 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.
 
სანიკიძეს მიმდინარე სეზონის ბოლოს ბოლონიურ კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება და  მისი შემატების მსურველთა რიცხვში სავარაუდოდ არაერთი გრანდი იქნება.