ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მოიგო. ლექსო ლაფანაშვილისა და ნიკა მსხალაიას გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირის ფინალში “ქუთაისი 2010” დამატებით დროში – 102:95 (სტატისტიკა) დაამარცხა და აღნიშნული ოლიმპიური ჩემპიონების თასი მეორედ მოიგო. პირველად თსუ-მ აღნიშნული ტიტული 2019 წელს მოიგო, როცა გუნდი თსუ-ჰიუნდაის სახელით გამოდიოდა. 6 წლის წინანდელ ფინალში უნივერსიტეტელებმა “დელტას” სძლიეს, რომელსაც თსუ-ს ამჟამინდელი მწვრთნელი, ლექსო ლაფანაშვილი წვრთნიდა.
სწორედ საკანდელიძე-ქორქიას თასი გახლდათ ერთადერთი ტიტული, რომელიც ლექსო ლაფანაშვილს მწვრთნელის ამპლუაში რომ არ ჰქონდა მოგებული. “ქუთაისის” დამარცხების შემდეგ, მან მოგებული ქართული ტიტულების სია ბოლომდე შეავსო. უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა ტურნირის (სუპერლიგა, დუდუ დადიანის მემორიალი, საქართველოს თასი, ქორქია-საკანდელიძის მემორიალი) თსუ-ს ქუთაისისთვის ბოლო 2 სეზონში მოგებული არ ჰქონდა. უნივერსიტეტელებმა ნავსი გატეხეს და უხერხული მეტოქე ერთობ პრინციპულ დაპირისპირებაში – მემორიალის სატიტულო მატჩში დაამარცხეს.
მატჩის ბედი დამატებით 5-წუთეულში, ანუ ოვერტაიმში გადაწყდა. თსუ მოგებასთან ძირითად დროშიც ახლოს იყო, თუმცა საფინალო სირენის თანხლებით ელაია ჯოინერმა გამთანაბრებელი 2-ქულიანი ჩააგდო და თამაში ოვერტაიმში გადაიზარდა – 85:85. თსუ ბოლო წუთზე 4 ქულით იგებდა, რაც გიორგი ცინცაძის დიდოსტატური თამაშის შედეგი იყო.
ქუთაისელთა ლიდერმა გიორგი კორსანტიამ ძირითადი დროის ამოწურვამდე 15 წამით ადრე ორქულიანით ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა, რის შემდეგაც იმერული კლუბის წევრებმა პრესინგს მიმართეს. ერთ მიძალებაზე ბურთის ჩაჭრა რომ არ გამოუვიდათ, ტაქტიკური ჯარიმა აიღეს და სირენამდე 7 წამით ადრე საჯარიმოს ხაზზე ოთარ ფხაკაძე დადგა, რომელმაც ორივე სროლა ააცილა და … ქუთაისელთა ამერიკელმა ლეგიონერმა ელაია ჯოინერმა სოლო-რეიდით საფინალო სირენის თანხლებით გამთანაბრებელი ბურთი ჩააგდო.
შესაბამისად, სირენა არ აღმოჩნდა საფინალო, რადგან ფრე დაფიქსირდა და დაინიშნა დამატებითი 5 წუთი, რომელიც ქუთაისელებმა 4 უპასუხო ქულით გახსნეს და თსუ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. უნივერსიტეტელები გადაარჩინა ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა, რომელმაც ზედიზედ 2 სამქულიანი ჩააგდო, რის შემდეგაც თანაგუნდელის აცილებული მოხსნა და ფარქვეშიდან ჩააგდო. ზედიზედ მითვლილი 8 ქულით გაფრინდაშვილმა ქუთაისელები წასაგებად გაწირა, რაც მისი და მთლიანად თსუ-ს მიზანი იყო.
გაფრინდაშვილი დამსახურებულად გახდა ტურნირის საუკეთესო უკანახაზელი და დაჯილდოების ცერემონიალისას შესაბამისი პრიზი ზურაბ საკანდელიძის მოსახელე შვილიშვილისგან ჩაიბარა. საუკეთესო ფორვარდი გახდა ალექსანდრე ფევაძე, რომელმაც მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მთელი თამაშის მანძილზე ის მოსვენებას არ აძლევდა ქუთაისელთა დაცვას და საბოლოო ჯამში 35 ქულა ჩაუგდო. ფევაძეს საუკეთესო ფორვარდის პრიზი კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა გადასცა.
საჩემპიონო თასი თსუ-ს კაპიტან გიორგი ცინცაძეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ, პაატა გურასპაულმა გადასცა.