ქუთაისი საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა

ქუთაისი საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა

საქართველოს თასის გამარჯვებული საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010” გახდა, რომელმაც თბილისი არენაზე გამართულ ფინალურ მატჩში 83:76 (სტატისტიკა) დაამარცხა ტიტულის მოქმედი მფლობელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თსუ-მ თასი შარშან, აპრილში ასწია, როცა ფინალურ მატჩში ნახევარფინალიდან ქუთაისელთა გამგდები გორის “ივერიონი” დაამარცხა. უნივერსიტეტელები ტიტულის შენარჩუნებას დიდად ეშურებოდნენ და ფინალურ მატჩში ქუთაისელებს დიდი ბრძოლაც გაუმართეს.

თსუ-ს აკლდა ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, ეროვნული ნაკრების წევრი, ალექსანდრე ფევაძე, რომელმაც 12 აპრილს, გურჯაანთან მატჩში ტრავმა მიიღო. ქუთაისი სრული შემადგენლობით იყო და ამის გათვალისწინებით ფავორიტის სტატუსი ოდნავ იმერული კლუბისკენ იხრებოდა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა და საბრძოლოდ შემართულმა თსუ-ელებმა სამაგალითოდ იბრძოლეს, თითქმის მთელი 3 პერიოდი ქუთაისელებს ამარცხებდნენ და ძალები ბოლო პერიოდში არ ეყოთ.

ეს იყო უფრო ტაქტიკური დაპირისპირება. მეტი ყურადღება დაცვაზე, რაც სიხისტის კვალს ატყობდა თამაშის მსვლელობას. ქუთაისელები ბოლო პერიოდამდე უმეტესად მდევრის როლში იყვნენ, თსუ-ს მოთამაშეები საშემსრულებლო ოსტატობით იხვეჭდნენ ქულებს და პერიოდულად ცდილობდნენ ფარქვეშ ბურთი გიგანტი კარსონ ბაშამისთვის მიეწოდებინათ. ბაშამს ფარქვეშ მედგრად ეპაექრებოდა აკაკი დვალიშვილი, რომელსაც გიორგი კორსანტიაც ენაცვლებოდა. ერთიანი ძალებით პირველ ნახევარში აქტიური კარსონი ქუთაისელებმა გააჩერეს, თუმცა მხოლოდ ეს ხომ არ იყო. 

მთავარი ამბები ბოლო პერიოდის დაწყებისას მოხდა. ქუთაისელებმა მესამე პერიოდის მიწურულს გიორგი ოჩხიკიძის შედეგიანობით მოახერხეს 2 ქულით დაწინაურება და ბოლო ტაიმთშორის შესვენებაზე 63:61 დაფიქსირდა. ქუთაისმა ეს შეხვედრა მოიგო ბოლო პერიოდის საწყის 5 წუთში, რომელშიც დაცვაში უძლიერესად ითამაშა, რასაც მთავარი მწვრთნელი, კოტე ტუღუში მანამდეც ეშურებოდა, მაგრამ მოთამაშეებს გეგმის შესრულება უჭირდათ. მართალია თავად მხოლოდ 5 ქულა ჩააგდო, თუმცა თსუ-ს აღნიშნულ 5-წუთეულში ერთიც არ ჩააგდებინა. მართალია, მთელი 5 წუთი წინ იყო, თუმცა ქუთაისმა გაუვალი დაცვით აჩვენა, რომ საბოლოოდ ალღო აუღო თსუ-ს ლიდერების ფანდებსა და განზრახვებს. 

ქუთაისის საჯარიმო საიმედოდ იყო დაცული და პერიმეტრიდან თსუ-მ ვერ ჩააგდო (ისევ და ისე მჭიდრო მეურვეობის გამო). მეფარე ვილი ისიანი პერიმეტრზე ავიდა და პირველი სამქულიანი ჩააგდო, რითაც ვითარება ოდნავ დაძაბა (თსუ-ს ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა), თუმცა მეორე სამიანი აუცდა, ქუთაისელთა გამთამაშებელმა გიორგი ოჩხიკიძემ კი მიჯრით 5 ქულა მიითვალა, რითაც თსუ საბოლოოდ გატყდა და ბოლო წუთი უნივერსიტეტელებმა ინერციით ბრძოლაში გალიეს.

ქუთაისელებმა საქართველოს თასი მე-5-ედ მოიგეს, რაც ქართულ კალათბურთში საუკეთესო შედეგია. თასის გათამაშების საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ოჩხიკიძე დასახელდა, რომელიც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა დააჯილდოვა. ქუთაისის გუნდის წევრებმა ტიტულის მოგების აღსანიშნავად მედლები მიიღეს, ხოლო საქართველოს თასი გამარჯვებულთა კაპიტანს, აკაკი დვალიშვილს სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა გადასცა.