დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს თასის გათამაშებამ, რომელშიც 16 გუნდი მონაწილეობს. პირველად, ისტორიაში, თასის გათამაშებაში სუპერლიგისა და “ა” ლიგის ყველა წარმომადგენელი ასპარეზობს, რაც ამ ტურნირს უფრო მასშტაბურს და საინტერესოს ხდის.
გათამაშების ფორმატის თანახმად, 16 გუნდი კლასიფიკაციის შედეგად 2 კალათაში განითესა და მერვედფინალში დაწყვილდა. პლეი ოფში, ყველა სტადიაზე სერია 2 მოგებამდე გაგრძელდება, ხოლო ფინალში გასული გუნდები თასის მფლობელს ერთი მატჩით გამოავლენენ.
დღეს 3 მატჩი გაიმართა. პირველად ოლიმპიური სასახლის ფიცარნაგზე “დელტა” და “რუსთავი” გამოვიდნენ. მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რომლის ბედიც ძირითადმადრომ ვერ გაარკვია. შეხვედრის 40 წუთის ბოლოს თანაბარი ანგარიში – 65:65 დაფიქსირდა, დამატებით ხუთწუთეულში კი “დელტამ” იმარჯვა (73:69) და სერიაში 1:0 დაწინაურდა.
გამარჯვებულთაგან 15 ქულით გამოირჩა მალკოლმ დრამრაითი. 14-14 ქულა საბა ლობჯანიძემ და ბექა ბექაურმა დააგროვეს. ბექაურის ანგარიშზე 13 მოხსნაც იყო. “რუსთავში” ორმაგა გი დუბლით (15 ქულა, 19 მოხსნა) გამოირჩა აჰმედ მოავადი. 19 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა ისააკ ბენქსს.
ამ გუნდებს შორის მერვედფინალური სერიის მეორე მატჩი 28 იანვარს რუსთავში გაიმართება. თუკი რუსთაველები იმარჯვებენ, დაინიშნება მე-3, გადამწყვეტი შეხვედრა, რომელსაც “დელტა” ოლიმპიურ სასახლეში თებერვლის თვეში უმასპინძლებს.
მეორე მატჩში საკმაოდ საინტერესო ბრძოლა შედგა. “კაკტუსი” პირველი ნახევრის შემდეგ 20 ქულით ამარცხებდა “დინამოს”, თუმცა მესამე პერიოდი 21:29 დათმო და ბოლო პერიოდში ლიდერობიდან არაფერი შერჩა. მატჩის ბოლო სწინა წუთზე კაკტუსელები 3 ქულით იგებდნენ, როცა 17 წლის ვლადიმერ თავაქარაშვილმა მიჯრით 2 სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრის დასრულებამდე 40 წამით ადრე “დინამო” 76:73 დააწინაურა. დინამოელებმა შეტევა მოიგერიეს და მატჩის ბედიც მათ სასარგებლოდ გადაწყდა.
გამარჯვებულებს 21 ქულით დემაგოი ბუბალომ ულიდერა. 16 ქულა მიითვალა რეჯერ დოუელმა, მიხელ ჭოჭუას ანგარიშზე კი 11 ქულა დაგროვდა. “კაკტუსში” 21-21 ქულით დელანო სპენსერი და დომინიკ ელიოტი გამოირჩნენ.
საპასუხო შეხვედრა 29 იანვარს ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
დღის ბოლო მატჩში ერთმანეთს “ოლიმპი” და პირველლიგელი “თბილისი” დაუპირისპირდნენ. თბილისელებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს სუპერლიგის ერთ-ერთ სოლიდურ გუნდს. მატჩის დასრულებამდე 3 წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა, “ოლიმპი” რომ 3 ქულით ჩამორჩებოდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ყველაფერი ლოგიკას დაემორჩილა. 4 ლეგიონერით გაძლიერებულმა “ოლიმპმა” მთლიანად ქართველებით დაკომპლექტებულ “თბილისს” 95:82″ მოუგო და სერიაში 1:0 დაწინაურდა.
მერვედფინალური სერიის მეორე მატჩი ოლიმპიურ სასახლეში 28 იანვარს, 14:00 საათზე გაიმართება.
თამაშების სტატისტიკა იხილეთ საქართველოს თასის გათამაშების გვერდზე: http://gbf.ge/tournament/georgian-cup/schedule#mbt:275-303$t&0=1