დეღს საქართველოს თასის კიდევ ერთი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. ტყიბულში, ადგილობრივმა ორბმა 79:69 (სტატისტიკა) დაამარცხა ბათუმი, მაგრამ სერიაში გამარჯვებული აჭარული გუნდი გამოვიდა. ეს მოხდა იმის გამო, რომ ტყიბულელებს მერვედფინალური სერიის პირველი მატჩი 22 ქულით ჰქონდათ წაგებული. შესაბამისად, ორბს ამაზე მეტით მოგება სჭირდებოდა, რასაც ვერ მიაღწია და თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
შეხვედრა წინა მატჩის მსგავსად ტყიბულში იმის გამო გაიმართა, რომ ბათუმის დარბაზი შეხვედრის სამასპინძლოდ მზად არ აღმოჩნდა. აღნიშნული მატჩი 25 იანვარს, აჭარის დედაქალაქში უნდა გამართულიყო, თუმცა თამაშის ტაბლოს გაუმართაობის გამო ვერ დაიწყო. ტექნიკური ხარვეზის გამოსწორება ვერ მოხერხდა და მატჩი მეორე დღეს, 26 იანვარს, ტყიბულის დარბაზში დაიგეგმა. ბათუმი, რომელსაც 22 ქულით ჰქონდა ტყიბულში მოგებული, ისევ სტუმრად თამაშს დათანხმდა, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან ტაბლოს გამართვა ვერც მეორე დღეს ვერ მოხერხდა.
თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ხან ორბი იყო წინ, ხანაც – ბათუმი. ბოლო პერიოდის წინ აჭარული გუნდი ქულით იგებდა, თუმცა ბოლო ათწუთეულში მოეშვა და ტყიბულელებმაც გამარჯვების მოპოვება შეძლეს. აჭარლებმა თავი აღარ მოიკლეს და როგორც იტყვიან, ზომიერების ფარგლებში წააგეს.
მეოთხედფინალში გასულ ბათუმს მეტოქედ გურჯაანის დელტა დახვდა. მეოთხედფინალური სერიები მარტის თვეში გაიმართება, თუმცა მანამდე 3 მეოთხედფინალისტია გამოსავლენი და მათი ვინაობა 27 იანვრის მატჩების შემდეგ გაცხადდება.