ბათუმი ოთხთა ფინალშია | ოლიმპი, დელტა და თსუ დაწინაურდნენ

ბათუმი ოთხთა ფინალშია | ოლიმპი, დელტა და თსუ დაწინაურდნენ

საქართველოს თასის გათამაშების პირველი ოთხთა ფინალისტი ცნობილია. ბათუმსა და ქუთაისს შორის მეოთხედფინალური სერიის მატჩები ისე კალენდარში ჩასმული, რომ მეორე მატჩი მაშინ ჩატარდა, როცა 2 სერიაში პირველი შეხვედრები გაიმართა. შედეგად, რეგიონულ დერბიში 2 მატჩის შედეგად გამარჯვებული და შესაბამისად, ოთხთა ფინალისტი გამოვლინდა. ეს გახლავთ ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი აჭარული გუნდი, რომელმაც სერიის პირველი შეხვედრა 8 მარტს ქუთაისში 2 ქულით მოუგო მასპინძლებს, საპასუხო მატჩში კი უფრო მეტო სხვაობით – 90:79 (სტატისტიკა) იმარჯვა და ოთხთა ფინალში გავიდა.

ქუთაისელები ბოლო პერიოდამდე შედეგიანად თამაშობდნენ. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი 30 წუთის შემდეგ 3 ქულით იგებდა, თუმცა ბოლო ათწუთეული 16:30 დათმო და თასის გათამაშებას გამოეთიშა. ბათუმელებს კაილი რიდლიმ ულიდერა 24 ქულით, 7 პასითა და 6 ჩაჭრით. 12-12 ქულა სამმა კალათბურთელმა – ჯორდან სეშენმა, ლაშა მიქელაძემ და გიორგი ოჩხიკიძემ დააგროვეს. 

ბათუმი ოთხთა ფინალში მეტოქეს ელოდება. მისი ნახევარფინალური მეტოქე დელტასა და კაკტუსის დაპირისპირებაში უნდა გამოვლინდეს. დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ამ გუნდების მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც გამარჯვებული ბოლო პერიოდში გამოვლინდა. თანაბრად მიმდინარე მატჩი საბოლოოდ გურჯაანის დელტამ – 90:82 (სტატისტიკა) მოიგო და სერიის საპასუხო მატჩის წინ 8-ქულიანი ჰანდიკაპი შეიქმნა. თუ კაკტუსი 22 მარტს 8-ქულაზე მეტით არ იმარჯვებს, ოთხთა ფინალში დელტა გავა. 8-ქულიანი გამარჯვების შემთხვევაში კი დამატებითი დრო – ოვერტაიმი დაინიშნება.

დღეს გამართულ თასის გათამაშების მესამე მატჩში ბენეფისი ჰქონდა გვი ბაქრაძეს. ოლიმპისა და ეროვნული ნაკრების წევრმა შეხვედრა 35 ქულითა და 11 პასით დაასრულა. მას ვერაფერი მოუხერხეს კავკასიას მოთამაშეებმა, რომელთა რიგებშიც 25 ქულითა და 14 მოხსნით აიზია ელისი გამოირჩა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სუპერლიგაში აპრობირებული დაუმარცხებელი სერია ოლიმპელებმა თასზეც გააგრძელეს და საკმაოდ მძლავრ ოპონენტს 92:85 (სტატისტიკა) მოუგეს.

ამ გუნდების მეორე დაპირისპირება 22 მარტს გაიმართება და თუკი ოლიმპი 7-ქულიან უპირატესობას შეინარჩუნებს, ოთხთა ფინალში გავა. ამ სერიის გამარჯვებული თსუ-სა და რუსთავის წყვილს შორის მოგებულს შეხვდება. თსუ-ს პირველი შეხვედრა 8 მარტს 8 ქულის სხვაობით აქვს მოგებული და ეს წყვილიც საპასუხო შეხვედრას, 22 მარტს, რუსთავში ჩაატარებს.