ზაზას 12 მოხსნა: ფაჩულია ვერც “ნიუ იორკის” მეფარეებმა შეაჩერეს

ზაზას 12 მოხსნა: ფაჩულია ვერც “ნიუ იორკის” მეფარეებმა შეაჩერეს

„ატლანტას ჰოუქსის“ მორიგი გამარჯვება და ზაზა ფაჩულიას შედეგიანი გარჯა. ქართველმა ცენტრმა „ნიუ იორკის“ წინააღმდეგ 12 მოხსა მოაგროვა, რაც მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო შედეგია. ზაზას მხოლოდ 5 ქულა ჰქონდა, თუმცა ეს მის გარჯას სრულებით არ აკნინებს: მატჩის მიმოხილვაში პირდაპირ წერია, რომ ფაჩულიამ შეასრულა მეტად მნიშვნელოვანი, ეგრედ წოდებული „შავი სამუშაო“ და ატლანტელთა გამარჯვებაშიც (100:90) მნიშვნელოვანი წილი დაიდო.

ზაზა და ბაირონ დევისი
ზაზა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 34 წუთზე ოდნავ მეტ ხანს იმყოფებოდა. მისმა უშუალო ოპონენტმა – ნიუიორკელმა ტაისონ ჩანდლერმა შეხვედრა 4 ქულით და 9 მოხსნით დაასრულა. „ნიქსს“ ვერ უშველა კარმელო ენტონის 36 ქულამ – ატლანტელებმა მეტოქეს გადამწყვეტ მომენტში დამაჯერებლად აჯობეს. ფაჩულიამ 6-ჯერ შეუტია თამაშიდან და 2 ბურთი ჩააგდო. ამ ორიდან ერთი ორქულიანი ზაზამ ჯარიმის თანხლებით ჩააგდო და პლუს 1 ქულაც მიითვალა. 5 ქულისა და 12 მოხსნის გარდა ქართველ ცენტრს 1 ჩაჭრაც ჰქონდა.
„ატლანტა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მეექვსე ადგილზეა. ფაჩულიას გუნდს 32 მოგების წილ 22 წაგება აქვს. მომდევნო მატჩი ჯორჯიელებს ხვალ ფილადელფიაში ელით.