ვიქტორ სანიკიძე სერია A-ს ტურის საუკეთესო მოთამაშე მეორედ გახდა

ვიქტორ სანიკიძე სერია A-ს ტურის საუკეთესო მოთამაშე მეორედ გახდა

ვიქტორ სანიკიძე იტალიის სერია A-ს მორიგი, მე-ე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი გამართული 8 მატჩიდან ყველაზე მაღალი იყო და 34 შეადგინა. მომდევნო ადგილზე მიჰაილ ბორისოვი (32) გავიდა, ხოლო მესამე ამერიკელი დევიდ დიენერი (30) გავიდა.
ორმაგი დუბლი სანიკიძისთვის უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. ბოლო 8 მატჩიდან ვიქტორმა უკვე მეექვსე დუბლი შეასრულა და დამსახურებულად ამართლებს საკუთარ მეტსახელს – „ეარ ჯორჯიას“. მან გასულ ტურშიც ყველაზე მეტი – 14 მოხსნა მოაგროვა, რასაც 19 ქულა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაყოლა. სანიკიძემ6–დან 4 ორქულიანი, 4–დან 2 სამიანი და 9–დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა ფორვარდმა მხოლოდ 1 პერსონალური მიიღო, ხოლო მასზე მეტოქეებმა 8–ჯერ დაარღვიეს წესი.
სანიკიძის ბრწყინვალე თამაშმა საბოლოოდ მის გუნდს – „კანადიან სოლარს“ მეტოქე „მონფერატო“ 70:62 დაამარცხებინა. არადა, სანიკიძის გუნდი ბოლო მეოთხედის წინ 8 ქულით აგებდა, მაგრამ ქართველი ფორვარდის შედეგიანმა გარჯამ ბოლონიელებს მორიგი, მეტად საჭირო გამარჯვება მოაპოვებინა.

9 გამარჯვებითა და 4 მარცხით სანიკიძის გუნდი ცხრილში მესამე ადგილზე გამაგრდა და მის წინ მხოლოდ „სიენა“ და „არმანი ჯინსია“. მომდევნო ტურში, 8 იანვარს, ბოლონიელები სიენელებს სტუმრად ხვდებიან და გამარჯვების შემთხვევაში მათ ცხრილში გაუთანაბრდებიან.
წარმატებას მიაღწია “ბანკო დი სარდინია სასარიმ”, რომლის ღირსებასაც ნიკა მეტრეველი იცავს. სარდინიელებმა სტუმრად “ანჯელიკო ბიელას” 78:73 სძლიეს, ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა კი ხუთ წუთში მოედანი უქულოდ დატოვა. ქართული პასპორტის მქონე ქუინტონ ჰოსლიმ 35 წუთში 15 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მეტრეველის გუნდს 7 მოგებითა და 6 მარცხით მე-9 ადგილი უკავია.
ამ ტურში ისვენებდა მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის „ბენეტ კანტუ“, რომელიც 8 იანვარს „ბიელას“ უმასპინძლებს.