ზაზა ფაჩულიას აკადემიის 18-წლამდელთა გუნდის წარმატება ევროპის ყველაზე პრესტიჟულ და წარმომადგენლობით ტურნირში. აკადმეიელებმა, რომელთა უმეტესობა საქართველოს ამ ასაკობრივი ნაკრების წევრები არიან, საბერძნეთის ქალაქ პატრასში მიმდინარე ევროლიგის ასაკობრივ გათამაშებაში ბერძნული “ოლიმპიაკოსი” დაამარცხეს – 78:72. ეს გახლავთ ტურნირი სახელწოდებით Adidas Next Generation და თითქმის ყველა ევროპელი კალათბურთელი, რომელიც დღეს ბრწყინავს ჩვენს კონტინენტზე თუ ნბა-ში, თავის დროზე ამ ტურნირში უთამაშია.
ბერძნული გრანდის დამარცხებამდე ქართველებმა ესპანურ „ბარსელონასთან“ ღირსეულად ითამაშეს (64:78) და ისრაელის „მაკაბისთან“ დამარცხდნენ (44:93).
„ბარსასთან“ მატჩში გამოირჩნენ ლუკა ალავიძე (18 ქულა) და გიორგი ოჩხიკიძე (19). „მაკაბისთან“ 10 ქულამდე ვერც ერთმა ჩვენიანმა ვერ მიაღწია, 9 ქულა გიორგი ოჩხიკიძეს ჰქონდა, 8 ქულა და 7 მოხსნა – ლუკა კუჭუხიძეს.
ბერძნულ „ოლიმპიაკოსთან“ გამარჯვებაში ლომის წვლილი ლუკა ალავიძემ შეიტანა, რომელმაც 21 ქულას 9 მოხსნა და 7 პასი მიამატა. მისი შეჩერება პირეოსელებს ძალიან გაუჭირდათ. შედეგად, ლუკამ 18 საჯარიმო სტყორცნა და 15 ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 28-ს მიაღწია.
მატჩები იმართება ქალაქ პატრასში, სადაც ბერძნული უმაღლესი ლიგის გუნდ „პრომითეასში“ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი მუშაობს.
ხვალ, 27 მარტს ზაზა ფაჩულიას სახელობის აკადემიის გუნდი ტურნირზე მე-5 ადგილისთვის ითამაშებს. ჩვენი გუნდის მეტოქე Helsinki Basketball Academy-ის და Patras-ის მატჩი გამოვლინდება. ზაზას აკადემიას დამარცხებული შეხვდება. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 13:15-დან დაიწყება.