თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა 2012 წლის საქართველოს თასის რიგით მე-10 გათამაშების ფინალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ,,არმია და „ ქუთაისი“ დაუპირისპირდნენ.
აღსანიშნავია, რომ ,,არმია“ შარშან უკვე დაეუფლა საქართველოს თასს, ხოლო ქუთაისის გუნდი, რომელმაც წელს დუდუ დადიანის მემორიალში იმარჯვა, საქართველოს თასის ფინალში წელს პირველად ასპარეზობდა. საქართველოს თასის ფინალში ,,არმიამ“ 86:80 დაამარცხა ,,ქუთაისი“ და საქართველოს თასს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.
მატჩის საწყის წუთებში ანგარიში ,,არმიამ“ გახსნა, ხოლო ათწუთეულის დასრულებამდე 4:56 წამით ადრე გუნდებს შორის ფრე, 10:10 დაფიქსირდა. პერიოდის დარჩენილ დროში არმიელები გააქტიურდნენ და ათწუთეულში დამაჯერებლად, 27:14 იმარჯვეს. მეორე მეოთხედი კვლავ არმიელთა სასარგებლოდ წარიმართა. ქუთაისელებმა ვერ შეძლეს მობილიზება, ,,ძალოვნები“ წინ 32:15 გაიჭრნენ, დიდ შესვენებაზე კი სოლიდური უპირატესობით, ანგარიშით 45:32 გავიდნენ.
მესამე პერიოდის დასაწყისში ,,არმიამ“ პოზიციები გაიმყარა და მიუხედავად იმისა, რომ მეოთხედის შუაწელში ქუთაისელებმა სხვაობა 10 ქულამდე შეამცირეს (57:47), არმიელებმა მაინც იძალეს აღნიშნულ პერიოდში 65:51 იმარჯვეს.
საინტერესოდ წარიმართა მატჩის დასკვნითი მეოთხედი, რომლის შუაწელში ,,ქუთაისმა“ სხვაობა 9 ქულამდე შეამცირა – 64:73, ხოლო მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 2 წუთით ადრე 7-ქულიანი სხვაობა დააფიქსირა – 81:74. ემოციური გამოდგა შეხვედრის დარჩენილი დრო, სადაც საბოლოოდ ,,არმიამ“ მეტოქეს აჯობა და საქართველოს თასი ზედიზედ მეორედ ჩაიბარა.
არმიის შემადგენლობაში საუკეთესო ბენჯამენ ვუდსაიდი გახდა, რომელმაც 22 ქულითა და 14 შედეგიანი გადაცემით ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო ,,ქუთათურთა“ მხრიდან 24 ქულით გიორგი ბარბაქაძე გამოირჩა.
მატჩის დასრულების შემდეგ ტრადიციულად დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა და 2012 წლის საქართველოს თასის საუკეთესო მოთამაშე დასახელდა, რომელიც ,,არმიის“ უკანახაზელი ვუდსაიდი გახდა.
2012 წლის საქართველოს თასის საუკეთესო მოთამაშეს ბენჟამენ ვუდსაიდს პრიზი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა გადასცა.