ვიქტორ სანიკიძემ “სიენასთან” 2+1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა

ვიქტორ სანიკიძემ “სიენასთან” 2+1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა

ვიქტორ სანიკიძე კარიერას იტალიის უძლიერეს და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ „სიენაში“ გააგრძელებს. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, რომელმაც ბოლო სამი სეზონი ბოლონიურ „ვირტუსში“ გაატარა და გასულ ჩემპიონატში იტალიის სერია „ა“-ს საუკეთესო ევროპელ ლეგიონერად აღიარეს, სიენურ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. სანიკიძის ორწლიანი კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივითაა გაფორმებული. თუკი მხარეები გადაწყვეტენ, 2 წლის შემდეგ ქართველი ფორვარდი „სიენაში“ კიდევ 1 წლით დარჩება.

აღსანიშნავია, რომ იტალიის ჩემპიონატის დაწყებამდე „სიენა“ ამერიკაში, ნბა-ს კლუბებთან საგამოფენო მატჩების გასამართად გაემგზავრება. ბედის ირონიაა, რომ „სიენას“ შემადგენლობაში პირველ მატჩს სანიკიძე „სან ანტონიოსთან“ გამართავს, რომელიც ნბა-ში ქართველ ფორვარდზე უფლებებს ფლობს. 2004 წელს სწორედ „სან ანტონიომ“ აიყვანა დრაფტე 53-ე ნომრად ვიქტორ სანიკიძე, თუმცა ტრავმების გამო ვიქტორმა ტეხასურ კლუბში ფეხი ვერ მოიკიდა. სანიკიძის „სიენა“ სანანტონიოელებს 6 ოქტომბერს დაუპირისპირდება, ხოლო 8-ში იტალიური გუნდის მეტოქე „კლივლენდი“ იქნება. აღსანიშნავია ისიც, რომ ნბა-ს გუნდებთან სათამაშოდ აქამდე ამერიკაში არც ერთი იტალიური კლუბი არ წასულა.
სანამ “სიენას” შეუერთდება, სანიკიძე საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში დაეხმარება.