ქუთაისი საქართველოს თასის მფლობელია (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

ქუთაისი საქართველოს თასის მფლობელია (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

საქართველოს თასს ახალი მფლობელი ჰყავს. მალხაზ კოხრეიძისა და მედეა მხეიძის გაწვრთნილმა ქუთაისლებმა ქართული კალათბურთის ერთ-ერთი უმთავრესი ტიტული პირველად მოიგეს. იმერული კლუბი თასის გათამაშების ფინალში 2 წლის წინაც იყო, თუმცა მაშინ ტიტული ,,არმიასთან’’ დაძაბულ ბრძოლაში დათმო. დღეს კი მიმდინარე სეზონის ყველაზე მებრძოლი გუნდი – უხელფასოდ მოთამაშე “სოხუმი” 81:66  დაამარცხა და არსებობის ისტორიაში ყველაზე ძვირფას ტიტულს დაეპატრონა.

3 მეოთხედის განმავლობაში სოხუმელებმა მეტოქეს ტოლი არ დაუდეს. ბოლო მეოთხედამდე ძალიან დაძაბული, საინტერესო და დაძაბული თამაში მიმდინარეობდა. ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა ხელჩასაჭიდი უპირტესობის მოპოვებას. ყველაზე დიდი სხვაობა პირველად მესამე მეოთხედის ბოლო წუთზე დაფიქსირდა, როცა ზაურ ფაშაევისა და დავით ბარბაქაძის ქულებით ქუთაისლები 58:49 დაწინაურდნენ.

გარდამტეხი სწორედ მესამე პერიოდი გამოდგა, როცა სოხუმელებმა ერთხელ შეძლეს ქუთაისლების შემოტევის მოგერიება. აღნიშნული ათწუთეული რომ დაიწყო, ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილმა გუნდმა 6-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა – 38:32. ამას მოჰყვა 3-წუთიანი მონაკვეთი, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთმაშედ დასახელებული გიორგი ბარბაქაძის შედეგიანობით ქუთაისლებმა 13:0 მოიგეს. ბარბაქაძემ აღნიშნულ მონაკვეთში 2 სამიანი და 2-იანი ჩააგდო, 8 ქულა მოიპოვა და იმერული კლუბი 45:38 დააწინაურა.

პერიოდის დასრულებამდე 2 წუთით ადრე სოხუმელებმა ჩამორჩენის მინიმუმამდე შემცირება მოახერხეს,  თუმცა ეს აღმოჩნდა მათი მაქსიმუმი. როგორც აღვნიშნეთ, მესამე პერიოდის ბოლომდე იმერლებმა ლიდერობა 9 ქულამდე გაზარდეს, ხოლო დაიწყო თუ არა მეოთხე პერიოდი, კოხრეიძის გუნდმა ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა და რამდენიმე წუთში მატჩის ბედი გადაწყდა.

ქუთაისლებმა გუნდურად ითამაშეს – ექვსმა მათგანმა 10-ქულიან ზღვარს გადააჭარბა. ბომბარდირი 18 ქულით ზაურ ფაშაევი გახდა, ფინალის საუკეთესო გიორგი ბარბაქაძემ კი 16 ქულა მიითვალა. 16 ქულით და 20 მოხსნით დაასრულა შეხვედრა აკაკი დვალიშვილმა, გოგა ცეკვავას ანგარიშზე კი 13 ქულა და 6 პასი დაგროვდა. “სოხუმში” 23 ქულით საუკეთესო ვახტანგ ქადარია გახლდათ, ჯერემი სიმონსმა კი პირად ანგარიშზე 17 ქულა ჩაიწერა.

მატჩის შემდეგ დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. საუკეთესო მოთამაშე – გიორგი ბარბაქაძე სპეციალური პრიზით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ დააჯილდოვა, რომელმაც ქუთაისელთა მწვრთნელს და მოთამაშეებს გამარჯვების სიგელები გადასცა. “ქუთაისის” კაპიტან დავით ბარბაქაძეს საქართველოს თასი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა გადასცა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

მედეა მხეიძე (,,ქუთაისის’’ მწვრთნელი): მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, მთლიანად გუნდს, ჩვენს გულშემატკივრებს და ყველას, ვისაც ჩვენი წარმატება გაუხარდა. თავიდანვე ვიცოდით, რომ ფინალი ასეთი დაძაბული იქნებოდა. წინასამატჩო პრესკონფერენციაზეც აღვნიშნე, რომ ასეთი თამაშების წინ პროგნოზის გაკეთება რთულია, ეს გამართლდა კიდეც. ორივე გუნდს ჰქონდა თავისი პლიუსები და უპირატესობა, ,,სოხუმის’’ ბიჭები კარგად შეთამაშებული იყვნენ და პირველ ტაიმში გარედან საკმაოდ კარგად ესროდნენ, რასაც ჩვენს გუნდზე ვერ ვიტყვით. ამას ფინალის თანმდევი ნერვილობა და დაძაბულობა იწვევს, როგორი გამოცდილი და ძლიერი გუნდიც არ უნდა იყო, ფინალში მაინც დაძაბული ხარ. მეორე ნახევარში უფრო კარგად ვიასპარეზეთ, გუნდურად ვითამაშეთ, ფარქვეშაც და პერიმეტრზეც უკეთ წაგვივიდა თამაში. ,,სოხუმი’’ ემოციურად და ფიზიკურად საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მოვიდა ფინალამდე და მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო ასეთი შეხვედრისთვის. დარმწუნებული ვარ, ერთნაირ პირობებში რომ ვყოფილყავით, შეიძლებოდა სხვანაირი შედეგი დამდგარიყო.

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ ,,ქუთაისს’’ გამარჯვებას, დამსახურებულად მოიგეს, ძლიერი ჯგუფი გაიარეს და ფინალშიც წარმატებულად იასპარეზეს. ,,ქუთაისი’’ ქართული კალათბურთის ბრენდია. ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის გვიჭირს. წინასწარ ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა. დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ბიჭებს, რომლებიც ფინალამდე დიდი ბრძოლის ხარჯზე მოვიდნენ. დღეს ვეღარ გავუძელით სტრესს, ფსიქოლოგიურად ვერ მოვამზადე ბიჭები სათანადოდ, სკამიც ვერ გამოვიყენეთ. ამ თამაშის წაგებას, პირველ რიგში, ჩემს თავზე ვიღებ. მეორე მხრივ, ჩვენმა ფინანსურმა პრობლემებმაც სერიოზული გავლენა იქონია. ლეგიონრები რომ არ წასულიყვნენ, ალბათ სხვანაირ შედეგს ვიხილავდით.

გიორგი ბარბაქაძე(,,ქუთაისი’’): უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც თბილისში ჩამოვიდა და ბოლომდე გვერდში დაგვიდგა. რაც შეეხება თამაშს, კარგი ფინალი შედგა, დაძაბული თამაში იყო, ფაქტობრივად, ბოლო პერიოდში გადაწყდა მატჩის ბედი. ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც ვემზადებოდით ამ თამაშისთვის, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საწადელისთვის მიგვეღწია და შედეგიც სახეზეა. დიდ მადლობას ვეტყვი ,,სოხუმის’’ გუნდს, ბიჭებმა ყველაფერი ჩადეს ამ თამაშში და დაამტკიცეს, რომ არ იმსახურებენ ასეთ მდგომარეობაში ყოფნას. იმედია, მათი პრობლემები გადაწყდება და გუნდს უპატრონოდ აღარავინ დატოვებს.
გრიგოლ შვანგირაძე(,,სოხუმი’’): პირველ რიგში, ვულოცავ ,,ქუთაისის’’ გუნდს დამსახურებულ გამარჯვებას. ასეთი თამაშის წინ პროგნოზების გაკეთება ნამდილად რთულია. მესამე მეოთხედამდე დაძაბული შეხვედრა იყო, შემდეგ კი კონტრშეტევებში გაგვტეხა მეტოქემ და ბევრი შეცდომა დავუშვით. ბევრი ფაქტორი იყო, რამაც გავლენა იქონია ჩვენს თამაშზე, იმ პირობების და ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით, რომელშიც ,,სოხუმის’’ გუნდია, ფინალში გასვლაც დიდი წარმატება იყო. ვამაყობ ჩემი გუნდით. ,,ქუთაისს’’ კი კიდევ ერთხელ მივულოცავ თასის მოგებას.