ALL STAR 2015 – საკალათბურთო შოუ თბილისი მოლში
საკალათბურთო სუპერლიგის 2015 წლის „ოლ სტარი“ საინტერესო და სიურპრიზებით აღსავსე გამოდგა. ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციას „თბილისი
მოლმა“ უმასპინძლა და ღონისძიებაში სხვადასხვა სახით ყველა თაობის კალთბურთელი ჩაერთო.
შოუს ელფერი შემატა გარემო – დღეს, „თბილისი მოლში“ მისული მოქალაქეები გაოცებულები ჩერდებოდნენ და თვალს ადევნებდნენ საკალათბურთო სანახაობას,
რომელშიც სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშეები, სნაიპერები და ეფექტური გდებების ოსტატები იყვნენ ჩართულები.
სპორტულ მხარეზე არანაკლებ მიმზიდველი იყო ის ეფექტური ნომრები, რომლებითაც ყველა ვარსკვლავის მატჩი იყო გაფორმებული. მაყურებელთა წინაშე
წარსდგნენ ვახტანგ ჭაბუკიანის საბალეტო დასის გოგონები ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით, შოუ-ბალეტი „ვერნისაჟი“ და ჯგუფი „ჰეფი ჰენდი“. თამაში ჯგუფ „ფართ ენიმალის“ მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა, ხოლო ღონისძიების დაწყებამდე „თბილისი მოლში“ შეკრებილებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი აჩიკო ნიჟარაძის შესრულებით მოისმინეს.
ერთმანეთს თბილისისა და რეგიონის გუნდები შეხვდნენ. ერთ მხარეს „შსს-აკადემიის“, „დინამოს“, „ოლიმპის“ და „მგზავრები-არმიას“ კალათბურთელები
იყვნენ, ხოლო რეგიონის გუნდში თავი „ქუთაისის“, „ბათუმის“, „რუსთავისა“ და „სოხუმის“ კალათბურთელებმა მოიყარე. სასტარტო ხუთეულები გამოკითხვის შედეგად შეირჩა, რომელიც
სუპერლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 15-28 იანვარს მიმდინარეიბდა.
გუნდების დანარჩენი წევრები მწვრთნელებმა შეარჩიეს. თბილისის გუნდის მწვრთნელები ირაკლი ხოშტარია და კოტე ტუღუში იყვნენ, ხოლო რეგიონის
გუნდს მიხელ ბერუაშვილი მალხაზ კოხრეიძე ხელმძღვანელობდნენ.
მატჩში დაცვა თითქმის არ ყოფილა. როგორც „ოლ სტარის“ სპეციფიკას მოითხოვს, თამაშის მონაწილენი სანახაობაზე იყვნენ ორიენტირებულნი. შესაბამისად,
მაყურებლებმა ლამაზი შოუ იხილეს. შეხვედრა რეგიონის გუნდის გამარჯვებით – 133:122 დასრულდა.
სიურპრიზები
პირველად, „ოლ სტარის“ ისტორიაში, მატჩი იმპროვიზირებული იყო. მასში პერიოდულად სხვადასხვა თაობის ვეტერანი კალათბურთელები იყვნენ ჩართულნი.
თავდაპირველად, შუა მატჩის მსვლელობისას მოედანზე თბილისის გუნდის მწვრთნელი კოტე ტუღუში ვიხილეთ, რომელიც მოედანზე საკუთარი
გუნდის დასახმარებლად შევიდა. ამის საპასუხოდ, რეგიონის გუნდს საკუთარი კლასი დ გამოცდილება დაახმარა ვლადიმერ ბოისამ. ახლო წარსულში
ორივე კალათბურთელი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი იყო. ახლა ისინი კალათბურთში მოღვაწეობას სხვა სახით აგრძელებენ:
ტუღუში წარმატებული მწვრთნელია, ბოისა კი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.
მეორე სიურპრიზით დასრულდა ყველა ვარსკვლავის მატჩი. მოედანზე ვეტერანი კალათბურთელები – ყველასთვის კარგად ნაცნობი სახეები: გივი ბიჭიაშვილი, გია სანაძე, პაატა გურასპაული, კახა შენგელია და ნოდარ ქორქია წარსდგნენ, რომლებიც მოედანზე ჩამორჩენილი რეგიონის გუნდის დასახმარებლად შევიდნენ. ბოლო 4 წუთში
ვეტერანებმა გაქცევა მოუწყეს თბილისელებს და მატჩიც რეგიონის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ამ შედეგს, რა თქმა უნდა, სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა და საბოლოოდ გამარჯვებული კალათბურთი გამოვიდა, რომელიც ვეტერანმა და თანამედროვე კალათბურთელებმა საუკეთესო კუთხით წარმოუდგინეს გულშემატკივრებს.
სამქულიანების კონკურსი
ტურნირში მონაწილეობა მიმდინარე სუპერლიგის საუკეთესო 6-მა სამქულიანების მსროლელმა (გიორგი ბარბაქაძე, ნიკ კელოგი, აკაკი ლომოური, ლუკა ზაქრაძე, ბესო ლეჟავა, ლევან ცეკვავა) და შარშანდელმა გამარჯვებულმა გრიგოლ შვანგირაძემ მიიღეს.
მოთამაშეებმა პერიმეტრის 5 წერტილიდან 5-5 ბურთი ისროლეს. ფინალში 3 მათგანი – შვანგირაძე, ბარბაქაძე და ლომოური გავიდა. კონკურსის გამარჯვებული
შსს აკადემიის წევრი აკაკი ლომოური გახდა.
ჩატენვების კონკურსი
ეფექტური გდებების კონკურსში 4 კალათბურთელი მონაწილეობდა – გეგი ბაქრაძე, გიორგი ბარბაქაძე, აკაკი დვალიშვილი და ბიჯეი იანგი. ჟიურის წევრები ის ვეტერანი კალათბურთელები გახლდნენ, რომლებიც მაყურებელმა მოედანზე იხილა – გივი ბიჭიაშვილი, გია სანაძე, პაატა გურასპაული, კახა
შენგელია და ნოდარ ქორქია.
გაიმარჯვა ამერიკელმა ბიჯეი იანგმა, რომელმაც მაყურებლებს მართლაც რომ ეფექტურად ჩატენილი ბურთები უჩვენა. აღსანიშნავია ფინალში დამარცხებული გიორგი ბარბაქაძის შესრულებაც, რომელსაც ტრიუმფამდე სულ მცირედი დააკლდა.
სტუმრები
ქართული ოლ სტარის საყურებლად „თბილისი მოლში“ არაერთი ცნობილი და პატივსაცემი პერსონა მოვიდა. თბილისში სამუშაო ვიზიტით ჩამოსულმა იგორ კოკოშკოვმა გარკვეულწილად შოუშიც მიიღო მონაწილეობა. ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მატჩის ბოლოს მოედანზე შესულ ვეტერანებს სიმბოლურად უთავკაცა და ადგილი რეგიონის გუნდის სათადარიგოთა სკამის თავში დაიკავა. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციას დაესწრნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და ძალოსნობაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი.
ახალი თაობა
მატჩს ესწრებოდნენ და შოუს წარმართვაში თავისი წვლილი შეიტანეს საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრების წევრებმა. ნოდარ ქორქიას და ირაკლი მაისურაძის
გაწვრთნილი ახალგაზრდები სამქულიანების კონკურსის დროს მის მონაწილეებს დახმარებას უწევდნენ, დიდ შესვენებაზე კი ისინი მოედანზე გამოვიდნენ და დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ.
მატჩის უძვირფასესი მოთამაშე
ყველა ვარსკვლავის მატჩის უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) დასახელდა თბილისის გუნდის წევრი, „მგზავრები-არმიას“ ფორვარდი მერაბ
ბოქოლიშვილი, რომელმაც 24 წუთში 32 ქულა დააგროვა. ახალგაზრდა კალათბურთელმა მაყურებელს თავი ეფექტური გდებებითა და სწრაფი, შედეგიანი გარღვევებით დაამახსოვრა.
2015 წლის „ოლ სტარის“ პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხმა გადმოსცა.
დაჯილდოვების ცერემონიალი
2015 წლის „ყველა ვარსკვლავის მატჩი“ ფოიერვერკით დასრულდა, მანამდე კი დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.
„ოლ სტარის“ყველა მონაწილე მოთამაშე, მსაჯთა ბრიგადა და კონკურსების გამარჯვებული კალათბურთელები აქციის ბოლოს ვეტერანმა კალათბურთელებმა დააჯილდოვეს. ყველა მონაწილეს სპეციალურად დამზადებული, 2015 წლის „ოლ სტარის“ მედალი ერგო.
ვეტერანმა კალათბურთელებმა „ოლ სტარის“ 3-ქულიანების გამარჯვებული აკაკი ლომოური სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს. საუკეთესო სნაიპერი ALL STAR – 2015 ის ოფიციალური მასპინძლის „თბილისი მოლისგან“ 300 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერით დასაჩუქრდა, რომელიც გამოყენებადია მაღაზია PUMA-ში. აკაკი ლომოურს პრიზი გადასცა „თბილისი
მოლის“ მარკეტინგის მენეჯერმა იანა კოკოულინამ. გამარჯვებული სასაჩუქრე ვაუჩერით დაჯილდოვდა კომპანია „კოლსი ბინისგან.“ სამქულიანების საუკეთესო მსროლელს პრიზი კომპანიის წარმომადგენლმა, ნინო გაფრინდაშვილმა გადასცა.
ჩატენვების კონკურსის გამარჯვებულ ბიჯეი იანგს სპეციალური პრიზი
„ჯინო ფერედაისის“ VIP მოსაწვევები გადაეცა. გამარჯვებული პრიზებით ვეტერანმა კალათბურთელებმა და „ჯინო ფერედაისის“
წარმომადგენელმა, ნინო გიორგაძემ დააჯილდოვეს.
ვეტერანი კალათბურთელებისგან სპეციალური პრიზი ჩაიბარა „ოლ სტარის“ საუკეთესო მოთამაშემ (MVP) მერაბ ბოქოლიშვილმა. ბოქოლიშვილს სასტუმროების
ქსელ „კრისტალისგან“ საჩუქრად გადაეცა 2-კაციანი საგზური ბაკურიანში, სასტუმრო „კრისტალში“ სრული კომფორტით დასვენებისთვის.
კომპანია „ბადაგმა“- საუკეთესო მოთამაშეს, 3-ქულიანების კონკურსის გამარჯვებულს, ჩატენვების კონკურსის გამარჯვებულს და ვეტერან კალათბურთელებს გადასცა უგემრიელესი ნუგბარის სასაჩუქრე კალათა. „ოლ სტარის“ ნომინაციების გამარჯვებულები და ვეტერანი კალათბურთელები „ბადაგის“ მარკეტინგის მენეჯერმა მირანდა ცერცვაძემ
დაასაჩუქრა. ლევან ყიფიანი (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი): მადლობა კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას და “ოლ სტარის” მონაწილეებს ასეთი საინტერესო და სანახაობრივი ღონისძიებისთვის. ხარისხი და გულშემატკივრის ინტერესი კალათბურთის მიმართ წლიდან წლამდე მატულობს. საინტერესო გამოდგა ღონისძიების ფორმატი და ჩატარების ადგილი. იმედია, მომავალში მსგავსი ღონისძიებები კიდევ უფრო მასშტაბური გახდება.
იგორ კოკოშკოვი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
არაჩვეულებრივი დღე იყო. ძალიან საინტერესო სივრცეა, ვფიქრობდი, რატომ არ ტარდებოდა მატჩი დარბაზში, თუმცა დღეს დავრწმუნდი, რომ ასეთი სანახაობრივი შოუსთვის ნამდვილად კარგი ადგილია. ,,ოლ სტარი’’ გასართობი მატჩია, რომლითაც სიამოვნებას ერთნაირად იღებენ მონაწილეები და მაყურებელი. ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს კალათბურთის პოპულარიზაციას. დარწმუნებული ვარ ყველამ ისიამოვნა, მათ, ვინც შეხვედრას ტელევიზიის საშუალებით უყურებდა და განსაკუთრებით
იმ მაყურებელმა, რომელიც დღეს აქ მოვიდა. ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა დღეს ბიჭებთან ერთად ყოფნა და მათი თამაშის ყურება.
ვლადიმერ ბოისა(საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი):
ძალიან საინტერესო და ლამაზი შოუ გამოვიდა. გაამართლა ამ სივრცემ. მაყურებელმა ბევრი სიურპრიზი იხილა. კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ და სუპერლიგამ
ძალიან მაღალი დონის ღონისძიება ჩაატარა. ,,ყველა ვარსკვლავის მატჩი’’ ჩატარებული მაქვს სლოვენიაში, ლატვიაში, იტალიაში და ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მინდა აღვნიშნო,
რომ დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ორგანიზება იყო. ეს არის დიდი პლიუსი და მიხარია, რომ ამ ყველაფრის ნაწილი მეც ვიყავი.
კოტე ტუღუში(თბილისის გუნდის მწვრთნელი, მონაწილე):
ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ მომეცა საშუალება ამ დიდი და კარგი ღონისძიების მონაწილე ვყოფილიყავი. საკმაოდ ბევრი ხალხი იყო მოსული და დარწმუნებული ვარ, მათ ძალიან ისიამოვნეს. ახალგაზრდა თაობა კი, რომელმაც ეს შოუ იხილა, ვფიქრობ, აუცილებლად დაინტერესდება კალათბურთით. ასეთი ღონისძიებები ხელს შეუწყობს კალათბურთის პოპულარიზაციას და შემდგომში მის განვითარებას.
იანა კოკოლინა (თბილისი მოლის მარკეტინგის მენეჯერი):
“თბილისი მოლის” სახელით ყველას მივულოცავთ ამ ღონისძიების წარმატებით ჩატარებას. განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდით კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას და გამოვთქვამთ სურვილს მსგავსი ღონისძიება ტრადიციად ვაქციოთ. მერაბ ბოქოლიშვილი(MVP): ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო
All Star გამოვიდა. ვფიქრობ, მაყურებელმაც ისიამოვნა. რაც შეეხება საუკეთესო მოთამაშედ დასახელებას, ნამდვილად არ ველოდი. ამ მატჩში რაიმე პრიზისთვის არავინ თამაშობს, მთავარია, სანახაობრივი და ლამაზი თამაში ვაჩვენოთ. მადლობას ვეტყვი ჩემი გუნდის ბიჭებს, მათი დამსახურებაა, რომ საუკეთესო მოთამაშე გავხდი.
აკაკი ლომოური(სამქულიანების კონკურსის გამარჯვებული): ლამაზი და სანახაობრივი შოუ გამოვიდა, ბიჭების თამაშით მაყურებელმა ნამდვილად ისიამოვნა. რაც შეეხება 3-ქულიანების
კონკურსს, ძალიან ძლიერი და ღირსეული კონკურენტები მყავდა, თუმცა დღეს მე უფრო იღბლიანი აღმოვჩნდი. სასიამოვნოა. რომ გამარჯვება მოვახერხე.
ბი ჯეი იანგი (მონაწილე, ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული): ძალიან კარგი დღე იყო. ვფიქრობ, მაყურებელმაც და მონაწილეებმაც დიდი სიამოვნება მიიღეს. რაც შეეხება
ჩატენვების კონკურსს, ღირსეული მეტოქეები მყავდა და საინტერესო კონკურსი გამოვიდა. შევეცადე, ამ ყველაფრისგან უბრალოდ დიდი სიამოვნება მიმეღო და მიხარია, რომ გავიმარჯვე.
პაატა გურასპაული(ვეტერანი კალათბურთელი):
ფანტასტიური დღეა, წლევანდელი ღონისძიება არ ჰგავდა წინა ,,ოლ სტარებს’’ და ბევრად უკეთესი იყო. მივესლამები იმ ახალ ელემენტებს და სიურპრიზებს, რომლებიც კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ დაგეგმა. ეს იყო საკალათბურთო დღესასწაული და მოხარული ვარ, რომ მაყურებელიც კმაყოფილი დარჩა. ჩვენც, ვეტერანმა კალათბურთელებმაც ძალიან დიდი სიამოვნება მივიღეთ და თუკი პატარა წვლილი შევიტანეთ ამ შოუს გალამაზებაში, ბედნიერები ვართ.
მწვრთნელების მიერ შერჩეული მოთამაშეები