ზაზას უქულო და “ატლანტას” საამაყო მატჩი

ზაზა ფაჩულიას გუნდი უკვე ნამდვილად აღარ ხუმრობს. “ატლანტა ჰოუქსმა” ნბა–ს რეგულარულ ჩემპიონატში სადებიუტო 2 მოგების შემდეგ მესამე გამარჯვებაც იზეიმა  და თანაც სად – ნიუ ორლეანში, სადაური “ჰორნეთსიც” გასულ სეზონში კონფერენციის ფინალამდე მივიდა.

“ნეუ ორლეანმა” მიმდინარე სეზონიც მძლავრად დაიწყო. სამიდან სამივე მეტოქეს მოუგო, რომელთაგან გამოსარჩვია “სან ანტონიოსა” და “ფინიქსის” სტუმრად დამარცხება. აი, “ატლანტა” კი ყელში გაეჩხირა და საკუთარ მოედანზე “ქორებთან” 79:87 წააგო.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ატლანტელთა ამ გამარჯვებაში მოკრძალებული წილი უდევს ქართველ ცენტრს. ფაჩულიამ 16 წუთი ითამაშა, სამიდან სამივე ორიანი ააცილა და მოედანი უქულოდ დატოვა. მის ანგარიშზე მხოლოდ 4 მოხსნა დაგროვდა.
მომდევნო მატჩს ატლანტელები შინ “ტორონტოსთან” ხვალ გამართავენ.