ვიქტორ სანიკიძე სერია A-ში ორმაგ დუბლებს გაეჩვია

ვიქტორ სანიკიძე სერია A-ში ორმაგ დუბლებს გაეჩვია

    იტალიის სერია A
მორიგ, მე-20 ტურში ვიქტორ სანიკიძემ კვლავ ორმაგი დუბლი დააგროვა. ქართველი ფორვარდის „კანადიან სოლარი“ ”პეპსი კასერტას“ (69:61) ხვდებოდა, ხოლო ვიქტორი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 30 წუთში 16 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა, საიდანაც 8 მეტოქის ფარზე განახორციელა.
 
სანიკიძემ მეტად აკურატულად ესროლა. მან 6-დან 5 ორქულიანი და 2-ვე სამქულიანი ჩააგდო. ის ამ შედეგით თავისიანთა შორის ყველაზე სარგებლიანი იყო. ბოლონიელებმა თავი 11 გამარჯვებას მოუყარეს და ასეთივე შედეგის მქონე ”ეარ აველინოსთან” ერთად, რომლის ღირსებასაც მერაბ ბოქოლიშვილი იცავს, მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფენ.
 

 
ბოქოლიშვილის „აველინიმ ამ ტურში ”მონტეგრანაროს” 83:75 სძლია, ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი მასპინძელთა განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა.
 
ჩემპიონატის ლიდერთან გასვლითი შეხვედრა ჰქონდა მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუს“ და როგორც მოსალოდნელი იყო, დამარცხდა – 63:73. მანუჩარ მარკოიშვილმა 26 წუთს ითამაშა და 5 ქულა, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა.
 
ესპანეთის პრიმერადივიზიონი
ჩინებულად ითამაშა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა ტორინ გრინმა. მისი „გრან კანარია“ “კახასოლს” შეხვდა და 70:84 ეააგო. გრინმა 28 წუთში 17 ქულა, 8 პასი და 1 მოხსნა მიითვალა. ტორინმა სამივე ორქულიანი, 8-დან 3 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო და ”გრან კანარიას” რიგებში საუკეთესო გახლდათ. კანარელებს 10 მოგება აქვთ და  ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ადგილზე იმყოფებიან, ”კახასოლი” კი შედარებით დაწინაურებულია და მე–7 პოზიციაზე იმყოფება. ამ გუნდში ახალგაზრდა ქართველი, ბექა ბურჯანაძე ირიცხება, თუმც ის ამ შეხვედრაში განაცხადში ვერ მოხვდა.
 
კიდევ ერთი ქართულპასპორტიანი ამერიკელის, ტაირონ ელისის „ესტუდიანტესი“ სტუმრად „მერიდიანოს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა – 71:69. ელისმა 22:47 წუთს ითამაშა და ”ესტუდიანტესს” 5 ქულა და 4 მოხსნა შესძინა. ტაირონმა 2-დან 1 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი გამოიყენა, 2 საჯარიმო კი მიზანს მიღმა სტყორცნა.
 
შედეგიანად გაისარჯა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ნატურალიზებული წევრი ქუინტონ ჰოსლი, რომელმაც „ბისკაიასთან“ შეხვედრაში 14 ქულა მიითვალა, თუმცა მისი გუნდი 76:80 დამარცხდა. ქუინტონმა 5-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, რასაც 3 მოხსნა და 1 პასიც წაამატა. სეზონში მე-11 მარცხის შემდეგ, ბადალონელები მე-10 ადგილზე აღმოჩნდნენ.
 
სასტარტო ხუთეულში დაიწყო თამაში ნიკოლოზ ცქიტიშვილმა, თუმცა მოედანზე მხოლოდ 11,29 წუთი გაატარა. მისი „ლაგუნ არო” “მანრესას” შეხვდა და 81:70 გაიმარჯვა. ცქიტიშვილმა 2 ქულა (ერთადერთი 2-ქულიანი ზუსტად სტყორცნა) და 1 მოხსნა მიითვალა. სან სებასტიანელები 9 მოგებით მე-13 პოზიციაზე იმყოფებიან.
 
    ბალტიის ლიგა
გიორგი ცინცაძის ”როკმა” მეტად პრინციპული შეხვედრა მოიგო. ტარტუელების მეტოქე თანამემამულე „კალევ–კრამო“ გახლდათ, რომელსაც 64:55 სძლიეს,
 
გიორგიმ მოედანზე 23:42 წუთი გაატარა და ტარტუელებს 9 ქულა, 7 მოხსნა, (4 მეტოქის ფარზე), 3 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო.
ტარტუელებმა 14 მოგება და 6 მარცხი მოაგროვეს და ლატვიური ”ვენტსპილსისა” და ”ვეფ რიგას” კვალად, ბალტიის ლიგაში მე-3 ადგილი უკავიათ.
 
     გერმანიის ბუნდესლიგა
ისევ არ ითამაშა ლაშა გამყრელიძემ. საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი სეზონის სტარტზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ, თუმცა ახლა განაცხადიდან გაქრა. მის არყოფნაში გიესენელები მაინც აგებენ. გამყრელიძის გუნდი ამჯერად ”ბროზე ბასკეტსს” ესტუმრა და 47:75 განადგურდა. „გიესენს“ 7 მოგება აქვს და ბუნდესლიგაშ მე–16 ადგილი უკავია.