დღეს სტარტი აიღო საქართველოს თასის გათამაშებამ, რომელშიც სუპერლიგის 11-ივე და “ა” ლიგის 5 გუნდი მონაწილეობს. წილისყრის შედეგად გუნდები მერვედფინალში დაწყვილდნენ და იანვრის დარჩენილ პერიოდში ტურნირის 8 საუკეთესო გვეცოდინება. მერვედფინალური სერიები 2-მატჩიანია და ასევე იქნება მარტის თვეში დაგეგმილი მეოთხედფინალებიც. საუკეთესო კვარტეტი ოთხთა ფინალის საგზურს მოიპოვებს, რომელიც 9-10 აპრილს გაიმართება და იქ სერიების ნაცვლად ერთმატჩიანი ნახევარფინალები და ფინალი იქნება.
დღეს 4 მერვედფინალურ სერიაში პირველი მატჩები გაიმართა. მხოლოდ 1 წყვილში დაფიქსირდა მოულოდნელი შედეგი: “ა” ლიგის წარმომადგენელმა, ახალშექმნილმა ვიქტორ სანიკიძის აკადემიამ 84:81 (სტატისტიკა) დაამარცხა სუპერლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრი “ბათუმი”. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორმატჩიან სერიაში აკადემიელები 3 ქულით დაწინაურდნენ. საპასუხო შეხვედრა 25 იანვარს, ბათუმში გაიმართება და თუ აჭარულმა კლუბმა 4 ქულით არ იმარჯვა, მეოთხედფინალში ვსა გავა. 3-ქულიანი სხვაობით გამარჯვების შემთხვევაში ოვერტაიმი დაინიშნება.
დანარჩენ 3 შეხვედრაში მეტ ინტერესს სუპერლიგის გუნდების – რაშისა და გორის ივერიონის დაპირისპირება იწვევდა. სუპერლიგის 2 დებიუტანტის მატჩი შიდაქართლელთა გამარჯვებით – 94:80 (სტატისტიკა) დასრულდა, რაც დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილი გორელებისთვის გვარიანი ჰანდიკაპია. შინაურ კედლებში, 27 იანვარს დანიშნულ სერიის საპასუხო მატჩში, ივერიონს 14-ქულიანი უპირატესობის შენარჩუნება მართებს.
კიდევ 2 წყვილში სუპერლიგისა და “ა” ლიგის გუნდები ხვდებიან. ქუთაისმა სერიის პირველი მატჩი თბილისი არენაზე დამაჯერებლად 95:76 (სტატისტიკა) მოუგო ვერას და საპასუხო შეხვედრის წინ 19-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. კიდევ უფრო დიდი სხვაობა დაფიქსირდა გაუ-სა და ასტრალის მატჩში. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდმა 34 ქულით – 97:63 (სტატისტიკა) დაამარცხა ასტრალი და მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
მერვედფინალის დარჩენილ 4 წყვილში სერიის პირველი მატჩები 23 იანვარს გაიმართება:
თსსუ – თსუ 14:00
კავკასია – ორბი 16:00
სოხუმი-საქართველო – გურჯაანი 18:00
მარგვეთი – რუსთავი 20:00