ჟელკო ობრადოვიჩი: შერმადინს შანსს მივცემ

დიდი ხანი არაა, რაც საქართველოს ნაკრების 19 წლის ცენტრმა გიორგი შერმადინმა  ბერძნულ “პანათინაიკოსთან” 4–წლიანი კონტრაქტი გააფორმა. შერმადინი თავიდან გასასინჯად იყო ჩასული ათენში, რის შემდეგაც ბერძნულმა გრანდმა ის გუნდში დაიტოვა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციისგან გათავისუფლების ფურცელიც გამოითხოვა. ეს საბუთი “პანათინაიკოსს” იმისთვის სჭირდებოდა, რომ ქართველი ცენტრი განაცხადში შეეყვანა და აი, გიორგი შერმადინს უკვე აღარაფერი უშლის ხელს მოედანზე გასვლაში. ის უტიტულოვანესი მწვრთნელის, ჟელკო ობრადოვიჩის განკარგულებაშია და ნებისმიერ მატჩში უნდა ველოდოთ მის დებიუტს. როდის ითამაშებს გიორგი, ეს მხოლოდ მწვრთნელის გადასაწყვეტია და როგორც ობრადოვიჩის სიტყვებიდან ჩანს, ეს ალბათ მალე მოხდება. გთავაზობთ იმ ინტერვიუს ნაწილს, რომელიც ევროპულ პრესაში გამოქვეყნდა და სადაც ჟელკო ობრადოვიჩი გიორგი შერმადინზე ლაპარაკობს.
 
         
 
“პანათინაიკოსოს” მწვრთნელს ჟურნალისტი ეკითხება, თუ რატომ არ აიყვანა გუნდში ცნობილი პუერტორიკოელი ცენტრი, ერთ დროს ნბა–ში ნათამაშევი დანიელ სანტიაგო და რატომ ანაცვალა მას გიორგი შერმადინი. ობრადოვიჩი პასუხობს:
“პარტიზანიდან” ნიკოლა პეკოვიჩი დავიმატეთ. როგორ ფიქრობთ, მასზე უკეთესი ვინ უნდა აგვეყვანა? დანიელ სანტიაგო მაღალი დონის ცენტრია და მისი დამატების შემდეგ სათადარიგოთა სკამზე იგი უნდა დამესვა თუ პეკოვიჩი? როცა სანტიაგოს დარ გამოცდილ კალათბურთელს იმატებ, უნდა ათამაშო კიდეც. სხვა ვითარებაა ახალგაზრდის შემატების სემთხვევაში. სწორედ ამიტომ გავაფორმეთ კონტრაქტი ახალგაზრდა ქართველ ცენტრ გიორგი შერმადინთან. მან დაგვანახა, რომ ნამდვილად ნიჭიერია და შრომა არ ეზარება. შერმადინი ინდივიდუალურადაც თავდაუზოგავად შრომობს. მას დამატებით მეორე მწვრთნელი დიმიტრის პეგიუდისი წვრთნის. გიორგის ვითხარი – თუ რამის მიღწევა გინდა, ვარჯიშში დიდი დრო უნდა დახარჯო-მეთქი. ეს ჩვეულებრივი ამბავია. სასიამოვნოა, რომ თავად კალათბურთელსაც ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ბევრი ვარჯიში. ჩემი მხრივ, ვაპირებ შერმადინისთვის შანსის მიცემას. როგორ გამოიყენებს, მასზეა დამოკიდებული. ერთადერთი პრობლემა ენის ბარიერია. შერმადინს ინგლისური სიტყვებიდან ზოგი არ ესმის. მართალია, არის მისი თანმხლები მეორე ქართველი (მენეჯერი ლევან მიქელაძე), რომელიც თარჯიმნის როლს ასრულებს, მაგრამ აუცილებელია უშუალოდ კალათბურთელს ესმოდეს ჩემი. გიორგი ნიჭიერია, ყველაფერს სწრაფად ითვისებს და ვიმედოვნებ, რომ ენის პრობლემა მალე აღარ იარსებებს.”