ზაზა ფაჩულიას “ატლანტამ” მორიგი გამარჯვება მოიპოვა

„ატლანტა ჰოუქსმა“ დღეს გამთენიისას მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ჯორჯიელებმა დასავლეთის ერთ–ერთი აუტსაიდერი „საკრამენტო“ სტუმრად 105:100 დაამარცხეს და აღმოსავლეთ კონფერენციაში პოზიციები გაიმყარეს.
წინა მატჩში 12 მოხსნის მომხვეჭმა ფაჩულიამ ამჯერად 5 მოხსნა მიითვალა. ამის მიზეზი ნაკლები სათამაშო დრო იყო. თუკი წინა შეხვედრაში „ლეიკერსთან“ ქართველმა ცენტრმა 27 წუთი ითამაშა, „საკრამენტოსთან“ მხოლოდ 16 წუთი გაიყვანეს მოედანზე. თამაში წაუვიდა ატლანტელტა ცენტრ ალ ჰორფორდს, რომელმაც 18 ქულას და 18 მოხსნას მოუყარა თავი. რაც შეეხება ფაჩულიას მონაგარს, ზაზამ 4–დან 2 ორიანი ჩააგდო, რასაც 2 საჯარიმოც მიაბა და მთლიანობაში 6 ქულა დააგროვა.
ატლანტელები მყარად არიან აღმოსავლეთ კონფერენციის მეოთხე საფეხურზე და უკვე აქედანვე ილესავენ ბრჭყალებს საპლეიფოდ. მომდევნო მატჩს „ქორები“ ხვალ პორტლენდში ჩაატარებენ.