საქართველოს თასის გათამაშების გამარჯვებული შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდი გახდა. ბერძენი სპეციალისტის გაწვრთნილმა აკადემიელებმა ფინალურ მატჩში „ოლიმპი“ 79:69 დაამარცხეს.
„შსს-აკადემიისთვის“ ეს პირველი ტიტული გახლავთ. „ძალოვნები“ არაერთხელ ახლოს იყვნენ ტიტულის მოგებასთან, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას ვერ ახერხებდნენ. დღევანდელ ფინალში კი კეცელიდისის გუნდმა წარმატების მიღწევა მოახერხა და საქართველოს თასს დაეუფლა.
ფინალური შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. „შსს-აკადემიამ“ გამარჯვების მოპოვება დამატებით დროში მოახერხა. მატჩისთვის განკუთვნილი ძირითად 40 წუთის შემდეგ ფრე – 58:58 დაფიქსირდა. აკადემიელები ბოლო პერიოდში, მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე 16 ქულით – 52:38 იგებდნენ და თითქოს არაფერი ემუქრებოდათ, მაგრამ ბოლო წუთები „ოლიმპმა“ სრული მობილიზებით ჩაატარა და ჩამორჩენის გაბათილება მოახერხა.
ბოლო წუთებში თავი ლიტველმა მარტინას ანდრიუკაიტისმა გამოიჩინა, რომელმაც არაერთი სამქულიანი ჩააგდო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ლიტველი სნაიპერის ბოლო სამიანი, რომელიც ბალტიისპირველმა ფორვარდმა საფინალო სირენამდე 11 წამით ადრე ჩააგდო. ამ სროლის შემდეგ ანგარიში 58:58 გახდა, შსს-ელებმა ბოლო შეტევა ააცილეს და თამაში დამატების დროში გადაიზარდა.
ოვერტაიმი აკადემიელებმა 2 სამქულიანით დაიწყეს – თავი აკაკი ლომოურმა და დეონტა ვონმა გამოიჩინეს. მალე შსს-ელთა უპირატესობამ 8 ქულას მიაღწია და „ოლიმპი“ წაგების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. დარჩენილ 2 წუთში გია კაზანჯიანის გაწვრთნილი ოლიმპელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ 1 კვირის წინ მოგებული პირველ ტიტულს – საკანდელიძე-ქორქიას მემორიალს საქართველოს თასი ვეღარ მიამატეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი, რომელიც კალათბურთის ფედერაციის მიერ იყო დაწესებული, აკადემიელთა ამერიკელმა ლეგიონერმა, დეონტა ვონმა მოიგო, რომელიც 27 ქულით ბომბარდირი გახდა. 16 ქულა დააგროვა და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი დაიდო ილია ლონდარიძემ, ხოლო კირკ არჩიბექმა პირად ანგარიშზე 21 მოხსნა და 12 ქულა ჩაიწერა.
დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი „შსს-აკადემიის“ კაპიტნისთვის თასის გადაცემით დასრულდა. დავით იმნაძეს გარდამავალი თასი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბესიკ ლიპარტელიანმა გადასცა.
შსს აკადემია – ოლიმპი 79:69
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
გეორგის კეცელიდისი (შსს აკადემია): ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი გამარჯვება, რომელსაც ვუძღვნი ჩემს ოჯახს და ძალიან ახლო მეგობარს ტულუს კუფუსს. ასევე ვულოცავ მეტოქე გუნდს ბრწყინვალე თამაშს, რომელიც ძალიან საინტერესო იყო მაყურებლისთვის.
გია კაზანჯიანი (ოლიმპი): ბრწყინვალე მატჩი შედგა, სადაც ღირსეულმა გაიმარჯვა. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, სამწუხაროდ სტივენ მილოშევიჩი არ ყოფილა სათანადო ფორმაში და ვერც სამქულიანებშიც გამოვიჩინეთ თავი.
დეონტა ვონი(მატჩის საუკეთესო მოთამაშე, შსს აკადემია): ჩემი მთავარი პლუსები კარგი გარღვევა და პასებია, თუმცა უნდა აღვნიშნო რომ დღეს მეტოქე გუნდთან თამაში ძალინ გამიჭირდა. თამაში ჩვენთვის სასარგებლოდ დასრულდა, რაც ჩვენი მონდომებისა და მობილიზების დიდი დამსახურებაა.
მიხეილ ბერიშვილი(ოლიმპი): მივულოცავ მეტოქეს ღირსეულ გამარჯვებას, რაც შეგვეხება ჩვენს, თამაშით კმაყოფილი არ ვარ.