ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის მე-20 გათამაშება დაიწყო

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის მე-20 გათამაშება დაიწყო

ოლიმპიური ჩემპიონების, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირის მე-20 გათამაშება დღეს, დიღმის არენაზე დაიწყო. ბათუმისა და კავკასიის გარდა ტურნირში სუპერლიგის 9 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 3 ჯგუფში არიან განაწილებულნი. შესაბამისად, თითოეული გუნდი ჯგუფურ ეტაპზე 2 მატჩს ჩაატარებს და ნახევარფინალში 4 საუკეთესო გავა: ჯგუფების გამარჯვებულები, პლუს საუკეთესო მეორეადგილოსანი.

B ჯგუფი | ამრა (გაგრა) vs რაში (თბილისი)
სტატისტიკა: 75:72

მატჩის ბედი ბოლოსწინა წამზე გადაწყდა. მალიკ ტიდველმა ორქულიანი საშუალო მანძილიდან, თუმცა პირით ხაზთან ახლოდან ჩააგდო, თან ისე, რომ მეტოქე მასზე დაჯარიმდა. ამ ბურთით გაგრის ამრა 74:72 დაწინაურდა და რაკი მატჩის გმირ ტიდველს ბონუს-საჯარიმოც უნდა შეესრულებინა და მატჩის დასრულებამდე 1.5 წამი იყო, ყველაფერს წერტილი დაესვა. წერტილი ტიდვემა დასვა ზუსტი საჯარიმოთი, ხოლო გარეტ ჰიკსის განწირული შორი სროლა ფარში არ ჩაეშვა.

არავის გაუკვირდებოდა, ჰიკსს ცენტრიდან რომ ჩაეგდო, იმდენად კარგი მსროლელია. მისი დიდი დამსახურებაა, ბოლო პერიოდში 10 ქულით ჩამორჩენილმა “რაშმა” თამაშის მოგების შანსი რომ მოიპოვა. მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ანგარისის გათანაბრება შეძლო და ბოლო წუთზე წინ გასვლაც შეეძლო, თუმცა ხსენებულმა ჰიკსმა საკვანძო სამქულიანი დასრულებამდე 10 წამით ადრე ვერ ჩააგდო და გაგრელებს ბოლო შეტევა დარჩათ, რომელიც ტიდველის მეოხებით ჩინებულად გამოიყენეს.

B ჯგუფის მესამე მონაწილე ქუთაისია, რომელიც ისვენებდა და 10 იანვარს “რაშს” დაუპირისპირდება. 

A ჯგუფი | თსუ vs დელტა გურჯაანი
სტატისტიკა: 110:76

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა გურჯაანის “დელტას” სრულფასოვანი რევანში აუღო. სწორედ კახური გუნდი გახლდათ, თსუ-ს მიმდინარე სუპერლიგაში (8 გამარჯვების შემდეგ) პირველი მარცხი რომ აგემა. ეს გუნდები ერთმანეთს მალევე შეხვდნენ, საკანდელიძე-ქორქიას მემორიალზე და ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა “დელტას” შანსი არ დაუტოვა.

მატჩის ბედი პირველი ნახევრის შემდეგ გადაწყვეტილი იყო. თსუ-მ ტაიმი 25 ქულის სხვაობით – 56:31 მოიგო და გურჯაანელები წასაგებად გაწირა. თსუ სრულად იყენებდა საკუთარ რესურსს – იქნებოდა ეს პასები, შორი სროლები, სწრაფი გარღვევები თუ სამწამიანი ზონიდან შეტევები. უნივერსიტეტელებს ყველაფერი გამოსდიოდათ და შედეგიც ტაბლოზე აისახა.

თსუ მოხსნებში დაიჩაგრა, თუმცა ეს ის შემთხვევა იყო, როცა ეს კომპონენტი ბევრს არაფერს წყვეტდა. მიზეზი მარტივი იყო – თსუ სროლათა 2/3-ზე მეტს აგდებდა და მოხსნებისთვის საბრძოლიც ბევრი არაფერი ჰქონია. უბრალოდ რომ შევადაროთ, თსუ-ს მეტოქის ფარზე მხოლოდ 2 მოხსნა ჰქონდა, ხოლო დელტამ თსუ-ს ფარზე 13 ბურთი მოხსნა. ეს იმიტომ, რომ გურჯაანელები ბევრ სროლას აცილებდნენ და ფარიდან ასხლეტილი ბურთებიც ლაწა-ლუწით იფანტებოდა უნივერსიტეტელთა პერიმეტრის შიდა ტერიტორიაზე, რომლებიც ხშირად დელტას მოთამაშეების ნადავლი ხდებოდა. თუმცა კალათბურთში ბურთის მოხსნაზე მნიშვნელოვანი მისი კალათში მოთავსებაა და თსუ-ელები ამ კომპონენტში ასე ირჯებოდნენ: 21-დან 16 ორქულიანი (76%) და 44-დან 23  სამქულიანი (52%). გურჯაანელთა სამქულიანების პროცენტულობა მხოლოდ 25-ს (24-დან 6) შეადგენდა და ამით ყველაფერი ნათქვამია.

ცალკე სათქმელია თსუ-ს მოთამაშეთა ჯამში ჩაგდებულ 23 სამქულიანზე, რომელიც საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის ყველა დროის რეკორდია. შესადარებლად მოვიყვანოთ სუპერლიგის მიმდინარე სეზონი, რომელშიც ერთ მატჩში ჩაგდებული სამქულიანების ყველაზე მეტი რაოდენობა 16 შეადგენს და ის კავკასიას ეკუთვნის.

ამ ჯგუფის მესამე მონაწილე ზესტაფონის “მარგვეთია”, რომელიც 10 იანვარს “დელტას” შეხვდება, თსუ კი დაისვენებს და 11 იანვარს ჯგუფიდან გასასვლელად ზესტაფონელებს დაუპირისპირდება.

C ჯგუფი | ორბი (ტყიბული) vs ვსა (თბილისი)
სტატისტიკა: 65:85

დავით ნოზაძის გაწვრთნილი ვსა წარმატებულ სვლას განაგრძობს. გუნდი სუპერლიგაში მე-2 ადგილზეა, საკანდელიძე-ქორქიას მემორიალი კი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. აქვე აღვნიშნოთ, რომ ვსა-მ მოიგო მიმდინარე სეზონის პირველი ტურნირი – დუდუ დადიანის მემორიალიც. 

რაც შეეხება ვსა-ს მეტოქე “ორბს”, ტყიბულის გუნდი სუპერლიგაში ბოლო ადგილზეა და დღევანდელი მარცხით ფაქტობრივად შანსი დაკარგა ჯგუფიდან გასვლის. ორბი როტაციის პროცესშია და სუპერლიგის მეორე წრისთვის სოლიდური ლეგიონერების შემატებას გეგმავს. გუნდს აშკარად სჭირდება გაძლიერება, რაც დღევანდელ მატჩშიც გამოჩნდა. ვსა-მ ისე სძლია ტყიბულელებს, წარმატების შანსი არ მიუცია. 

ამ ჯგუფში მესამე გუნდი გორის “ივერიონია”, რომელიც 10 იანვარს “ორბს” დაუპირისპირდება.