ზაზა ფაჩულია: გუნდის ყველა წევრი სიამაყის გრძნობით იცავს საქართველოს სახელს

ზაზა ფაჩულია: გუნდის ყველა წევრი სიამაყის გრძნობით იცავს საქართველოს სახელს

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციას გუნდის მთავარ მწვრთნელებთან  – იგორ კოკოშკოვთან და ედი კასტილსთან ზაზა ფაჩულია და კრისტოფ ბეგინიც დაესწრო. წესისამებრ პირველი სიტყვა წაგებული გუნდის მოთამაშეს ერგო:   
 

 
კრისტოფ ბეგინი:
საშინელი წაგება იყო. ქართველებთან ვერაფერი გავაწყეთ, ისინი ყველა კომპონენტში მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ. ცუდი დაცვა – აი, ესაა ჩვენი ნაკრების წაგების მიზეზი.
 
ედი კასტილსი:
„შეტევაში ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მოხსნებში მეტოქემ გვაჯობა და შედეგიც ლოგიკურია. პირველ მეოთხედშივე შეგვექმნა პრობლემები, რომლებიც არათუ გამოვასწორეთ, არამედ მათ უფრო მძიმე ხასიათი მიიღეს. საქართველომ სულ სხვა კალათბურთი ითამაშა, ვიდრე შარშან და წარმატების მინიმალური შანსიც არ მოუცია.
 

 
ზაზა ფაჩულია:
„პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ჩემთვის და მთლიანად გუნდისთვის დიდი პატივია ევროპის ჩემპიონატზე თამაში. ჩვენი ნაკრები ევრობასკეტზე პირველად მოხვდა და  გუნდის ყველა წევრი სიამაყის გრძნობით იცავს ჩვენი ქვეყნის სახელს. ჩვენ დღეს პირველი მატჩი გავმართეთ ევროპის ჩემპიონატზე და პირველი გამარჯვება ვიზეიმეთ. რა თქმა უნდა, ძალიან გახარებულები ვართ. ჩვენმა ნაკრებმა მოახერხა ბელგიელი მსროლელების, დიმიტრი ლოუერსის, მარკუს ფეისონის და სხვათა შეჩება. ბელგიელებმა შარშან ორი თამაში სწორედ შორი სროლების წყალობით მოგვიგეს, ჩვენ მათი შეჩერება კარგი დაცვით მოვახერხეთ.
 
იგორ კოკოშკოვი:
„დავეთანხმები ჩვენი გუნდის კაპიტანს, რომ საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატზე თამაში და განსაკუთრებით პირველ მატჩში გამარჯვება უდიდესი მნიშვნელობისაა. ბელგია ჩვენთვის კარგად ნაცნობი გუნდია, შარშან ორჯერ დაგვამარცხა და ვიცოდით, რომ თუ მთელი მონდომებით არ ვითამაშებდით, გამარჯვებას ვერ მოვიპოვებდით. საბედნიეროდ, ჩვენ მოვახერხეთ მეტოქის ფორვარდების შეჩერება, რაც გუნდური თამაშის დამსახურებაა.ეს გამარჯვება გასახდელიდან გამოსვლის შემდეგ უნდა დაივიწყოს ყველა მოთამაშემ და მომავალი შეხვედრისთვის მოვემზადოთ.
 
რუსმა ჟურნალისტებმა ზაზა ფაჩულიას მომავალ მატჩზე დაეკითხნენ და იმით დაინტერესდნენ, მივიდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტი გამარჯვების შემდეგ გუნდთან…
 
„არა აქვს მნიშვნელობა, რუსეთის ნაკრები იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ჩვენ მაინც სრული მობილიზებით ვემზადებით ხვალინდელი მატჩისთვის – განაცხადა ფაჩულიამ – რუსეთს კარგი გუნდი ჰყავს, მაღალი კლასის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ვნახოთ, ვიბრძოლებთ, ვითამაშებთ და ღირსეული გაიმარჯვებას. ჩვენს ქვეყანაში კალათბურთს ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. ჩვენი პრეზიდენტიც გვერდში გვიდგას და გვქომაგობს. ის ქართული კალათბურთისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტებში ყოველთვის ჩვენთანაა და ახლაც გვესტუმრა. საერთოდ, ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა ბელგიასთან მატჩში და მაყურებლის აქტიურობამ ძალიან დიდი მუხტი მოგვცა. მადლობა იმ ათასობით ქართველსა თუ არაქართველს, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში გვერდით გვედგა.  
 

 
 
მატჩის შემდეგ, სანამ გასახდელში შევიდოდნენ, ცინცაძემ და მარკოიშვილმა შემდეგი განაცხადეს:
 
გიორგი ცინცაძე: “თამაშბეზე საოცარი განწყობით გავედით. ამდენი გულშემატკივრის მხარდაჭერამ დამატებითი ძალები შეგვმატა. ბოლო პერიოდში რამდენიმე დასანანი მატჩი დავთმეთ, თუმცა, სწორედ იქ ვიმარჯვეთ, სადაც ეს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა”.
მანუჩარ მარკოიშვილი: “ცხადია, შედეგი ძალიან კარგია, მაგრამ მე ყველაზე მეტად ერთი ფაქტი მახარებს. მგონი, დავამტკიცეთ, რომ ასეთ დონეზე თამაში საქართველოს ნაკრებსაც შეუძლია. ბელგიასთან შარშან ორი მატჩი წავაგეთ, თუმცა, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მათი დამარცხება შეგვეძლო”.