ვლადიმერ ბოისა “ჰელიოსთან” მატჩში საუკეთესო იყო

ვლადიმერ ბოისა “ჰელიოსთან” მატჩში საუკეთესო იყო

ვლადიმერ ბოისამ სლოვენიის ჩემპიონატში ძველი დრო გაიხსენა. 6 წლის წინ მან ლიუბლიანური გუნდი დატოვა და იტალიურ „სიენაში“ გადავიდა. იგი „ოლიმპიას“ ლიდერი იყო და ამიტომაც გადაიბირა იტალიურმა გრანდმა. ბოისა ლიუბლიანურ კლუბს ამ სეზონის წინ დაუბრუნდა, თუმცა ტრავმიანი იყო და 1 თვეც არაა, რაც მოედანზე გამოჩნდა. წუხელ გამართულ სლოვენიის ჩემპიონატის მორიგ ტურში ვოვამ დიდებულად ითამაშა, ის ოლიმპიელთა შორის საუკეთესო იყო და თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოაპოვებინა.
 
„ოლიმპია“ სტუმრად „ჰელიოსს“ შეხვდა და 87:75 დაამარცხა. ორივე ჩვენიანი ხუთეულში იყო, თუმცა გიორგი შერმადინმა მოედანი ნაადრევად, 5 პერსონალურის მიღების შემდეგ დატოვა. 216–სანტიმეტრიანი ქართველი ცენტრი 15 წუთში 5 ქულსა და 5 მოხსნას დასჯერდა. შერმადინმა 2–დან 2 ოქრულიანი და 4–დან მხოლოდ 1 საჯარიმო ჩააგდო.
 
ბოისამ 26 წუთი დაჰყო მოედანზე და თანაგუნდელთა შორის ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი (21) დაიმსახურა. ვლადიმერმა 4–დან 3 ორქულიანი, 2–დან 1 სამიანი და 7–დან 7 საჯარიმო ჩააგდო. ბოისას 16 ქულასთან ერთად 3 მოხსნაც დაუგროვდა.
 
„ოლიმპიას“ 2 ტურის შემდეგ 2 გამარჯვება აქვს და „ზლატაროგთან“ ერთად სლოვენიის ჩემპიონატს ლიდერობს. ტურის დარჩენილი 2 მატჩი კვირას, 27 მარტს გაიმართება.