ALL STAR 2020-ს ხაშურის ახალმა სპორტკომპლექსმა უმასპინძლა
სუპერლიგის 2020 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციას ხაშურმა უმასპინძლა. პირველად, შიდა ქართლის რეგიონში ასეთი მაღალი დონის კალათბურთელები შეიკრიბნენ და ადგილობრივთაგან სათანადო ყურადღებაც დაიმსახურეს. ხაშურის ახალაშენებული სპორტული კომპლექსი პირთამდე სავსე იყო. სუპერლიგის ოლ სტარ 2020-მა საკმაოდ ლამაზ, ოვაციებით სავსე ატმოსფეროში ჩაიარა და ღონისძიებით მაყურებლებთან ერთად თავად კალათბურთელებმაც ისიამოვნეს.
ამით ოლ სტარის რეგიონებში ჩატარების ტრადიცია გრძელდება, რაც ჩვენს ქვეყანაში კალათბურთის პოპულარიზაციას და სპორტის ამ სახეობაში მეტი ადამიანის ჩართულობას ემსახურება. ბოლო წლებში ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია ქუთაისში ტარდებოდა და წელს მისი გამართვა ამ ქალაქში ახალი სპორტკომპლექსის აშენების შემდეგ გადაწყდა.
ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციის ორგანიზატორი გახლავთ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, ხოლო მხარდამჭერები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შიდა ქართლის რეგიონალური კალათბურთის ფედერაცია, ხაშურის სპორტკომპლექსის ადმინისტრაცია და ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია.
ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ჩირლიდერ გოგონათა ნაკრები, რომლებმაც მაყურებლებს წუთშესვენებებზე არაერთი ლამაზი ნომერი შესთავაზეს. გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა ხაშურის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა “ფრესკამ”, ხოლო ადგილობრივთა საყვარელმა მომღერალმა, სოფია საჟინიანმა, რომელიც ლაშა მიქაუტაძესთან ერთად ღორნისძიების წამყვანი იყო, შეხვედრის დაწყებამდე მუსიკალური ნომერი შეასრულა. დარბაზში იმყოფებოდნენ საქართველოს ნაკრებისა და ქართული კალათბურთის მხარდამჭერი მასკოტები – ლომი “ჯეო” და მისი ოჯახის წევრები.
ოლ სტარის დაწყებამდე გაჟღერდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი, რომლის დროსაც დარბაზში სახელმწიფო დროშა ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, მანუჩარ მარკოიშვილმა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის განყოფილების უფროსმა ბესო გაჩეჩილაძემ აღმართეს.
ყველა ვარსკვლავის მატჩი – All Star 2020
ოლ სტარისთვის მონაწილეები სუპერლიგის ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად შეირჩნენ, სათადარიგოები კი მწვრთნელებმა დაასახელეს. ადგილობრივი მოთამაშეების გუნდს “ბათუმის” მთავარი მწვრთნელი გია კაზანჯიანი უძღვებოდა, ხოლო ლეგიონერებს – დინამოს თავკაცი მუჰამედ ტაჩი. მწვრთნელებმა ასისტენტები თავად შეარჩიეს – კაზანჯიანმა ოლიმპის მთავარი მწვრთნელი დიმიტრი ჯაკობოვი აირჩია, ხოლო მუჰამედ ტაჩიმ ქუთაისელი კოტე ტუღუში.
ლეგიონერები
სასტარტო ხუთეული:
ჯორჯე მილოსავლევიჩი (თსუ), დევიდ მაკფარლანდი (თსუ), დენზელ ლივინგსტონი (რუსთავი), ნიკოლა ტადიჩი (რუსთავი), მილოშ პაიოვიჩი (ქუთაისი)
სათადარიგოები:
ტაილერ უილიამსი (დინამო), კევინ ობრაიენი (დინამო), კოლინ მალკოლმი (ბათუმი), ჯეიმზ მილიკენი (ქუთაისი), შონ რაუნდთრი (ქუთაისი), კორი სპენსი (ტიტები), ლუკ მეიერი (ტიტები)
ადგილობრივები
სასტარტო ხუთეული:
ლუკა ზაქრაძე (თსუ), სანდრო სანაძე (თსუ), გიორგი კორსანტია (თსუ), ალექსანდრე ფევაძე (ბათუმი), გიორგი ტურძილაძე (თსუ)
სათადარიგოები:
ბექა ბექაური (ქუთაისი), რევაზ ჩაჩანიძე (ბათუმი), აკაკი დვალიშვილი (რუსთავი), ლუკა ბულაშვილი (დინამო), საბა ლობჯანიძე (რუსთავი), ნიკა დარბაიძე (ოლიმპი), გიორგი ვახანია (ვერა)
მატჩი ტრადიციულად სანახაობრივად, ჯარიმების მაქსიმალური სიმცირით წარიმართა. ორივე გუნდის წევრები ცდილობდნენ, ხაშურის სპორტკომპლექსში მოსული გულშემატკივრისთვის ლამაზი სანახაობა ეჩვენებინათ. შეხვედრაში დაცვა ნაკლებად გამოიყენებოდა და შესაბამისად, მაღალი ანგარიში დაფიქსირდა – 128:115 ქართველი მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული გუნდის სასარგებლოდ.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და სპეციალური – MVP-ის პრიზი გადაეცა თსუ-ს წევრ გიორგი კორსანტიას, რომელმაც არასრულ 23 წუთში 27 ქულა, 14 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ ოლ სტარის სასტარტო ხუთეულებში თსუ-ს 6 კალათბურთელი მოხვდა, რომლებმაც თავი ყველა ვარსკვლავების მატჩთან ერთად ჩატენვების კონკურსშიც გამოიჩინეს.
ადგილობრივების გუნდში კორსანტიას შემდეგ ყველაზე შედეგიანი იყო რუსთაველი აკაკი დვალიშვილი – 20 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი. 19 ქულა დააგროვა ქუთაისელმა ბექა ბექაურმა, ხოლო 15 – ოლიმპელმა ნიკოლოზ დარბაიძემ.
ლეგიონერთა გუნდში 23 ქულით ბომბარდირი გახდა თსუ-ელი დევიდ მაკფარლანდი. 17 ქულა მოაგროვა ტიტების მოთამაშე კორი სპენსმა, ხოლო 15 – ბათუმელმა კოლინ მალკოლმმა.
კობისთვის
რამდენიმე დღის წინ ტრაგიკულად დაღუპულ კალათბურთის ლეგენდას ქართული ოლ სტარის მონაწილეებმა და დარბაზში შეკრებილმა გულშემატკივრებმა პატივი მიაგეს. კობი ბრაიანტის საპატივცემულოდ მატჩის პირველ შეტევაში ადგილობრივების გუნდმა განზრახ არ შეუტია, რითაც 24-წამიანი წესი დაარღვია, ხოლო ლეგიონერებმა მეტოქის ნახევარზე ბურთი 8 წამი არ გადაიტანეს და შეტევა ადგილობრივთა გუნდს დაუბრუნეს. მოგეხსენებათ, 8 და 24 ნომრებით კობი ბრაიანტი “ლოს ანჯელეს ლეიკერსში” თამაშობდა. შეხვედრის დაწყებამდე კი დარბაზში შეკრებილებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი დიადი კალათბურთელისა და სპორტსმენის ხსოვნას.
ადგილობრივები VS ლეგიონერები
სრული სტატისტიკა: 128:115
სამქულიანების კონკურსი
სამქულიანების კონკურსის ნახევარფინალი მეორე პერიოდის დასრულების შემდეგ გაიმართა და მასში მონაწილეები პერიმეტრის 5 სხვადასახვა წერტილიდან 5-5 ბურთს ესროდნენ. 25 სროლისთვის მონაწილეს 1 წუთი ჰქონდა გამოყოფილი. თითოეული ჩაგდებული ბურთი 1 ქულად ფასობდა, ხოლო ყოველი წერტილიდან სასროლი ბოლო, მე-5 ბურთი 2-ქულიანი გახლდათ. პირველ ეტაპს 2 ფინალისტი უნდა გამოევლინა.
კონკურსში მიმდინარე სუპერლიგის 6 საუკეთესო სნაიპერი მონაწილეობდა – საბა ლობჯანიძე (რუსთავი), სანდრო სანაძე (თსუ), ჯეიმს მილიკენი (ქუთაისი), შონ რაუნდთრი (ქუთაისი), გიორგი ვახანია (ვერა) და რეზო ჩაჩანიძე (ბათუმი).
პირველ გამოსვლაში საუკეთესო შედეგები შონ რაუნდთრიმ (20 ქულა) და საბა ლონჯანიძემ (16) დააფიქსირეს და ფინალში გავიდნენ. ქუთაისის ამერიკელმა ლეგიონერმა ფინალურ გამოსვლაში 19 ქულა მოაგროვა, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა საბა ლობჟანიძის შედეგის გადასაფარად – რუსთავის უკანახაზელმა 12 ქულა მოინაგრა და შესაბამისად, გამარჯვებულად შონ რაუნდთრი გამოცხადდა.
ეფექტური გდებების (ჩატენვების) კონკურსი
ჩატენვების კონკურსი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი იყო ქართული ოლ სტარების ისტორიაში. ოთხივე მონაწილემ ულამაზესი გდებები შეასრულა, თუმცა გამარჯვება მართლაც ეფექტურსა და საუკეთესოს – დევიდ მაკფარლანდს დარჩა, რომლის საჩემპიონო ნომერიც შემდეგნაირი გახლდათ: მაკფარლანდი სამწამიანის ხაზთან მდგომ, 202 სანტიმეტრი სიმაღლის გიორგი კორსანტიას გადაახტა და ჩატენა. ჩემპიონობა რომ გაინაღდა, მაკფარლანდმა ჩაროზად ერთი შთამბეჭდავი გდებაც შეასრულა: კორსანტიას მან კიდევ ორი თანაგუნდელი – ჯორჯე მილოსავლევიჩი და სანდრო სანაძეც შეუწყვილა და სამივეზე გადაფრენით ჩატენა ბურთი. ფანტასტიკური ნახტომის მქონე მაკფარლანდს ჟიურის უკლებლივ ყველა წევრმა – ვეტერანმა კალათურთელებმა – გივი ბიჭიაშვილმა, გია სანაძემ, ნოდარ ქორქიამ და ზვიად ინაურმა – უმაღლესი შეფასება მიანიჭა.
ფინალში მაკფარლანდმა ჯეიმს მილიკენი დაამარცხა, ხოლო ჩატენვების კონკურსის დანარჩენი მონაწილეები ბათუმელი კოლინ მალკოლმი და ოლიმპელი ნიკა დარბაიძე გახლდნენ. ორივე კალათბურთელმა შესანიშნავი ნომრები შეასრულა, თუმცა ზემოთნახსენები მაკფარლანდის სუპერწარმოდგენას რას გადაფარავდნენ?!
დაჯილდოების ცერემონიალი
მატჩისა და ჩატენვების კონკურსის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. აქციის ყველა მონაწილე – მოთამაშეები, მწვრთნელები და ექიმები სპეციალური, ვარსკვლავის ფორმის მედალიონებით ხაშურის მუნიპიპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ დააჯილდოვეს.
სამქულიანების კონკურსის გამარჯვებულ შონ რაუნდთრის სპეციალური პრიზი და სნაიპერობის დამადასტურებელი დიპლომი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა მანუჩარ მარკოიშვილმა გადასცა, ხოლო ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული დევიდ მაკფარლანდი შიდა ქართლის რეგიონალური კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა – თამაზ ხაჩიურმა დააჯილდოვა.
ოლ სტარ 2020-ის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულ გიორგი კორსანტიას სპეციალური პრიზი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა – პაატა გურასპაულმა გადასცა, რის შემდეგაც ხაშურის სპორტკომპლექსში ლამაზი საღამოს დაკვნითი, სადღესასწაულო ფოიერვერკი აენთო.