21 იანვარს სტარტი აიღო საქართველოს თასის გათამაშებამ. სპორტის ახალმა სასახლემ 2 შეხვედრას უმასპინძლა, რომელთაგან 1 მეოთხედფინალური იყო, ერთიც – საკვალიფიკაციო.
განვმარტავთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპი თასის გათამაშების მეოთხედფინალის ბოლო საგზურის მოსაპოვებლად იმართება და მასში 3 გუნდი – სუპერლიგაში ბოლო, მე-8 ადგილზე მყოფი „აკადემია“ და „ა“ ლიგის 2 წარმომადგენელი – „წყალტუბო“ და „ვითა“ მონაწილეობს.
პირველ საკვალიფიკაციოში „ა“ ლიგელები თამაშობენ, რომლის გამარჯვებულიც მეოთხედფინალში გასასვლელ მატჩში „აკადემიას“ შეხვდება. სწორედ ამ მატჩში მონაწილეობის უფლება მოიპოვა „ვითამ“, რომელმაც „წყალტუბოს“ 83:69 მოუგო“.
საქართველოს თასის გათამაშების პირველი ნახევარფინალისტი კი „სოხუმი“ გახდა. ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში „მგზავრები“ დაამარცხა. შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა, მანამდე კი თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულებამდე 7 წუთით ადრე მგზავრები 57:55 იგებდნენ, თუმცა სოხუმელთა შედეგიანმა თამაშმა შეხვედრის ბედი 3 წუთში გადაწყვიტა. აღნიშნული მონაკვეთი კვარაცხელიას გუნდმა 11:2 მოიგო, 68:59 დაწინაურდა და თასის ნახევარფინალის საგზური გაინაღდა.
სოხუმელებს 19 ქულით ლევან ფაცაციამ ულიდერა. 14-14 ქულა მიითვალეს ფილიპ მილერმა და მეთიუ გლოვერმა. ერთადერთო ორმაგი დუბლი გიორგი ჯგერენაიამ გაიფორმა. დამარცხებულთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო კაჰიმ რენსომი.
ვითა – წყალტუბო 83:69
მგზავრები – სოხუმი 66:74
გთავაზობთ დარჩენილი მეოთხედფინალების გამართვის თარიღებს. „აკადემიასა“ და „ვითას“ მატჩის გამართვის თარიღი მოგვიანებით გამოქვეყნდება.