საქართველოს თასის ნახევარფინალისტთა ვინაობა ცნობილია

საქართველოს თასის ნახევარფინალისტთა ვინაობა ცნობილია

ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დასრულდა 2012 წლის საქართველოს თასის მეოთხედფინალურ შეხვედრები და ნახევარფინალისტთა ვინაობაც გაირკვა.

დღის პირველ მატჩში ,,ოლიმპმა“ სტუ 87:60 გაანადგურა და ნახევარფინალში საგზური იოლად მოიპოვა. ოლიმპელთა შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ შეასრულა: ილიცა მილუტინოვიჩმა 17 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა, ხოლო მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე 17 ქულა და 12 მოხსნაა. ,,ტექნიკოსთა“ რიგებში გამოირჩა გიორგი ხანიაშვილი, რომელმაც 20 ქულა მიითვალა.

,,არმიასა“ და თსსუ-ს შეხვედრაში  ,,ძალოვნებმა“ დიდი სხვობით, 109:77 იმარჯვეს. ,,არმიას“ 28 ქულით ბენჟამინ ვუდსაიდმა ულიდერა, ხოლო სამედიცინოს რიგებში 22 ქულითა და 18 მოხსნით ორმაგი დუბლი გიორგი ფერიაშვილმა შეასრულა.

დიდ ინტერესს იწვევადა ,,ქუთაისი” – ,,დინამოსა” და ,,სოხუმი” – შსს-ს შეხვედრები, რომლებმაც წინა ორი მატჩისგან განსხავავებით დაძაბულად და ემოციურად ჩაიარა.

,,ქუთაისისა” და ,,დინამოს” დაპირისპირებაში ,,იმერლებმა“ მინიმალური სხვაობით, 66:65 იმარჯვეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც მათი მეტოქე ,,ოლიმპი“ იქნება. მატჩის პირველი ნახევარი ქუთაისელთა უპირატესობით წარიმართა, რომლებიც დიდი შესვენებისთვის 35:22 დაწინაურდნენ. უშეღავათო ბრძოლა გაიმართა მესამე მეოთხედში, სადაც დინამოლები ძალიან აქტიურად ათამაშდნენ და მესამე პერიოდის მიწურულს სხვაობა 2-ქულამდე შეამცირეს – 50:48. გადამწყვეტი გამოდგა დასკვნითი მეოთხედი, რომელიც გუნდების თანაბარი უპირატესობით წარიმართა, მატჩის დასრულებამდე 18 წამით ადრე ქუთაისი 65:62 დაწინაურდა, დარჩენილ დროში  კი მიუხედავად
დიდი ბრძოლისა, ,,დინამომ”  ვეღარ შეძლო მეტოქისთვის სათანადო წინაღმდეგობის გაწევა და საქართველოს თასის გათამაშებას მეოთხედფინალში გამოეთიშა. ქუთაისელთა მხრიდან ყველაზე მეტი 15 ქულა რიჩარდ მათიაშვილმა დააგროვა, ხოლო ,,დინამოს“ რიგებში 16-16 ქულა დუდა სანაძისა და ქიენ კარტერის ანგარიშზეა. კარტერმა 17 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო სანაძეს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნაღა დააკლდა.

დრამატულად წარიმართა დასკვნითი მეოთხედფინალური მატჩი ,,სოხუმსა“ და შსს-ს შორის, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა ოვერტაიმში მინიმალური სხვაობით, 74:73 დაამარცხა მეტოქე და ნახევარფინალური საგზური მოიპოვა. შეხვედრა გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, გამარჯვებულთა ვინაობა კი ძირითადი დროის ამოწურვის შემდეგაც არ გარკვეულა. მატჩის დასრულებამდე 27.6 წამით ადრე, როდესაც შსს ერთი ქულით დაწინაურდა, ლაშა ფარღალავამ მეტოქის კალათში 2-ქულიანი მოათავსა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა – 65:64. მატჩის ძირითადი დროის ამოწურვამდე რამდენიმე წამით ადრე კი ტრეისი სმიტმა 2-საჯარიმოდან მხოლოდ ერთი გამოიყენა და მატჩი ფრედ 65-65 დასრულდა. დამატებითი დრო კიდევ უფრო ემოციური და საინტერესო გამოდგა, შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, როდესაც სოხუმელები 1 ქულით დაწინაურდნენ, შსს-ს მოთამაშე ტრეისი სმიტმა 2-ქულიანი მიითვალა და მატჩი ,,ძალოვანთა“ გამარჯვებით დასრულდა.

სოხუმელებს 24 ქულა ლაშა ფარღალავამ შესძინა, ხოლო 11 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი ლევან ფაცაციამ შეასრულა. შსს-ს შემადგენლობაში ყველაზე მეტი 24 ქულა ლარი ბლერის ანგარიშზეა.

საქართველოს თასის ნახევარფინალური შეხვედრები ხვალ თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. 16 საათზე ფინალური საგზურისთვის ერთმანეთს ,,ოლიმპი“ -,,ქუთაისი“, ხოლო 18 საათზე ,,არმია“- შსს დაუპირისპირდებიან.

ოლიმპი – სტუ

არმია – თსსუ

ქუთაისი – დინამო

სოხუმი – შსს