გრიფინის გმირობა თასის გათამაშებაში | კასპში 100-წლიანი ისტორიის მქონე თსუ-ს მოუგეს

გრიფინის გმირობა თასის გათამაშებაში | კასპში 100-წლიანი ისტორიის მქონე თსუ-ს მოუგეს

საქართველოს თასის გათამაშებაში სენსაციები გრძელდება. გუშინ იყო, “ა” ლიგის წარმომადგენელმა “რუსთავმა” სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი “ქუთაისი” რომ დაამარცხა, დღეს კი 3 თვის შექმნილმა კასპის “გრიფინმა” თასის გათამაშების შარშანდელ გამარჯვებულ თსუ-ს მოუგო. შეხვედრა კასპი არენაზე გაიმართა, რომელიც ქომაგებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმაც შეავსეს.

კასპში ბუმი ახლახან დაიწყო, როცა გრიფინმა საკვალიფიკაციო მატჩები მოიგო და წარმატებული სვლა  “ა” ლიგის საწყის ტურებშიც გააგრძელა. კასპელებმა წარმატებით დაძლიეს თასის გათამაშების საკვალიფიკაციოც და მერვედფინალში ტურნირის შარშანდელ გამარჯვებულს, მიმდინარე სუპერლიგის ერთპიროვნულ ლიდერ თსუ-ს შეეჩეხნენ. ალბათ ყველაზე ოპტიმისტ კასპელსაც ბოლომდე არ ეჯერა, რომ გრიფინი თსუ-ს მოუგებდა, მაგრამ საბოლოოდ სწორედ ასე მოხდა – თასის გათამაშების მერვედფინალური სერიის პირველ მატჩში გრიფინმა სავსე კასპი არენაზე 102:98 (სტატისტიკა) დაამარცხა თსუ.

როგორ მოხდა, რომ 3 თვის შექმნილმა “ა” ლიგის გუნდმა 100-წლიანი ისტორიის (თსუ-ში საკალათბურთო სექცია 1924 წლიდან არსებობს) მქონე გუნდს მოუგო, რომელიც დღესდღეობით ყველაზე კარგი შედეგებით გამოირჩევა და სუპერლიგის მოგების უმთავრესი კანდიდატია. ცხადია, უპირველესად ეს უშუალოდ გრიფინის მოთამაშეების მონდომების, ბრძოლისუნარიანობის და ახალგაზრდა მწვრთნელის, გიორგი სიმონიშვილის  მითითებების შესრულების დამსახურებაა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ თსუ ისე არ შეხვდა ამ მატჩს, როგორც, ვთქვათ, სუპერლიგის ნებისმიერ მეტოქესთან დაპირისპირებას. ეჭვი არაა,  უნივერსიტეტელთა მწვრთნელმა, ლექსო ლაფანაშვილმა მონდომება არ დააკლო, მაგრამ მოედანზე გასულ მოთამაშეებს ვერ გაუღვივა ბრძოლის ის გამორჩეული ჟინი, რითაც თსუ-ელები არიან ცნობილნი და რის ხარჯზეც მიმდინარე სეზონში თამაშების 80 პროცენტზე მეტი მოიგეს.

ადამიანური მომენტია და ძალიან რთულია, რომ მაქსიმალური მობილიზება მოახდინო, როცა რანგით ბევრად დაბლა მდგარ მეტოქეს ეთამაშები. თსუ-ს კალათბურთელები თავიდან თავს არ იკლავდნენ დაცვაში თამაშით და როცა მიხვდნენ, რომ გრიფინი მომგები იყო, მერე მობილიზება გართულდა. თამაშის სათავისო მსვლელობამ კასპელებს მეტი მუხტი და ენერგია მისცა და აქამდეც შედეგიანად მოთამაშე გრიფინის ლეგიონერებმა მთლად აიწყვიტეს. ამერიკელებს ქართველებმაც შეაშველეს ხელი – განსაკუთრებით სტაჟიანმა სნაიპერმა აკაკი ლომოურმა, რომელმაც 4 სამქულიანი და ჯამში 16 ქულა მიითვალა. სტატისტიკაზე თუ რამეს ვიტყვით, უპირველესად უნდა ვახსენოთ კასპური მატჩის გმირის, მონტეს მატისის მონაგარი – 32 ქულა, 20 მოხსნა, 5 პასი, 4 ჩაჭრა. ამერიკელი ლეგიონერი შეუჩერებელი იყო, ისევე როგორც მისი თანამემამულე ამფსონები – ელაია ბიუქენენი (23 ქულა, 9 მოხსნა) და ზებედი გრეჰემი (25 ქულა, 6 პასი). გრიფინის ხსენებული 4 კალათბურთელის გარდა კასპელთაგან მხოლოდ მერაბ მირზიაშვილმა მოახერხა ბურთის ჩაგდება (6), ან სხვებს რატომ უნდა ესროლათ, იმდენად ზუსტად და შედეგიანად უტევდნენ დანარჩენები.

რა იქნება საპასუხო მატჩში, სცენარის წარმოდგენა იოლია: თსუ მაქსიმალურად მობილიზებული დახვდება გრიფინს თბილისში და ყველაფერს გააკეთებს, მინიმუმ 5 ქულით გაიმარჯვოს და კერკეტი “ა” ლიგელი ტიტულის დასაცავი გზიდან ჩამოიშოროს. შესაძლოა, კასპელებმა წააგონ და გავარდნენ კიდეც, მაგრამ მათი უკვე დაფიქსირებული სენსაციური შედეგი ქართული კალათბურთის ისტორიას სამუდამოდ შემორჩება. მერვედფინალური სერიის საპასუხო მატჩი ამ წყვილში 27 იანვარს, თბილისი არენაზე გაიმართება.

22 იანვარს ჩატარდა სუპერლიგური გუნდების წყვილის მერვედფინალური სერიის პირველი მატჩიც. გორში, დავით როგავას გაწვრთნილმა “ივერიონმა” საკმაოდ დაძაბულ მატჩში 79:66 (სტატისტიკა) დაამარცხა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი. კავკასიელებს 2 ახალი ამერიკელი ლეგიონერი ჰყავდათ – ფრენსის ფიცჯერალდი და ბრენდონ ბეტსონი. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ბექა წივწივაძემ როტაციის პროცესი დაასრულა და ახლა ყველაფერი მასზე და მის ასისტენტებზეა. როგორც წინა სეზონში, კავკასია ახლაც გზადაგზა აპირებს გუნდის მშენებლობას. შარშან ამ პროცესმა გაამართლა – კავკასიამ სუსტად დაიწყო და პერიოდულად შემატებული ლეგიონერების ხარჯზე იმდენად გაძლიერდა, რომ სუპერლიგის ფინალში გავიდა.

რა იქნება ახლა, გამოჩნდება, მაგრამ ფაქტია, რომ მწვრთნელებს სამუშაო ბევრი აქვთ – ივერიონთან მატჩში კავკასიამ 13 ქულით წააგო. ახალწვეულები ადაპტაციას რომ გაივლიან, ცხადია, კავკასიას უფრო აათამაშებენ, მათ რომ პოტენციალი აქვთ, გორის მატჩშიც გამოჩნდა.რაც შეეხება ივერიონს, გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. სუპერლიგაში მოხშირებული წაგებების შემდეგ შიდაქართლელებს გამარჯვება და ფსიქოლოგიური მუხტი სჭირდებოდათ. გუნდური თამაშის წყალობით ივერიონმა გამარჯვების მოპოვება მოახერხა და საპასუხო მატჩში 13-ქულიანი ჰანდიკაპის შენარჩუნება მართებს. გორელები თასის წინა გათამაშების ოთხთა ფინალში გავიდნენ და მინიმუმ ამ შედეგის გამეორებას, ცხადია, ახლაც ეცდებიან.

კავკასია ივერიონს საპასუხო მატჩში 27 იანვარს თბილისი არენაზე უმასპინძლებს.