ზაზა ფაჩულია “მილუოკის” 3-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა

ზაზა ფაჩულია “მილუოკის” 3-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა

ზაზა ფაჩულიამ ჯერ კიდევ 3 დღის წინ დაწერა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე, რომ „ატლანტას“ ემშვიდობებოდა, თუმცა რომელ გუნდში გადავიდა, არ დაუკონკრეტებია. ამას ღიად დღსაც ვერავინ გააკეთებს, რადგან თავისუფალ აგენტთა ბაზარი ჯერ არ გახსნილა, თუმცა ანონიმურობაზე დაყრდნობით საქმის მცოდნე პირმა გაახმაურა: ქართველი ცენტრი „მილუოკი ბაქსს“ 3-წლიან და 15-მილიონიან კონტრაქტზე შეუთანხმდა.
 
თავისუფალ აგენტთა გუნდში აყვანა ნბა-ს კლუბებს 10 ივლისიდან შეეძლებათ, მანამდე კი ოფიციალურად ვერც ერთი მხარე ვერ დაადასტურებს ტრანსფერს. ამასობაში ფაჩულიამ იმავე „ფეისბუქზე“ დიდი მადლობა გადაუხადა ატლანტელ ფანებს და მათ თბილი სიტყვებით დაემშვიდობა. 2 დღეც და ქართველი ფორვარდის „მილუოკიში“ გადასვლა სავარაუდოდ ოფიციალურად გამოცხადდება.
 
სანამ „ატლანტაში გადავიდოდა და იქ 8 სეზონს ითამაშებდა, ფაჩულიამ 2004-05 წლების სეზონი „მილუოკიში“ გაატარა, სადაც საშუალოდ 6,2 ქულას და 5,1 მოხსნას აგროვებდა. გასულ აპრილში ფაჩულიამ აქილევსის მყესზე ოპერაცია გაიკეთა და ევროპის ჩემპიონატის სამზადისში მყოფ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამოაკლდა.