თასის გათამაშება 3 მატჩით დაიწყო

თასის გათამაშება 3 მატჩით დაიწყო

საქართველოს თასის გათამაშება დღეს 3 მატჩით დაიწყო. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 2 შეხვედრა გაიმართა, ხოლო თელავში – 1. ტურნირში 16 გუნდი მონაწილეობს, რომელთაგან 11 სუპერლიგისაა, ხოლო 5 – “ა” ლიგის. 

გათამაშების ფორმატის თანახმად, 16 გუნდი კლასიფიკაციის შედეგად 4 კალათაში განითესა და მერვედფინალში დაწყვილდა. პლეი ოფის პირველ და მეორე სტადიაში, შესაბამისად – მერვედფინალსა და მეოთხედფინალში სერიები 2-მატჩიანია, რომელთა შედეგადაც გამოვლენილი საუკეთესო კვარტეტი ოთხთა ფინალს ითამაშებს. როგორც ევროპაშია მიღებული, ოთხთა ფინალში 3 მატჩი გაიმართება – 2 ნახევარფინალი და თასის გამოსავლენი, ფინალური შეხვედრა.

წლევანდელი თასის გათამაშება “მგზავრებისა” და “ტიტების” დაპირისპირებით გაიხსნა. მატჩი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. შეხვედრა ისე დაიწყო და 3 პერიოდის მანძილზე ისე მიმდინარეობდა, ცოტა თუ მოელოდა, რომ დაძაბული ფინალი ექნებოდა. 

მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა “ტიტებმა” შეხვედრა მძლავრად დაიწყო და მეტოქეს თითქმის ყველა კომპონენტში ჯაბნიდა. ამიტომაც იყო, პირველ პერიოდის შემდეგ ტიტები 22:10 რომ დაწინაურდნენ და მე-13 წუთისთვის ლიდერობა 18 (!) ქულამდე გაზარდეს. “მგზავრები” არ დანებებულა, ამ გუნდს ძალიან ხშირად უწევს მდევრის როლში ყოფნა და იმდენად კარგად ისწავლა ბრძოლის წარმოება, რომ თუნდაც დიდი ჩამორჩენის გაბათილებას თავისუფლად ახერხებს ხოლმე. 

ამჯერად, ბუბა ბერიშვილის გუნდმა მეთოდურად იწყო საქმის გამოსწორება და დიდი შესვენებისთვის 14 ქულამდე შეამცირა დეფიციტი, მესამე პერიოდის ბოლოს 13 ქულით აგებდა, მთავარი დარტყმა კი მეტოქეს გადამწყვეტ პერიოდში მიაყენა. სტაბილური და დაბალანსებული თამაშის შედეგად მგზავრებმა მოახერხეს მეტოქის სუსტი წერტილის მოძებნა, დაცვა გაამაგრეს და შეტევაშიც გზა გაეხსნათ.

ბოლო წუთებზე ტიტები კბილებით ინარჩუნებდა ლიდერობას, მაგრამ ცხადი იყო, რომ მგზავრების მოთამაშეებმა მოგების ძალა ირწმუნეს და პირველი ლიდერობა ზედ ბოლო წუთზე მოიპოვეს. ჯეიდონ ფრედერიკის სამქულიანით ბერიშვილის გუნდმა მინიმუმამდე შეამცირა ჩამორჩენა, მეტოქის შეტევა მოიგერია და საფინალო სირენამდე 30 წამით ადრე სოსო გოგნაძემ მგზავრები ქულით დააწინაურა. საჭირო იყო ბოლო შეტევის მოგერიება, რაც მგზავრებმა მოახერხა და გამარჯვებას მიაღწია – 61:60 (სტატისტიკა)

მგზავრებში 13 ქულით ბომბარდირი გახდა ტეილორ ედვეი, 12-12 ქულა ოთარ პერტაიამ და ჯეიდონ ფრედერიკმა დააგროვეს. ტიტებში 18 ქულით საუკეთესო იყო ტაილან ბერდსი. 17 ქულა ჯორდონ თალის ანგარიშზეა.

ამ გუნდებს შორის მეორე მერვედფინალური მატჩი 29 იანვარს გაიმართება და შემდეგ ეტაპზე რომ გავიდეს, ტიტებს მინიმუმ 2-ქულიანი გამარჯვება სჭირდებათ.

თბილისში გამართულ მეორე შევხედრაში სუპერლიგელი “კაკტუსი” “ა” ლიგის წარმომადგენელ “ორბს” დაუპირისპირდა და ანგარიშით 87:73 (სტატისტიკა) დაამარცხა. მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილმა ქვედალიგელმა პირველი ნახევარი 39:37 მოუგო სუპერლიგელ მეტოქეს, თუმცა კაკტუსელებმა მეორე ტაიმში თამაში დაალაგეს და თამაში ისე ჩაამთავრეს, პრობლემა აღარ შექმნიათ. ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 30 იანვარს გაიმართება. 

დაბოლოს მესამე სათასო შეხვედრა, რომელიც კახეთში გაიმართა. “ა” ლიგის რეგიონალურმა გუნდმა “ცხუმ-აფხაზეთს” უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ეცადა, წარმატების შანსი არ ჰქონია. სუპერლიგის ცხრილის ზედა ნახევარში მყოფმა გუნდმა დამაჯერებელი – 17-ქულიანი გამარჯვება მოიპოვა (94:77 სტატისტიკა), რაშიც ლომის წილი გიორგი შარაბიძეს (25 ქულა) და ალექსანდრე ფევაძეს (17 ქულა, 10 მოხსნა) მიუძღვით.