ვლადიმერ ბოისა: მზად ვარ, ქართველ ახალგაზრდებს გამოცდილება გავუზიარო

ვლადიმერ ბოისა: მზად ვარ, ქართველ ახალგაზრდებს გამოცდილება გავუზიარო

ორშაბათს საქართველოში ვლადიმერ ბოისა ჩამოდის. ვეტერანი კალათბურთელი, რომელმაც ბოლო 14 წელი უცხოურ კლუბებში გაატარა, სამშობლოში იმისთვის ბრუნდება, რომ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონსა და ევროსარბიელზე მოასპარეზე ერთადერთ ქართულ გუნდს კონტრაქტი გაუფორმოს. ჯერჯერობის ბოისა არმიელად არ ითვლება, წინასწარი მოლაპარაკებით იგი თანახმაა, თავდაცვის სამინისტროს გუნდში ითამაშოს, თუმცა, სანამ კონტრაქტს ხელს არ მოაწერს, დეტალებზე საუბრისაგან თავს იკავებს. ბოისას დღეს ლიუბლიანაში შევეხმიანეთ…
 

 
 
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენი “არმიაში” გადასვლა გადაწყვეტილია…
 
– გადაწყვეტილი არაა, რადგან კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა. მე პროფესიონალი ვარ და ვიცი, რომ წინასწარ, ხელშეკრულების გაფორმებამდე გუნდის წევრად თავს ვერ ჩავთვლი. თბილისში მომავალ ორშაბათს ჩამოვალ და „არმიის“ ხელმძღვანელებსაც პირადად დაველაპარაკები. წინასწარი მოლაპარაკება უკვე შედგა და ორივე მხარის სურვილია, რომ შეთანხმება შედგეს.
 
– ლაპარაკი მხოლოდ იმ პერიოდზეა, როცა „არმია“ ევროჩლენჯის თასზე იასპარეზებს, თუ მთელ სეზონზე?
 
– სანამ საბოლოოდ ყველაფერი არ გადაწყდება, დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.
 

 
– რატომ გადაწყვიტე, საქართველოში დაბრუნებულიყავი?
 
– ჩემი სურვილია, რომ კარიერა სლოვენიის „ოლიმპიაში“, ანაც საქართველოში დავამთავრო. საქართველო ჩემი სამშობლოა, ქართველ კალათბურთლებზე გული შემტკივა და სიმართლე გითხრათ, ჩემი დაბრუნების მთავარი მიზეზიც ახალგაზრდების დახმარებაა. მინდა, ჩემი გამოცდილება გავუზიარო მოზარდ და თუნდაც ზრდასრულ კალათბურთელებს. ასევე მინდა, ხელი შევუწყო საქართველოს ჩემპიონატის დონის ამაღლებას და რა თქმა უნდა, ქართული გუნდის სახელით ევროსარბიელზე ვიასპარეზო.
 
– კარიერას საქართველოში დაასრულებ?
 
– 31 წლის ვარ, კიდევ 2–3 სეზონი ვითამაშებ და თუკი საქართველოში მომიხდება ამ დროით დარჩნა, კარიერასაც სამშობლოში დავასრულებ. მირჩევნია, სლოვენიის რიგით გუნდში, ვთქვათ „ჰელიოსში“ ყოფნას, საქართველოში ვთამაშო.
 
– რას იტყვი „არმიის“ ევრომეტოქეებზე?
 
– „არმიას“ შარშანდელზე ძლიერი მეტოქეები ჰყავს. ჩემი აზრით, ევროჩლენჯის წლევანდელ გათამაშებაში ეს ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი ჯგუფია. იერუსალიმში გამარჯვება გმირობის ტოლფასია. ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ გერმანულ „ტელეკომსა“ და ბელგიურ „ანტვერპენს“. თუმცა არც არმიელებს ჰყავთ სუსტი გუნდი. დარწმუნებული ვარ, არც მეტოქეებს გაუხარდათ, „არმია“ რომ მათ ჯგუფში მოხვდა. შარშან მიღებული გამოცდილება დიდად წაადგება კოტე ტუღუშის გუნდს. იმედი მაქვს, არმიელები მოახერხებენ ჯგუფიდან გასვლას.
 

 
– წელს საქართველოს ნაკრებში არ გითამაშია. „არმიაში“ გადასვლას სანაკრებო კუთხითაც ხომ არ უყურებ?
 
– ნამდვილად არა. ჩემი მიზანი რაცაა, უკვე ვთქვი და თუკი ნაკრებშიც მოვხვდები, ეს მხოლოდ გამეხარდება. იცით, რომ მომავალი ევროპის ჩემპიონატი სლოვენიაში, ჩემს მეორე სამშობლოში ტარდება და ამით ყველაფერია ნათქვამი. „არმია“ ძალიან კარგი გუნდია, შესანიშნავი პირობები აქვს, ევროსარბიელზე ასპარეზობს და კარგ ფორმაში ყოფნა არ გამიჭირდება. იტალიაუ “სიენაში” თითქმის 1 თვე ვვარჯიშობდი, ახლა ინდივიდუალურად ვემზადები და უკვე გარკვეულ კონდიციაში ვიმყოფები. „არმიაში“ კიდევ უფრო კარგ ფორმაში შევალ და იმედი მაქვს, ამ გუნდს ბევრ რამეში დავეხმარები.
 
– საქართველოში ოჯახით მოდიხარ?
 
– არა, შვილები სკოლაში სწავლობენ და არ მინდა, გარემო შევუცვალო. მარტო მოვდივარ, საქართველოში ჩემი მშობლები, და, ძმა და ახლობელი ადამიანები მელიან.
 
– გახსოვს წასვლამდე საქართველოში ჩატარებული ბოლო სეზონი?
 
– როგორ არა, 1997 წლის სეზონი იყო. რუსთავის „აზოტში“ ვთამაშობდი, ეროვნული ჩემპიონატის ფინალში „ვითას“ შევხვდით და სერია 2:3 წავაგეთ. ბოლო მატჩი დაძაბულ ბრძოლაში, 1 ქულის სხვაობით დავთმეთ და რა თქმა უნდა, ამან ძალიან დაგვწყვიტა გული. მაშინდელი ჩემი თანაგუნდელებიდან ეხლა აღარავინ აღარ თამაშობს. მათი უმეტესობა მწვრთნელები არიან და თუკი მათაც რამეში დავეხმარები, ძალიან გამეხარდება.