ზაზა ფაჩულია ბოსნიასთან ითამაშებს!

ზაზა ფაჩულია ბოსნიასთან ითამაშებს!

ზაზა ფაჩულია ითამაშებს! საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი დღეს საღამოს ბოსნიას დაუპირისპირდება. იგორ კოკოშკოვის გუნდი სარაევოში გუშინ დილით ჩარტერული რეისით ჩაფრინდა და ფაჩულიამ გამართულ ორივე ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა. ნაკრებში საბრძოლო განწყობაა და კოკოშკოვის სამწყსო საღამოს ბრძოლისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ ბოსნია ჩვენს ჯგუფს 2 მოგებით ლიდერობს, საქართველოს კი აქტივში 1 მატჩი და ამდენივე გამარჯვება აქვს. გვესაუბრება ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი კოტე ტუღუში, რომელსაც სარაევოში დღეს, 14 საათისთვის დავუკავშირდით.
 
– პირველ რიგში, ზაზა ფაჩულიას ტრავმაზე გკითხავთ. როგორაა კაპიტნის მდგომარეობა?
– ზაზა ითამაშებს. დაჭიმული კუნთი ისე აღარ აწუხებს, რომ ვერ ითამაშოს. ბოსნიასთან დღევანდელ დაპირისპირებაში იგი ჩვენს ნაკრებს დაეხმარება, რაც მთლი გუნდისთვის ძალიან დიდი სტიმულია.
– ფაჩულიას თამაშის საკითხი დღეს გადაწყდა?
– ზაზა ვარჯიშს თბილისში შეუდგა. 19 აგვისტოს, ბოსნიაში წამოსვლის წინა დღეს ზაზამ ნაკრებთან ივარჯიშა. სარაევოში გუშინ საღამოს და დღეს დილით ვივარჯიშეთ და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა, რომ ფაჩულია თამაშს შეძლებდა.
– სხვა მხრივ, გუნდში როგორი განწყობაა?
– ზაზას მწყობრში ჩადგომამ საბრძოლო შემართება აამაღლა. ყველა კარგ ხასიათზეა და მომავალ მატჩს მოუთმენლად ველით. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება.
– ფაჩულიას დაბრუნების შემდეგ განაცხადიდან ვინ ამოვარდება?
– სავარაუდოდ, აკაკი დვალიშვილი ვერ მოხვდება 12-კაციან სამატჩი განაცხადში. ნატურალიზებული მოთამაშისთვის განკუთვნილ ადგილს კი ისევ ჯეიკობ პულენი დაიკავებს.
– ბოსნიის დამარცხების შემთხვევაში ჯგუფის ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი გვეყოლება…
– ცხრილზე და მომავალ მატჩებზე არ ვფიქრობთ. ერთადერთი, რაზეც ვართ კონცენტრირებული, დღევანდელი მატჩია. ჩვენ აქ მოსაგებად ჩმოვედით და მიზნის მისაღწევად მაქსიმუმს გავიღებთ.
ბოსნიისა და საქართველოს მატჩი თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება
კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური