ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტთან” ორმაგ დუბლს მიუახლოვდა

ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტთან” ორმაგ დუბლს მიუახლოვდა

ზაზა ფაჩულიამ მორიგ მატჩში კარგად ითამაშა და „ატლანტა ჰოუქსს“ „გოლდენ სტეიტის“ დამარცხებაში დაეხმარა. „ქორებმა“ ოკლენდელებს 103:93 სძლიეს, ქართველ ცენტრს კი ორმაგი დუბლის მოგროვებამდე 3 მოხსნა დააკლდა.
 
ფაჩულიამ 19 წუთი ითამაშა და მისი სტატისტიკა საკმაოდ ბარაქიანი გამოვიდა. ზაზამ თამაშიდან 6–დან 4 ბურთი ჩააგდო, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან 4 ცდიდან 3 მოათავსა მეტოქის კალათში. შედეგად, მან 11 ქულას მოუყარა თავი, რასაც 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა ისე, რომ ბურთი არ დაუკარგავს. ორივე გუნდის შემადგენლობაში ფაჩულია იყო ერთადერთი სათადარიგო, რომლის ქულათა მონაგარმა 10–ქულიან ზღვარს მიაღწია და გადააჭარბა.
 
ამ გამარჯვებამ ატლანტელებს საშუალება მისცა, აღმოსავლეთ კონფერენციაში „ნიუ იორკისთვის“ გადაესწროთ. ფაჩულიას გუნდისთვის „გოლდენ სტეიტთან“ მოგება მიმდინარე სეზონში მე–20 გამოდგა. ახლა ნბა–ში სულ 10 გუნდია, რომელსაც 20 და მეტი გამარჯვება აქვს მოპოვებული. მომდევნო შეხვედრას „ატლანტა“ ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, 31 დეკემბერს, ოკლაჰომა სიტიში გამართავს.