სუპერლიგის მე-4 ტური ზესტაფონში დაიწყო. აღნიშნული ტური იმით არის საინტერესო, რომ ხუთი მატჩი 5 ქალაქში იმართება. ზესტაფონში რომ დაიწყო და მე-4 ური შაბათს ტყიბულსა და ზესტაფონში გაგრძელდება, ხოლო კვირას დარჩენილი 2 მატჩი თბილისსა და რუსთავში გაიმართება.
ზესტაფონში კიდევ ერთი რეგიონის გუნდი – გურჯაანის დელტა ჩავიდა. გურჯაანელები რუსთავთან და რაშთან ერთად იმ გუნდების სამეულს ავსებს, რომლებსაც სუპერლიგის მიმდინარე სეზონში გამარჯვება ჯერ ვერ მოუპოვებიათ. რაც შეეხება ზესტაფონურ გუნდს, მარგვეთმა პირველი გამარჯვება წინა, მესამე ტურში რაშთან მოიპოვა.
ზესტაფონში გამართული მატცი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რომლის ბედიც ბოლო წუთზე გადაწყდა. დელტამ ახალი ლეგიონერი, შამარკუს კენედი დაიმატა, რომელიც გურჯაანის გუნდში საუკეთესო იყო. მისი დიდი დამსახურებით დელტამ მეორე პერიოდი 23:17 მოიგო და დიდ შესვენებაზე სტუმრები 47:42 იგებდნენ. ზესტაფონელებმა მესამე პერიოდში თამაში გამოაკეთეს და მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს. შედეგად მარგვეთმა ათწუთეული 29:18 მოიგო და ბოლო პერიოდის წინ 6 ქულით გალიდერდა.
გადამწყვეტი აღმოჩნდა ბოლო წუთი, მანამდე კი დელტა მარგვეთს კუდში მისდევდა და სიტუაცია მაქსიმალურად მაშინ დაიძაბა, როცა რეზო როგავამ დასრულებამდე 1 წუთით ადრე სამქულიანით გურჯაანელთა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. როგავას დელტას დაწინაურების შანსიც მიეცა, მაგრამ ორქულიანი ააცილა. სტუმრებმა ტაქტიკური ჯარიმა აიღეს, დიჯეი დევისმა კი ორივე ჩააგდო და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 91:88 (სტატისტიკა). ზესტაფონმა მეორე გამარჯვება მოიპოვა და სანამ სხვები ამ ტურის მატჩებს ითამაშებენ, პირველ ადგილზეა.
მარგვეთს ჯეილენ ჰილმა 31 ქულითა და 10 მოხსნით ულიდერა. 14 ქულა დალტონ ბენქსმა მიითვალა, სანდრო სანაძის ანგარიშზე 11 ქულა და 5 პასი დაგროვდა. დელტაში 14 ქულით, 9 მოხსნით და 5 პასით შამარკუს კენედი გამოირჩა, რევაზ როგავა კი 19 ქულით ბომბარდირი გახდა.
სუპერლიგის მე4 ტურის 2 მატჩი შაბათს გაიმართება: ორბი რაშს ტყიბულში უმასპინძლებს. ქუთაისი კი თსუ-ს დაუხვდება.