საქართველოს თასის კენჭისყრა

საქართველოს თასის კენჭისყრა

2015-16 წლების სეზონის საქართველოს თასის გათამაშება 20 იანვარს დაიწყება. ტურნირში მონაწილეობას 10 გუნდი მიიღებს და წინა გათამაშებებისგან განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. თასის გათამაშებაში სუპერლიგის 8-ვე და „ა“ ლიგის 2 გუნდი – ვითა და წყალტუბო“ მიიღებენ მონაწილეობას.

საკვალიფიკაციო ეტაპზე სუპერლიგის საწყისი 2 წრის შემდეგ მე-8 ადგილზე მყოფი „აკადემია“ და „ა“ ლიგის გუნდები – ვითა და წყალტუბო მიიღებენ მონაწილეობას. თასის გათამაშება მთლიანად ოლიმპიური სისტემით ჩატარდება და პლეი ოფში, თითოეული ბარიერის გადასალახავად 1 გამარჯვება იქნება საკმარისი.

პირველ საკვალიფიკაციო მატჩში ერთმანეთს „ა“ ლიგის გუნდები – ვითა და წყალტუბო ითამაშებენ. გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო მატჩში სუპერლიგის მე-8 ადგილზე მყოფ  „აკადემიას“ შეხვდება. მეორე საკვალიფიკაციო მატჩში გამარჯვებული გუნდი მოიპოვებს თასის გათამაშების ძირითად – მეოთხედფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას.

მეოთხედფინალში გუნდები შემდეგი პრინციპით დაწყვილდებიან. სუპერლიგის საწყისი 2 წრის შემდეგ 1-4 ადგილებზე მყოფი გუნდები პირველ კალათაში იქნებიან, ხოლო სუპერლიგის ცხრილში მე-5, მე-6, მე-7 ადგილებზე მყოფი გუნდები და საკვალიფიკაციო მატჩებში გამარჯვებული მეორე კალათაში იქნებიან თავმოყრილნი. მეოთხედფინალური პლეი ოფი 1 გამარჯვებამდეა და მატჩები პირველ კალათაში მყოფი გუნდების მოედანზე გაიმართება.

ნახევარფინალიც და ფინალშიც ერთ მოგებამდეა და მოედნის უპირატესობა სუპერლიგის მეორე წრის შემდეგ ცხრილში უფრო მაღლა მყოფ გუნდებს ექნებათ.