საქართველოს თასის გათამაშების მორიგ 3 მატჩს დღეს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. მერვედფინალური სერიის გამართული 3 სერიიდან 2 დასრულდა, ერთშიც საერთო ანგარიში გათანაბრდა და მე-3, გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება.
სერიის მეორე მატჩი მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა “ბათუმი”. ზღვისპირელებმა სერიის პირველი მატჩი ა” ლიგის დებიუტანტ “მეგა ბასკეტს” 4 ქულით მუიგეს ბათუმში, დღეს კი ოლიმპიურ სასახლეში შედარებით დამაჯერებელი სხვაობით – 91:81 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ “მეგა ბასკეტმა” ბათუმელებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ბოლო პერიოდამდე ტოლ-სწორად ებრძოდა და უმეტესწილად, ლიდერობდა კიდეც.
გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ბათუმელებმა მეტოქე ბოლო წუთებზე გატეხეს და სასურველი შედეგი დააფიქსირეს. გამარჯვებულებს 27 ქულით, 9 მოხსნით და 8 პასით კეისი შეპარდმა ულიდერა. 18 ქულა და 10 მოხსნა დეიან იეფტიჩმა მიითვალა, ხოლო სტეფან ანდრეევიჩის ანგარიშზე 17 ქულა დაგროვდა. “მეგა ბასკეტში” 22 ქულითა და 10 პასით საუკეთესო იყო კორი სანდერსი. 24 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა დეონტა ნორტმა.
დღის მეორე მატჩში ერთმანეთს “აფხაზეთი” და “ქუთაისი” დაუპირისპირდნენ. ქუთაისელებს სერიის პირველი მატჩი 113:74 ჰქონდათ მოგებული და დღევანდელ მატჩშიც სასურველი შედეგის მიღწევა არ გასჭირვებიათ. “აფხაზეთი” მესამე პერიოდამდე უძალიანდებოდა იმერულ კლუბს, თუმცა შემდეგ გატყდა და 82:96 წააგო. გამარჯვებულთაგან 20 ქულით ჯონათან ლი გამოირჩა. 19 ქულა აკაკი ლომოურმა მიითვალა, 15 ქულა და 14 მოხსნა კი ტერენს ტომპსონის ანგარიშზეა.
დაბოლოს, მთავარი მატჩი: სტუდენტური დერბი, რომელშიც ერთმანეთს “თსუ-ჰიუნდაი” და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი შეხვდნენ, საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. “არენა-ორბის” შემდეგ “კავკასია” გამოდგა “ა” ლიგის მეორე გუნდი, რომელმაც თასის გათამაშებაში სუპერლიგის წარმომადგენელი დაამარცხა.
ტრიბუნები სავსე იყო. ერთ მხარეს უნივერსიტეტის სტუდენტ-ქომაგები ისხდნენ, მეორე მხარეს – მეორესი. მატჩის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, როცა კავკასიელებმა გუნდური და შედეგიანი თამაშის წყალობით დამაჯერებელი – 13-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა, რომელსაც სერიის პირველი მატჩი 10 ქულით ჰქონდა წაგებული, 70:62 იმარჯვა და საერთო ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
18-18 ქულით კავკასიელებს ნიკა მეცხვარიშვილმა და ვენდელ ლუისმა ულიდერეს. ამ უკანასკნელმა 10 მოხსნაც მიითვალა და ორმაგ დუბლს უწია. ძალიან სასარგებლო იყო ბექა წივწივაძე, რომელმაც ბოლო პერიოდში უმნიშვნელოვანესი ბურთები ჩააგდო და გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო. საბოლოოდ მის ანგარიშზე 12 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი დაგროვდა. “თსუ-ჰიუნდაიში” 16 ქულით საუკეთესო იყო ჯეიმს მილიკენი. ამ გუნდებს შორის მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა თებერვალში გაიმართება და ზუსტი თარიღი რამდენიმე დღეში დადგინდება.
თასის გათამაშების მატჩების სტატისტიკა: http://gbf.ge/tournament/georgian-cup/schedule#mbt:275-303$t&0=1