ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირი ქუთაისელებმა მოიგეს

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირი ქუთაისელებმა მოიგეს

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირის გამარჯვებული გახდა საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010”. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა ოლიმპიური ჩემპიონების მშობლიურ ქალაქ ქუთაისში თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ მოახერხა “ვერას” წინააღმდეგობის დაძლევა და დამაჯერებელი გამარჯვებით სასიქადულო ქართველი კალათბურთელების მემორიალური თასი მოიპოვა. 

ქუთაისელები, რომლებსაც აღნიშნული ტიტული ისტორიაში სამჯერ – 2016, 2017 და 2018 წლებში მიჯრით აქვთ მოგებული, ოლიმპიური ჩემპიონების თასს სამწლიანი პაუზის შემდეგ შესწვდნენ. არადა, ტრადიციის მიხედვით, მემორიალური ტურნირის ფინალური მატჩები ქუთაისში ტარდება და ამ ქალაქის ამბიციური გუნდი ბოლო წლებში სატიტულო მატჩში მონაწილეობას ვერ ახერხებდა.

“ქუთაისმა” მიმდინარე სეზონი მძლავრად დაიწყო და უკვე მოასწრო ერთი ტიტულის – დუდუ დადიანის თასის მოგება. დღეს კი ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა მეორე ტიტულიც მოიპოვა, რაც იმერული კლუბის სოლიდური წარმატებაა. დღევანდელ ფინალში ქუთაისელთა მოცილე მოკლე ისტორიის მქონე კლუბი “ვერა” გახლდათ, რომელსაც ახალი, ახალგაზრდა მწვრთნელი ჰყავს – ლევან ფაცაცია. ის, რომ ვერელები ფინალში გავიდნენ, ამ კლუბის წევრებისთვის უკვე დიდი წარმატება გახლდათ, რადგან ფაცაციას გუნდმა გზიდან სუპერლიგის ლიდერი “რუსთავი”, “ტიტები” და “კაკტუსი” ჩამოიშორა. 

ფინალურ მატჩში ვერელებს ძალები აღარ ეყოთ. არადა, ფაცაციას გუნდმა თამაში ყოჩაღად დაიწყო და პირველ ნახევარში მასპინძლებს ტოლს არ უდებდა. პირველი პერიოდი ქუთაისელებმა ქულით – 19:18 მოიგეს და ასე თანაბრად გაგრძელდა თამაში მეორე ათწუთეულშიც. ვერელთა ლეგიონერები – ჯოშ ჰავლი და აარონ პარკსი შედეგიანად აგვირგვინებდნენ ქართველი თანაგუნდელების – გივი ბაქრაძის, ლუკა მაზიაშვილის, გიორგი ვახანიას წამოწყებულ შეტევებს. თბილისელთა მესამე და ყველაზე აგრესიული ლეგიონერი, ბრაის სკოტი შეხვედრის მე-6 წუთზე მოედნიდან რომ გავიდა, თამაშში აღარ დაბრუნებულა. მის გარეშე ვერელებმა პირველი ნახევარი გაძლეს და მეორეში ქუთაისელთა მიძალება ვეღარ შეაჩერეს.

“ქუთაისმა” მესამე პერიოდიდან მეთოდურად იწყო თამაშის სადავეების მოპოვება, რაც დისციპლინისა და დაბალანსებული მოქმედებების შედეგად გამოუვიდა. ფარქვეშ აკაკი დვალიშვილმა და ილია ლონდარიძემ მოიკიდეს ფეხი, შუა ხაზში გიორგი ბარბაქაძე აქტიურობდა, ხოლო ყველაზე საპასუხისმგებლო და შრომატევად, უკანა ხაზის პოზიციებზე კაჰიმ რენსომი, დე ჟუან რაითი და ჟოელ ალმეიდა იყოჩაღობდნენ. ამ კალათბურთელების გამოცდილებამ და კლასმა თავისი ქნა. მესამე პერიოდი ქუთაისელებმა 26:9 მოიგეს, რითაც ბოლო პერიოდს ფაქტობრივად აზრი დაუკარგეს – 65:44.

შეხვედრა ისე ჩამთავრდა, ვითარება არ დაძაბულა. ქუთაისელებმა თამაში გამარჯვებამდე იოლად მიიყვანეს და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირებით – 88:67 (სტატისტიკა) – ოლიმპიური ჩემპიონების სახელობის თასს სამწლიანი პაუზის შემდეგ დაეპატრონნენ. გამარჯვებულთაგან 18 ქულით ბომბარდირი დეჟან რაითი გახდა, რომელმაც ასევე 10 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. 16 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი 11-დან 11-ივე საჯარიმოს ჩამგდებმა ჟოელ ალმეიდამ დააგროვა. 15 ქულა კაჰიმ რენსომმა მიითვალა, ხოლო 10-10 ქულა-მოხსნა ანგარიშზე აკაკი დვალიშვილმა ჩაიწერა. “ვერაში” 16 ქულით ბომბარდირი აარონ პარკსი გახდა, ჯოშუა ჰავლიმ შეხვედრა 14 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა. 

მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც საუკეთესოები გამოარჩიეს. ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ქუთაიელთა ამერიკელი ლეგიონერი დეჟან რაითი, ხოლო ილია ლონდარიძემ ტურნირის საუკეთესო ფორვარდის პრიზი დაიმსახურა. პრიზიორები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა – ზვიად კოტრიკაძემ და ალეკო პეტრიაშვილმა დააჯილდოვეს. მემორლიალის საუკეთესო უკანახაზელი გახდა ვერელთა გამთამაშებელი – გივი ბაქრაძე. 

ოლიმპიური ჩემპიონების წლევანდელი გათამაშება მათი სახელობის თასის გადაცემით დასრულდა. საკანდელიძე-ქორქიას თასი ქუთაისელთა კაპიტან გიორგი ბარბაქაძეს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა გადასცეს.