ქუთაისმა ოლ სტარს უმასპინძლა

ქუთაისმა ოლ სტარს უმასპინძლა

ქუთაისში გამართულმა სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩმა საინტერესოდ ჩაიარა. მაყურებელმა უშუალოდ მატჩთან ერთად ჩატენვებისა და სამქულიანების კონკურსები იხილა. თავად მატჩი კი მიხეილ ბერუაშვილის გუნდმა მიხეილ კობეშავიძის გუნდს 133:114 მოიგო.

ყველა ვარსკვლავის მატჩი

როგორც ასეთი ტიპის მატჩებს ახასიათებს, არც აქ ყოფილა დაცვითი და კომბინაციური თამაში. მონაწილეები ცდილობდნენ ლამაზი ილეთებით ჩაეგდოთ ბურთი და ამით მაყურებლისთვის სიამოვნება მიენიჭებინათ. ეს ზოგს გამოსდიოდა, ზოგიც ნაკლებად ეფექტური იყო.

გაამართლა ამერიკელი დომონიკ ტილფორდის ოლ სტარში აყვანამ – „ენერჯი–ინვესტის“ უკანახაზელი საკმაოდ ეფექტურად ირჯებოდა და მისთვის გამოყოფილ 12 წუთში 17 ქულა და 4 ჩაჭრა მოაგროვა.

მაყურებელმა იხილა ძმები ბარბაქაძეების, დავით იმნაძის, აკაკი დვალიშვილის და ახალგაზრდა მერაბ ბოქოლიშვილის ჩატენვები და რა თქმა უნდა სწრაფი, შედეგიანი გარღვევები. უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხვის შედეგად ხუთეულში მოხვედრილი ახალგაზრდები საკმაოდ ლაზათიანად გამოიყურებოდნენ და გამოცდილ მოთამაშეებს ფეხიც კარგად აუწყვეს. ბოქოლიშვილმა 16 ქულა მოაგროვა, დუდა სანაძემ – 14, ხოლო ნოდარ თენიეშვილმა – 12. სამივე ეს მოთამაშე 18–წლამდელთა ნაკრების წევრია.

რაც შეეხება შედეგს, ეს ალბათ ყველაზე ნაკლებად საინტერესო იყო. თავიდან კობეშავიძის გუნდი დაწინაურდა და პირველი მეოთხედი 28:23 მოიგო, მაგრამ მერე ბერუაშვილის ბიჭებიც ამოქმედდნენ, მეორე ათწუთეული 45:27 მოიგეს და ლიდერობა თამაშის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვიათ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ „ენერჯი–ინვესტის“ ახალგაზრდა ცენტრი, აკაკი დვალიშვილი დასახელდა, რომელსაც შესაბამისი პრიზი კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა და ამ მატჩის კომისარმა მერაბ რატიშვილმა გადასცა.

სამქულიანების კონკურსი

შარშანდელი გამარჯვებული გიორგი მარკოიშილი პირადი მიზეზების გამო ქუთაისში არ იმყოფებოდა. შეჯიბრში 5 კალათბურთელი მონაწილეობდა: კოტე ტუღუში, ფარნაოზ გურული, თემურ კანკია, გიორგი ნიკოლაძე და ბესიკ ლეჟავა.  ამ უკანასკნელმა შესარჩევ ეტაპზე ყველაზე მეტი, 20 ქულა მოაგროვა, ხოლო ფინალში მასთან ერთად კოტე ტუღუში გავიდა (16 ქულა).

მონაწილეებს 5 წერტილიდან 5–5 ბურთი უნდა ესროლათ და 1 წუთში ჩატეულიყვნენ. თითოეული წერტილიდან ნასროლი მე–5 ბურთი 2 ქულად ფასობდა, დანარჩენი ყველა სროლა 1–ქულიანი იყო. პირველი ტუღუშმა ისროლა და 15 ქულა მოაგროვა, თუმცა ლეჟავამ ვერ გამოიჩინა შესარჩებ ეტაპზე ნაჩვენები მიზანი და გამარჯვება ტუღუშს დარჩა.

გამარჯვებულს პრიზი ცნობილმა ქუთაისელმა კალათბურთელმა ზურაბ გრძელიძემ გადასცა.

ჩატენვების კონკურსი

ამ შეჯიბრს 2 ფავორიტი ყავს ბოლო წლებში და ახლაც ასე იყო. ძმები ბარბაქაძეები ამ კომპონენტში ყველა მოთამაშეზე ერთი თავით მაღლა დგანან. აქამდე უფროსი ძმა დავითი ახერხებდა გამარჯვებას, ახლა კი უმცროსი „ველურას“ (ორივეს ასეთი თიკუნი აქვს) ჯერი დადგა. დავითმა ნახევარფინალურ ეტაპზე ვერ მოახერხა რთული ილეთის შესრულება, 2 ცდა გააცუდა და მესამეზე, რათა უქულოდ არ დარჩენილიყო, შედარებით იოლი ილეთი შეასრულა. თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და ფინალში მისი ძმა გიორგი და 2 ახალგაზრდა კალათბურთელი: აკაკი დვალიშვილი და მერაბ ბოქოლიშვილი გავიდნენ.

პირველი გდება დვალიშვილმა შეასრულა და 33 ქულა დააგროვა, მომდევნო ბოქოლიშვილმა 35–ამდე ასწია თამასა, თუმცა ორივე მათგანს გიორგი ბარბაქაძემ აჯობა, რომელმაც უმაღლესი შეფასება – 40 ქულა დაიმსახურა. ბარბაქაძემ სამწამიან ზონაში ერთ–ერთი კალათბურთელი დააყენა, ცენტრიდან გამოქანდა და ისე ჩატენა, რომ 180–სანტიმეტრიან ადამიანს თავზე გადაევლო.

გიორგი ბარბაქაძე მსოფლიოს ქუთაისელმა ჩემპიონა ნიკოლოზ დერიუგინმა საპატიო პრიზით დააჯილდოვა