საქართველოს თასის რვავე მეოთხედფინალისტი გამოვლენილია. დღეს, საქართველოს 3 ქალაქში 3 შეხვედრა გაიმართა და თასის გათამაშების 5 მეოთხედფინალისტს 3 შეემატა. შედეგები მოსალოდნელი დაფიქსირდა. იმ გუნდებმა, რომლებსაც მერვედფინალური სერიის პირველი მატჩები მოგებული ჰქონდათ, კვლავ იმარჯვეს და მეოთხედფინალში მეორე ფეხითაც შეაბიჯეს.
თსუ-ს, რომელიც საქართველოს თასის მოქმედი მოქმედი მფლობელია, “ა” ლიგის წარმომადგენელ თსსუ-სთან პირველი მატჩი 40 ქულით ჰქონდა მოგებული. საპასუხო მატჩში სახელმწიფო უნივერსიტეტელებმა 109:87 (სტატისტიკა) იმარჯვეს და მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდ გაუ-ს დაუპირისპირდებიან.
სუპერლიგისა და თასის გათამაშების კიდევ ერთმა ფავორიტმა ქუთაისმა “ა” ლიგის წარმომადგენელ “ვერას” ამჯერად მხოლოდ 3 ქულით – 83:80 (სტატისტიკა) სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა. იმერულ კლუბს პირველი შეხვედრა, რომელიც თბილისში გაიმართა, 19 ქულით ჰქონდა მოგებული და თავს კომფორტულად გრძნობდა. ვერამ მხოლოდ ის შეძლო, რომ ღირსეული სხვაობით, ბრძოლაში დამარცხდა და წლევანდელ თასის გათამაშებას გამოეთიშა. მეოთხედფინალში გასული ქუთაისი იმერულ დერბიში ტყიბულის ორბს დაუპირისპირდება.
მესამე და თასის მერვედფინალის უკანასკნელ წყვილში ივერიონმა გორში თბილისის რაშს უმასპინძლა და უხვქულიან მატჩში მეტოქე 118:104(სტატისტიკა) დაამარცხა. გორელებს თავი ქუდში ჰქონდათ, რადგან 5 დღის წინ, სერიის პირველ შეხვედრაში, თბილისში 14 ქულით იმარჯვა და საკუთარ მოედანზე კომფორტულ სიტუაციაში იყო. ივერიონმა ისარგებლა უპირატესობით და მეტოქეს ამჯერადაც 14 ქულით სძლია. ასე და ამგვარად გორელები მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც გურჯაანის დელტას დაუპირისპირდებიან.
მეოთხედფინალური სერიებიც 2-მატჩიანი იქნება, რომლის კალენდარიც რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება. მეოთხედფინალური სერიების მომგები გუნდები ოთხთა ფინალში 9-10 აპრილს ითამაშებენ.