ქუთაისმა კავკასიას დამაჯერებლად სძლია და ფინალურ სერიაში დაწინაურდა

ქუთაისმა კავკასიას დამაჯერებლად სძლია და ფინალურ სერიაში დაწინაურდა

სუპერლიგის ფინალური სერია ქუთაისში, მასპინძლების გამარჯვებით გაიხსნა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა “ქუთაისი 2010”-მა 93:75 (სტატისტიკა) დაამარცხა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი და სერიაში 1:0 დაწინაურდა. ჩემპიონი ის გუნდი გახდება, რომელიც სერიაში 3 მოგებას მოიპოვებს, შემდეგი შეხვედრა კი ისევ ქუთაისში, ხვალ, 22 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება.

დღევანდელი მატჩი მასპინძლებმა დამაჯერებლად მოიგეს. რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა ქუთაისმა პლეი ოფში მე-7 ადგილიდან გასული კავკასია 18 სხვაობით დაამარცხა. ბექა წივწივაძის გაწვრთნილი კავკასიელებმა რეგულარული მე-7 ადგილზე დაასრულეს, თუმცა პლეი ოფიდან მიყოლებით გააგდეს მე-2-ზე გასული თსუ და მესამეადგილოსანი “გურჯაანი”. ამის გათვალისწინებით, კავკასიას ფინალში ქუთაისელთა ღირსეული კონკურენტის სტატუსი აქვს, თუმცა ეს პირველ მატჩში ვერ გამოავლინა.

ქუთაისელებმა თამაში ისე მოიგეს, თითქმის არ უნერვიულიათ. პირველივე წამებზე რომ დაწინაურდა, ქუთაისი მთელი თამაში ლიდერობდა. მხოლოდ პირველი ნახევრის ბოლო წამზე, ლევან გოგიჩაიშვილის საჯარიმოების შემდეგ მოახერხა კავკასიამ გათანაბრება. პირველი ტაიმი 44:44 დასრულდა, თუმცა მესამე ათწუთეული გამოდგა გარდამტეხი, რომელიც მასპინძლებმა 28:12 (!) მოიგეს. აღნიშნული პერიოდის გმირი გამოდგა დეტრიკ ბრაუნიგი, რომელმაც მესამე ათწუთეულში 16 ქულა ჩააგდო. 

16 ქულით დაწინაურებულმა ქუთაისელებმა მეოთხე პერიოდში უპირატესობა იოლად შეინარჩუნეს. შეხვედრა გამარჯვებამდე გართულებების გარეშე მიიყვანეს და სერიაში დაწინაურდნენ. ბრაუნინგმა მთლიანობაში 26 ქულა დააგროვა, რასაც 5 პასი და 4 მოხსნა მოაყოლა. ქუთაისელთა ამერიკელ ლეგიონერზე მეტად შედეგიანი გამოდგა გიორგი კორსანტია, რომელმაც სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ის იყო ქუთაისელთა გარანტი სამწამიან ზონაში და პერიმეტრზეც. კორსანტიას ანგარიშზე 17 ქულა, 14 მოხსნა, 7 პასი და 2 დაფარება დაგროვდა. 14 ქულა დააგროვა გიორგი ოჩხიკიძემ. კავკასიაში 17 ქულით, 10 მოხსნითა და 5 პასით საუკეთესო იყო ჯავაუნ დენიელსი. 15 ქულა ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა, ხოლო 12 – ილია ლონდარიძემ დააგროვა. 

ფოტო Bc Kutaisi 2010 – სკ ქუთაისი