1/4-ფინალურ სერიებში ტიტები და მგზავრები დაწინაურდნენ – რუსთავში კი ფრე დაფიქსირდა

1/4-ფინალურ სერიებში ტიტები და მგზავრები დაწინაურდნენ – რუსთავში კი ფრე დაფიქსირდა

დღეს, საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალები დაიწყო. თბილისსა და რუსთავში 3 მატჩი გაიმართა, თუმცა დავიწყოთ ქვემოქართლური შეხვედრით, სადაც ფრე დაფიქსირდა და იმ ქომაგებისთვის, რომლებიც კალათბურთში კარგად არ არიან ჩახედულნი, მცირე განმარტებაა საჭირო.

კალათბურთში ფრე ზოგად არ ფიქსირდება, მაგრამ არსებობს სატურნირო ფორმატი, რომელიც ამის საშუალებას იძლევა. ესაა 2-მატჩიანი საფლეიოფო სერია, რომელშიც გამარჯვებული 2 შეხვედრის ჯამში ვლინდება. საქართველოს თასის გათამაშებაში საპლეიოფო სერიები სწორედ ასეთი ფორმატისაა და შესაბამისად, პირველი მატჩის შემდეგ თუ გამარჯვებული არ გამოვლინდა, შეხვედრა სრულდება და გამარჯვებულს მეორე დაპირისპირება ავლენს. თუ მეორეც ფრედ დასრულდა, ამის შემდეგ ინიშნება ოვერტაიმი გამარჯვებულის გამოვლენამდე. 

ესეთი იშვიათი შეხვედრა ქვემო ქართლში გაიმართა, სადაც ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის 4 დღის წინ მომგები “რუსთავი” თსუ-ს მასპინძლობდა. უნივერსიტეტელები გვარიანი დანაკლისით შეხვდნენ თასის მეოდხედფინალურ სერიას. თსუ-ს აკლდა მთავარი მწვრთნელი ლექსო ლაფანაშვილი, რომელსაც მემორიალის მატჩში მიღებული დისკვალიფიკაციის გამო 8-მატჩიანი პაუზა მოუწევს. გუნდს მისი ასისტენტი, ირაკლი ძიძიგური უძღვებოდა, რომელსაც განკარგულებაში 2 ლეგიონერი – კრისტოფერ ანდერსონი და რიკი მედისონი არ ჰყავდა. ამერიკელებმა მიზეზთა გამო გუნდი დატოვეს და სუპერლიგის ლიდერი გვარიანად შეთხელდა.

რაც შეეხებათ რუსთაველებს, რაც მთავარი მწვრთნელის პოსტი ანატოლი ბოისამ ჩაიბარა, სუპერლიგისა და მემორიალის ბოლო 7 მატჩი მოგებული ჰქონდათ. ქვემოქართლელები დღევანდელ შეხვედრაშიც ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, მესამე პერიოდში 16 ქულით (67:51) იგებდნენ, თუმცა უნივერსიტეტელებმა ბოლომდე იბრძოლეს და გიორგი კორსანტიას საფინალო სირენის თანხლებით ჩაგდებული ბურთის წყალობით ფრეს მიაღწიეს – 80:80 (სტატისტიკა).

მატჩს ესწრებოდა საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი, რომელიც ნაკრების კანდიდატებს აკვირდება და მათგან საკმაოდ შეეგიანი თამაში იხილა. თსუ-ს ულიდერეს გიორგი კორსანტიამ (17 ქულა, 8 მოხსნა), გიორგი ტურძილაძემ (19 ქულა) და ჯორჯე მილოსავლიევიჩმა (19 ქულა, 8 მოხსნა, 7 პასი). რუსთაველთაგან 6-მა კალათბურთელმა მიაღწია 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან 17 ქულით, 9 მოხსნით, 5 ჩაჭრით და 4 პასით საუკეთესო იყო დენზელ ლივინგსტონი. 15 ქულა და 9 მოხსნა აკაკი დვალიშვილმა მოაგროვა, ნიკოლა ტადიჩმა და გიორგი ცეკვავამ 10-10 ქულა მიითვალეს.

ამ მეოთხედფინალური წყვილის გამარჯვებული 26 იანვარს დანიშნული სერიის მეორე მატჩის შემდეგ გამოვლინდება. 

თბილისში გამართული 2 მატჩიდან 1 ახლოს იყო ფრესთან. “დინამოსა” და “მგზავრების” დაპირისპირება ამ უკანასკნელის ერთქულიანი გამარჯვებით – 68:67 (სტატისტიკა) დასრულდა. ანგარიში ამართლებს იმ დაძაბულობას, რომელიც ამ თამაშს ახლდა. პირველივე წუთიდან ბოლომდე თანაბარი ბრძოლა მიდიოდა და ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვებას. დაბოლოოდ “მგზავრებმა” ქულით იმარჯვეს და სერიის მეორე მატჩის წინ სწორედ ეს უპირატესობა მოიპოვეს. 

გამარჯვებულთაგან 20 ქულით საუკეთესო იყო ლოველ ქაბბილი, 13 ქულა და 7 პასი დარელ ქომბსის ანგარიშზე დაგროვდა. “დინამოში” კი 14 ქულითა და ამდენივე მოხსნით საუკეთესო იყო ტაილერ უილიამსი. 12 ქულა მოაგროვა სედრიკ ქაუნსილმა. ამ გუნდებს შორის მოთხედფინალური სერიის მეორე მატჩი 26 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება. 

დღეს გამართული მე-3 მატჩი 16-ქულიანი სხვაობით დასრულდა – 78:61(სტატისტიკა) ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილმა “ტიტებმა” 2-მატჩიან სერიაში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს “ვერასთან”. ტიტები თავიდანვე დაეპატრონნენ ხელჩასაჭიდ უპირატესობას და მატჩის სადავეები ხელიდან აღარ გაუშვიათ.

დამაჯერებლად ითამაშეს გუნდის ყველა წევრმა, ვინც მოედანზე გავიდა. გამარჯვებულებს გამოკვეთილი ლიდერი არ ყოლიათ – ტიტებმა გუნდურად და რაც მთავარია, გააზრებულად ითამაშა. მესამე პერიოდში, როცა ვერელებმა 22-ქულიანი ჩამორჩენა 11-ამდე შეამცირეს, გუნდის კაპიტანმა და ყველაზე გამოცდილმა წევრმა – ბესიკ ლეჟავამ 2 სამქულიანი ჩააგდო და თავის გუნდს დამაჯერებელი ლიდერობა აღუდგინა.

შეხვედრა ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. ტიტები გამარჯვებამდე მივიდნენ და 26 იანვარს დანიშნული სერიის მეორე მატჩს 16-ქულიანი ჰანდიკაპით ხვდებიან. გამარჯვებულებს 14 ქულითა და ამდენივე მოხსნით ტრისტინ უოლემ ულიდერა. 11 ქულა დააგროვა თემურ ბაბუნაშვილმა, ხოლო კაპიტან ლეჟავას ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა.

24 იანვარს თასის გათამაშების მეოთხედფინალის მეოთხე წყვილი ითამაშებს – ოლიმპიურ სასახლეში, 13:00 საათზე, “ოლიმპი” “ბათუმს” უმასპინძლებს.