ჟურნალისტური ექსკურსია კლაიპედაში

ჟურნალისტური ექსკურსია კლაიპედაში

წერილი მეოთხე – 2 სექტემბერი
2 სექტემბერი D ჯგუფში გამოსასვლელი დღე იყო. ევროგანრიგის თანახმად მატჩები არ იმართებოდა და კლაიპედაში საკალათბურთო მიზეზით ჩამოსულ ადამიანებსაც განტვირთვის საშუალება მიეცათ. ეს წინადადება, რა თქმა უნდა, კალათბურთელებზე არ ვრცელდება – საქართველოს ნაკრებმა არ ითამაშა, თორემ ჩვეულებრივ ივარჯიშა და სლოვენიასთან მატჩისთვის მოემზადა.

კლაიპედაში ჩასულ გულშემატკივარს კი განტვირთვის, ქალაქისა თუ ქვეყნის დათვალიერების საშუალება მიეცა. ვეჭვობ, ვინმეს ისე კარგად მოეხერხებინოს კლაიპედის გაცნობა, როგორც ეს ჟურნალისტებმა მოახერხეს. ევრობასკეტის საორგანიზაციო კომიტეტმა სპეციალური ტური დანიშნა და ავტობუსებიც გამოჰყო მედიის წარმომადგენლებისთვის.

თქვენ ალბათ ნაკლებად გაინტერესებთ,  თუ რამდენი სტუდენტი სწავლობს კლაიპედას უნივერსიტეტში, ანაც რატომ გათხარეს ქალაქში ხელოვნული მდინარის კალაპოტი, ანაც როდის იყო მაშტაბური ხანძარი. კლაიპედას ისტორია, ისევე როგორც სხვა ქალაქების ისტორია დახუნძლულია საინტერესო ფაქტებითა თუ მოვლენებით.

რუსები სჭარბობდნენ. ჩვენი მეზობლები ექსკურსიაზე პატრიარქი ჟურნალისტის, ალექსანდრ გომელსკის მეთაურობით იმყოფებოდნენ. სანამ ქალაქში გავისეირნებდით, ორგანიზატორებმა კლაიპედას პორტში მიგვიყვანეს, სადაც ყველამ იხილა საქართველოს ნაკრების ფორმაში გამოსახული ბავშვის სკუპტურა. ჟურნალისტები ძალიან დაინტერესდნენ იმით, თუ რატომ ეცვა პორტში მდგომ სკულპტურას ხუთჯვაროვანი მაისური და პასუხი რომ ვერ მიიღეს, მიხვდნენ, რომ ეს ქართველების მოხერხებულობის შედეგი გახლდათ. რუსმა და არა მხოლოდ რუსმა ჟურნალისტებმა მრავალი ფოტო გადაუღეს და თავადაც გადაიღეს ქართულ ფორმაში გამოწყობილ ბიჭუნასთან

 ქალაქში გასეირნებისას იმ მოედანზე გავიარეთ, სადაც D ჯგუფის მონაწილე ქვეყნების კუთხეებია განლაგებული. ბელგიის, ბულგარეთის, უკრაინის, სლოვენიის, რუსეთის და საქართველოს წარმომადგენლებს საკუთარი, ეროვნული ნაწარმისა თუ ატრიბუტების გამოფენა მოუწყვიათ და მსურველებს თავიანთ საქონელს – დროშებს, ბუკლეტებს, ტკბილეულს თუ გასაგრილებელ სასმელს ურიგებენ.

საქართველოს კუთხემ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. ჟურნალისტებმა უხვად მიირთვეს „ბორჯომი“, „ნატახტარის“ ლიმონათი, თხილი, ასევე გაეცნენ ქართული კულტურის ნაკეთობებს, მიიღეს ბროშურები.

ძველ ქალაქში გასეირნებისას საინტერესო იყო ალესქანდრ გომელსკის ხუმრობა. „პედას“ – ლიტვურად ტერფს, ნაკვალევს ნიშნავს და ისტორიული ფაქტის თანახმად გოლიათი ლიტველი წინაპრების ნაკვალევზე აღმოცენდა ეს მშვენიერი ქალაქი. ამასთან დაკავშირებით არსებობს სიმბოლური ადგილი, სადაც მოზრდილი ნაკვალევია გამოსახული. გომელსკიმ საკუთრი ფეხი დააზომა იმ ნაკვალევს და თქვა: ეს საბონისის ნაკვალევიაო.

შემდეგ იყო არაერთი ისტორიული ფაქტებით დატვირთული ქუჩისა თუ შენობის მონახულება, რის მერეც ორგანიზატორებმა ფრიდრიხ პასაჟის ქუჩასთან შეგვაჩერეს. დასაწყისში გამოფენილმა ხუთჯვაროვანმა დროშამ და იმ ინფორმაციამ, რომ ქუჩაზე მთლიანად ქართული რესტორან–ბარებია, რუსი ჟურნალისტები ძალიან დააინტერესა. თუმცა პასაჟზე შესვლა და დაწვრილებით იქაურობის დათვალიერება მხოლოდ უკრაინელებმა ისურვეს.

კლაიპედას დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტების ავტობუსმა შორიახლოს მდებარე მომცრო ქალაქ პალანგისკენ აიღო გეზი. იქ ორგანიზატორებმა საოცრად ლამაზი და სასიამოვნო დასასვენებელი ადგილები გვიჩვენეს, რის შემდეგაც ერთ–ერთ რესტორანში ექსკურსია ვახშმითა და გასართობი პროგრამით დასრულდა.

ერთდღიანი დასვენების შემდეგ D ჯგუფში თამაშები 3 სექტემბრიდან განახლდება. საქართველოს ნაკრებს ჩემპიონატის ერთ–ერთი ფავორიტი სლოვენია ეთამაშება.

ფრიდრიხ პასაჟის ქუჩა

ფრიდრიხ პასაჟის ქუჩა

რუსი ჟურნალისტები ქართული ნაწარმით ძალიან დაინტერესდნენ

D ჯგუფის მონაწილე გუნდების ეროვნული კუთხეები