თორნიკე შენგელიას წინამძღოლობით ვირტუსმა ბოლონიაში ტორტონა გაანადგურა და იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. მეოთხედფინალური სერიის 2 მოგებით დაწყების შემდეგ ტორტონამ საპასუხო მატჩებიდან მაქსიმუმი გამოწურა და შინ ორივე მატჩის მოგებით სერია გაათანაბრა. რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა ვირტუსმა მოედნის უპირატესობით ისარგებლა და სერიის გადამწყვეტ მატჩს უმასპინძლა, რომელშიც ტორტონა 92:63 დაამარცხა და სერია 3:2 მოიგო.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქართველი ფორვარდი გახდა, რომელიც სასტარტო ხუთეულში იყო და 23 წუთში 22 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. 8-დან 5 ორქულიანი და 12-დან 12 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. 15 ქულა დააგროვდა მარკო ბელინელიმ, 12 – ალესანდრო პაჟოლამ.
ვირტუსი ნახევარფინალში ვენეციას შეხვდება, რომლის ღირსებასაც გიგა ჯანელიძე იცავს, თუმცა ქართველ ფორვარდს სათამაშო დრო ფაქტობრივად არ ეძლევა. ვენეციელებმაც 5-მატჩიანი სერია გადააგორეს მეოთხედფინალში, სადაც კერკეტი რეჯიო ემილია 3:2 დაამარცხეს.