3×3 კალათბურთში ზამთრის სერიები გრძელდება. WinterCup 2021-ის სენიორთა მორიგ ტურნირს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა, სადაც გვარიანი მოულოდნელობა დაფიქსირდა. გუნდმა Jeba-მ, რომლის გამწევი ძალა ირაკლი ჯებაშვილია, ყველა თამაში მოიგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ეს გუნდი არ მიიჩნეოდა გამარჯვების გამორჩეულ კანდიდატად. Jeba-მ ფავორიტი Scooby, რომელიც საქართველოს მოქმედი ჩემპიონია, ფინალურ მატჩში 21:11 დაამარცხა.
საბა ებელაშვილი, ვახტანგ გუგულაშვილი და რევაზ ხაჩიძეც ღირსეული ჩემპიონები არიან, თუმცა Jeba-ს გამარჯვებაში ირაკლი ჯებაშვილის წილი მეტად განსაკუთრებულია. კალათბურთელმა, რომელიც გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის გუნდში გასულ წელს სტუდენტური ლიგა მოიგო და ამ სეზონში “ა” ლიგაში გადმოვიდა, ყველა მატჩში გამორჩეული იყო. სამქულიანებით, სწრაფი გარღვევებითა და აცილებული ბურთების მოხსნით ჯებაშვილი ყველა ოპონენტზე დიდ უპირატესობას ფლობდა. ყველა კომპონენტში ის თავის გუნდს ლიდერობდა და დამსახურებული გამარჯვებებით ტურნირის ფინალამდე მივიდა, სადაც საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, რომელიც მცირე ცვლილებებით თამაშობდა, შანსი არ დაუტოვა.
ტურნირში 12 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც ტრადიციული ფორმატით, 4 ჯგუფში გადანაწილდა. ჯგუფების პირველადგილოსნები პლეი ოფში გავიდნენ. ნახევარფინალურ მატჩებში Scooby-მ Old School-ი 16:15 დაამარცხა, ხოლო Jeba-მ Easy-ს იოლად მოუგო – 20:14. ფინალურ მატჩში ბრძოლა არ შედგა. როგორც მოგახსენეთ, Jeba-მ ირაკლი ჯებაშვილის ლიდერობით 10 ქულის სხვაობით – 21:11 გაიმარჯვა და ტურნირის საპრიზო ფონდიდან 500 ლარს დაეპატრონა. 300 ლარი ერგო ფინალში დამარცხებულ Scooby-ს (მამუკა ბაზუაშვილი, დავით დადუნაშვილი, ირაკლი გლუნჩაძე).
გამარჯვებულები ტურნირის ორგანიზატორის, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3×3 დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა. WinterCup 2021-ის მორიგი ტურნირი, რომელიც მიმდინარე წელს ბოლო იქნება, 18-წლამდელთა შორის კვლავ ოლიმპიურ სასახლეში, 23 დეკემბერს გაიმართება.
ტურნირის ოფიციალური შედეგების გვერდი:
https://play.fiba3x3.com/categories/d75a650a-543d-4a86-8888-05a4c7c5333c/brackets