ზაზა ფაჩულიას 13-მა ქულამ “ატლანტას” ჩიკაგოში ვერ უშველა

ზაზა ფაჩულიას 13-მა ქულამ “ატლანტას” ჩიკაგოში ვერ უშველა

ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე პლეი ოფში საუკეთესო მატჩი ჩაატარა, თუმცა მისი „ატლანტა“ მაინც დამარცხდა ჩიკაგოში, აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მეხუთე მატჩში. ატლანტელებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულ „ბულსს“, მაგრამ ბოლო წუთებზე მაინც გატყდნენ, 83:95 დამარცხდნენ და სერიაში 2:3 ჩამორჩნენ.
 
მატჩის პირველი მეოთხედი ატლანტელებმა 11 ქულით წააგეს, თუმცა შემდეგ ამოქმედდნენ და მესამე პერიოდის დასრულებამდე 20 წამით ადრე ზაზა ფაჩულიას შორი ორქულიანით 67:66 დაწინაურდნენ. ჩიკაგოელმა ტაჯ გიბსონმა რამდენიმე წამში ორიანი ჩააგდო და შეხვედრის ბოლო შესვენებაზე „ატლანტა“ ერთქულიანი ჩამორჩენით გავიდა.
 

ტაჯ გიბსონი ზაზა ფაჩულიას კინაღამ თავზე დაახტა
 
ბოლო პერიოდშ მასპინძლებმა საბოლოოდ თავისი გაიტანეს, რაც მათი უძვირფასესი მოთამაშის, დერიკ როუზისა და ლუოლ დენგის დამსახურებაა. რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 23 წუთი გაატარა და საკმაოდ პროდუქტიული იყო. ზაზამ 6–დან 5 ორქულიანი და 4–დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 13 ქულა მოაგროვა და ამ შედეგით მოედანზე მყოფ ყველა ცენტრს აჯობა. მის თანაგუნდელებს – ალ ჰორფორდს და ჯეისონ კოლინსს შესაბამისად 12 და 0 ქულა ჰქონდათ. რაც შეეხებათ ჩიკაგოელებს: კარლოს ბუზერმა შეხვედრა 11 ქულით დაასრულა, იოაკიმ ნოას კი ბურთი საერთოდა არ ჩაუგდია.
 
ფაჩულიას 13 ქულასთან ერთად 4 მოხსნა და 1 პასიც ჰქონდა, ბურთი კი არ დაუკარგავს. „ატლანტას“ რომ მოეგო, ქართველი ცენტრის კარგი თამაში  საკადრისად დაფასდებოდა, თუმცა ჯორჯიელება წააგეს და ახლა მხოლოდ მომდევნო მატჩზე არიან ორიენტირებულნი, რომელიც საკუთარ ქალაქში 13 მაისს ელით და რომელში დამარცხების უფლებაც არა აქვთ. თუკი ფაჩულიას გუნდი მომდევნო შეხვედრაში იმარჯვებს, სერიის მეშვიდე, გადამწყვეტი შეხვედრა 15 მაისს ჩიკაგოში გაიმართება.
 

ზაზა ფაჩულია ჩიკაგოელების ფარში ბურთს ტენის