ვიქტორ სანიკიძის ორმაგი დუბლი და ქართველების წარმატებები იტალიაში

ვიქტორ სანიკიძის ორმაგი დუბლი და ქართველების წარმატებები იტალიაში

ქართველების დიდებული დღე იტალიაში. სერია A-ში მოთამაშე ქართველების ყველაგუნდმა მოიგო, თან ისე, რომ ჩვენი ქვეყნის წარგზავნილები საუკეთესოები იყვნენ. ოთხიდან სამმა ქართველმა მიაღწია 10-ქულიან ზღვარს, გამორჩეული კი კვლავ ვიქტორ სანიკიძე იყო, რომელმაც მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა და თავის გუნდ „კანადიან სოლარს“ სტუმრად „მონტეგრანაროსთან“ გაამარჯვებინა – 80:74.
 
სანიკიძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 33 წუთი გაატარა. საბოლოოდ მისმა საერთო სარგებლიანობის ნიშნულმა 28-ს მიაღწია, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. სანიკიძემ 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო საშუალო და სამქულიანი დისტანციებიდან ერთნაირი წარმატებით ესროლა: 4 ცდიდან 2 ჩააგდო. საბოლოოდ ვიქტორს 14 ქულა მოუგროვდა, რასაც ქართველმა ფორვარდმა 13 მოხსნა მოაყოლა და შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი მიითვალა. ამას გარდა სანიკიძეს 2 დაფარება, ამდენივე პასი და 1 ჩაჭრა ჰქონდა. მთელს ტურში სანიკიძის ეს შედეგი რიგით მესამე იყო. მას მხოლოდ ლინტონ ჯონსონმა და მუსტაფა შაკურმა აჯობეს, რომელთა სარგებლიანობის კოეფიციენტმაც 31-ს უწია. სანიკიძემ კი ჯანლუკა ბაზილესთან ერთად, როგორც ვთქვით, 28 დააგროვა.
 

 
ამ გამარჯვების შემდეგ „კანადიან სოლარი“ მეშვიდე ადგილზე აღზევდა. ბოლონიურ კლუბს 4 მოგება და 3 წაგება აქვს. გაცილებით დაწინაურებულია და მეორე ადგილზე იმყოფება მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის „კანტუ“, რომელმაც ამ ტურში შინ „კასერტა“ 86:75 დაამარცხა. ორივე ქართველი ხუთეულში იყო და მათ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. მანუჩარმა 21 წუთში 11 ქულა და თითო დაფარება, პასი და მოხსნა დააგროვა. მარკოიშვილმა 6-დან 2 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
 

 
მანუჩარის დარად შერმადინმაც 21 წუთს ითამაშა და 10 ქულა,  2 მოხსნა და თითო პასი, დაფარება და ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ შეუცდომლად ესროლა. 4 ცდიდან ყველა ორქულიანი ჩააგდო საჯარიმოს ხაზიდანაც ორივე სროლა ზუსტად შეასრულა. კანტუელთა შორის კი საუკეთესო ზემოთნახსენები ჯანლუკა ბაზილე გახლდათ, რომელმაც 23 ქულა მიითვალა.
 
დაბოლოს, ნიკა მეტრეველზე ვთქვათ, ვისმა „დინამო სასარიმ“ „რომას“ 80:68 მოუგო. ქართველი ფორვარდი მოედანზე 10 წუთით გამოჩნდა, თუმცა საკმაოდ შედეგიანი იყო: 7 ქულა, 2 მოხსნა, 2 დაფარება, 1 ჩაჭრა. დინამოელებს 6 მატჩიდან 4 გამარჯვება აქვთ და ისინი ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფებიან.