ნახევარფინალურ სერიაში დინამო ქუთაისთან დაწინაურდა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ნახევარფინალურ სერიაში დინამო ქუთაისთან დაწინაურდა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალში „დინამო“ და ქუთაისიც“ ჩაებნენ. ამ გუნდების ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი დღეს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართა. შეხვედრა დინამოელთა გამარჯვებით – 74:65 დასრულდა.

თასის გათამაშების ნახევარფინალური სერია 2 მოგებამდეა. შესაბამისად, დინამოელები სერიაში 1:0 დაწინაურდნენ და თუკი 13 მარტს, ქუთაისში დაგეგმილ სერიის საპასუხო მატჩშიც იმარჯვებენ, ფინალში გავლენ.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მართალია, დინამოელები მთელი თამაშის მანძილზე იგებდნენ, თუმცა ქუთაისელები ბრძოლის ხარჯზე მასპინძლებს წინ გაჭრის საშუალებას არ აძლევდნენ და წარმატების შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდნენ.

პირველ მეოთხედში მოედნიდან ქუთაისელთა გამთამაშებელი ბუბა კვიმსაძე გააგდეს. სტუმართა უკანახაზელმა დისკვალიფიკაცია მეტოქეზე უხეშობის გამო მიიღო. კვიმსაძის სახით ქუთაისელებს უკანა ხაზში დიდი ძალა მოაკლდათ, რითაც დინამოელებმა კარგად ისარგებლეს და საწყისი მეოთხედი 22:12 მოიგეს.

სტუმრების ერთ-ერთმა სნაიპერმა, მირზა სარალიამ სამიზნე ვერა და ვერ გაისწორა. მან პირველ ტაიმში 7-დან ვერც ერთი სამქულიანი ვერ ჩააგდო და თამაში 6 ქულით დაასრულა. მისი დინამოელი ოპონენტი კი პირიქით – სერბმა მარკო პოპოვიჩმა პირველ ტაიმში მოპოვებული 16 ქულით დინამოელებს ხელი გვარიანად წააშველა. პოპოვიჩმა, გარი შერმანმა და ბესო ლეჟავამ მეორე ტაიმშიც გააგრძელეს შედეგიანი თამაში და ქუთაისელების ყველა მცდელობა, ჩამორჩენა გაებათილებინათ, ამაო გამოდგა.

მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი დინამოელთა ცენტრის – გარი შერმანის ანგარიშზეა, რომელმაც 21 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა. 23 ქულა დააგროვა მარკო პოპოვიჩმა, ბესო ლეჟავას ანგარიშზე კი 11 ქულა დაგროვდა. „ქუთაისში“ 16 ქულით დავით ბარბაქაძე გამოირჩა, შედეგიანად გაისარჯა სტუმართა სენეგალელი ცენტრი აბდულაი ნდოე – 9 ქულა, 11 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა.

ნახევარფინალური სერიის საპასუხო შეხვედრა 13 მარტს, ქუთაისში გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): რთული თამაში გვქონდა.  დადებითი ის არის, რომ მოვიგეთ. მიუხედავად ცუდი თამაშისა, მაინც მოვახერხეთ გამარჯვება. მაქვს იმედი, რომ მოვუმატებთდა იმ შეცდომებს, რომლებიც გვქონდა, აღარ დავუშვებთ. გასვლითი თამაში საკმაოდ რთულია,თუმცა შევეცდებით შეცდომები შევამციროთ. ვნახოთ, რა იქნება, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.

მიხეილ კობეშავიძე(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი): რაც ქუთაისში ჩამოვედი მწვრთნელად, ასეთი საშინელი თამაში არ მახსოვს. ძალიან ცუდად ვითამაშეთ როგორც დაცვაში, ისე თავდასხმაში. ვნახავთ ჩანაწერს, გავაანალიზებთ და შემდეგ გავაკეთებთ დასკვნებს. ცხელ გულზე დასკვნების გამოტანა არ მინდა.