საქართველოს თასის გათამაშების გამარჯვებული გახდა „დინამო თბილისი“. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ მატჩში დიდი უპირატესობით – 85:59 დაამარცხა „სოხუმი“ და ქართული კალათბურთის ერთ-ერთი მთავარი ტიტული მოიგო.
მიუხედავად იმისა, რომ ფინალური შეხვედრა იყო და შანსებიც დაახლოებით თანაბრად ნაწილდებოდა, დინამოელებმა ყველა კომპონენტში იძალეს. მატჩი როგორც დაიწყო, ისე დასრულდა – „დინამო“ თავიდანვე სოლიდურ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, რაც მალევე ასახა ანგარიშში და ხელჩასაჭიდი ლიდერობა საფინალო სირენამდე ხელიდან არ გაუშვია.
დაცვა იყო ის საძირკველი, რომელზეც აგებული იყო დინამოელთა შედეგიანი თამაში. მჭიდრო მეურვეობამ და ტაქტიკურად გამართულმა დაცვამ პირველ მეოთხედში სოხუმელთა ფარი თითქმის მშრალად შეინახა. სოხუმელებმა მხოლოდ 6 ქულა მიითვალეს, დინამოელებმა
კი მეტოქეს 23-ით უპაუხეს და ირაკლი ხოშტარიას გუნდმა გამარჯვებაზე სოლიდური განაცხადი გააკეთა.
ვითარება თითქმის არ შეცვლილა მეორე პერიოდში, რომლის ბოლოსაც დინამოელთა ლიდერობამ 24 ქულას მიაღწია. ხოშტარიას გუნდის ყველა წევრი მაქსიმალური მონდომებით თამაშობდა, რითაც სოხუმელებს ვითარების გამოსწორების შანსს არ აძლევდა. საბოლოოდ ისე დამთავრდა მატჩი, რომ „სოხუმი“ მომავალ თასის მფლობელს ვერც კი მიუახლოვდა.
დინამოელთა შორის 17 ქულით ბომბარდირი გახდა სერბი ფორვარდი მაკსიმ კოვაჩევიჩი. მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი – 12 ქულა და 10 მოხსნა – გიორგი შარაბიძემ გაიფორმა. 10-10 ქულა მოაგროვეს ჯუევალ მაილსმა და ნოდარ გოგოძემ. სოხუმელთაგან 22 ქულით ფილიპ მილერი გამოირჩა.
ტიტულთან ერთად „დინამომ“ 50 000 ლარიც მოიგო, რომელიც პირველად, თასის გათამაშების ისტორიაში კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ გამარჯვებულისთვის დააწესა. მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. დინამოელები თასის ფორმის მედლებით ვეტერანმა კალათბურთელმა, ნოდარ ქორქიამ დაჯილდოვა.
რადიო „ჯაკოს“ მიერ ჩემპიონი გუნდის ბომბარდირისთვის დაწესებული კოტე მახარაძის სახელობის თასი, დინამოელ მაქსიმ კოვაჩევიჩს ცნობილმა ჟურნალისტმა, ჯამლეტ ხუხაშვილმა გადასცა.
ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი შარაბიძე დასახელდა, რომელიც „დინამოს“ ყოფილმა მოთამაშემ და მწვრთნელმა, ვეტერანმა კალათბურთელმა, ლევან მოსეშვილმა სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.
დაბოლოს, დინამოელთა კაპიტანს, ილია ლონდარიძეს საჩემპიონო თასი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, გიორგი ქართველიშვილმა გადასცა, რის შემდეგაც დინამოელთა ზეიმი ფოიერვერჯის თანხლებით გაგრძელდა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ირაკლი ხოშტარია („დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): მადლობას გადავუხდი და მივულოცავ ამ გამარჯვებას მოთამაშეებს, გულშემატკივარს, ყველას ვინც „დინამოს“ მხარში უდგას. სეზონის განმავლობაში სოხუმის გუნდს მეხუთედ შევხვდით. კარგად ვიცოდით მათი თამაშის სტილი და მაქსიმალურად მოვემზადეთ ამ მატჩისთვის. წარმატებებს ვუსურვებ „სოხუმს“ სუპერლიგის პლეი ოფში.
გიორგი შარაბიძე (“დინამოს” კალათბურთელი, ფინალის საუკეთესო მოთამაშე, MVP): სასიხარულოა, რომ საქართველოს თასის ტიტული მოვიპოვეთ. ბიჭებმა დიდი მონდომებით ვითამაშეთ და ყველაფერი გავაკეთეთ გამარჯვებისთვის. მოხარული ვარ, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს. ეს ჩემთვის დიდი პატივია. მივულოცავ ამ გამარჯვებას „დინამოს“ ყველა გულშემატკივარს.