საქართველოს თასის გათამაშების 2 ნახევარფინალისტი ცნობილია. მეოთხედფინალური სერიების საპასუხო მატჩები დღეს ქუთაისსა და ბათუმში გაიმართა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ მომდევნო ეტაპზე “სოხუმი” და “ქუთაისი” გავიდნენ.
დავიწყოთ ბათუმით, სადაც სათამაშოდ 23-ქულიანი მარაგით “სოხუმი” ჩავიდა. ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა 2 დღის წინ თბილისში აჭარლები 109:86 დაამარცხა და სერიაში სოლიდური ფორა მოიპოვა. სოხუმელებს ფინანსური პრობლემები აქვთ და ბათუმში მათი წასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. საბოლოოდ “სოხუმი” 8 კალათბურთელით ჩავიდა აჭარის დედაქალაქში და თბილისში კარგად დაწყებული ნახევარფინალური სერია წარმატებით დააგვირგვინა.
“ბათუმმა” “სოხუმი” 80:73 დაამარცხა, მაგრამ ეს საქმეს არ ეყო. როგორც თავში ვთქვით, კვარაცხელიას გუნდს 23-ქულიანი ფორა ჰქონდა და ხსენებულ სხვაობაზე ნაკლებით დამარცხება ხელს აძლევდა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სოხუმელები ნახევარფინალში იოლად არ გასულან – მესამე მეოთხედის მიწურულს მასპინძელთა უპირატესობამ 20 ქულას მიაღწია და სტუმრები სერიის წაგების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩდნენ.
სოხუმელებს პერიოდის დასასრულმა მოუსწრო და 2-წუთიანი შესვენება მათ კარგად გამოიყენეს. ძალები მოიკრიბეს და პრაგმატული სტრატეგიაც შეიმუშავეს. შესვენებიდან დაბრუნებულმა “სოხუმის” კალათბურთელებმა ჩამორჩენის შემცირებას მიჰყვეს ხელი. ირალი ჩლაიძის, ჯერემი საიმონსის, ვახტანგ ქადარიას და რატი ბააკაშვილის შედეგიანობას “ბათუმის” ლიდერობის 6 ქულამდე შემცირება მოჰყვა და სერიის ბედიც აქ გაირკვა – მატჩის დასრულებამდე 4 წუთი რჩებოდა და მასპინძელთა 23 ქულაზე მეტით გამარჯვება ფანტასტიკის ტოლფასი იყო.
7 ქულით გამარჯვებულ “ბათუმს” 26 ქულით ჯეიმი ჯექსონმა ულიდერა, არანაკლები სამუშაო გასწია ჯერემი სეფოლდმა (24 ქულა, 12 მოხსნა), მესამე ლეგიონერმა კი აჭარლებს 19 ქულა და 10 პასი შესძინა. დამარცხებული, თუმცა მთლიანობაში გამარჯვებულ “სოხუმში” კი საუკეთესო ამერიკელი საიმონსი იყო – 26 ქულა, 19 მოხსნა. 10-ქულიანი ბარიერი ჩლაიძემ, ბააკაშვილმა და ქადრიამ დაძლიეს.
ქუთაისში “შსს-აკადემია” ბოლომდე ებრძოლა ადგილობრივ გუნდს, მაგრამ სასურველი ანგარიშის დაფიქსირება ვერ შეძლო. აკადემიელებს მარაგში 3 ქულა ჰქონდათ, რაც არ იყო საიმედო უპირატესობა. არჩილ ჟღენტის გუნდმა თბილისში 79:76 მოუგო იმერულ გუნდს, რაც თავისთავად უკვე წარმატება გახლდათ. “შსს-აკადემიამ” სუპერლიგის პირველ წრეში მხოლოდ 4 თამაში მოიგო და მე-6 ადგილზე მყოფს “ქუთაისთან” სათასო დაპირისპირებაში ფავორიტად არ მიიჩნეოდა. თუმცა 2 ლეგიონერის დამატებით აკადემიელები ისე გაძლიერდნენ, რომ იმერულ კლუბთან ტოლ-სწორად იბრძოლეს და ღირსეულად დამარცხდნენ.
ქუთაისელები მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდნენ, თუმცა “შსს-აკადემია” არ რჩებოდა და წარმატების შანსს ბოლომდე ინარჩუნებდა. გადამწყვეტი მეოთხედის წინ “ქუთაისი” 16 ქულით იგებდა, მაგრამ თბილისელებმა მოიწადინეს და თამაშის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე რეალური შანსი გამოუჩნდათ, როცა ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირეს. დარჩენილ დროში სტუმრებს 5 ქულის გაბათილება ჰყოფნიდათ, მაგრამ ქუთაისელებმა ამის საშუალება არ მისცეს და 102:91 იმარჯვეს. ორი მატჩის ჯამში ქუთაისელებმა 178:170 იმარჯვეს და თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ.
ქუთაისელთა შორის საუკეთესო ბომბარდირი 24 ქულით დავით ბარბაქაძე გახდა, აზერბაიჯანელი ზაურ ფაშაევის ანგარიშზე 21 ქულაა და 8 პასი დაგროვდა, ხოლო გოგა ცეკვავამ 19 ქულა და 8 პასი მიითვალა. შსს-ელთაგან საუკეთესო 24 ქულით ბექა ჩიკვილაძე გახლდათ, ამერიკელმა პერიშ ბრაუნმა კი 23 ქულა და 7 პასი მიითვალა.
თასის მეოთხედფინალების დარჩენილი 2 შეხვედრა ხვალ, თბილისში, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება. “არმია” “რუსთავს” უმასპინძლებს, “დინამო” კი “ოლიმპს” დაუპირისპირდება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ბათუმი -სოხუმი 80:73
ვაჟა კვარაცხელია (სოხუმის მთავარი მწვრთნელი): დიდი მადლობა მინდია გულუას, რომელმაც ფინანსური პრობლემები გადაგვიჭრა. რაც შეეხება თამაშს, ველოდით რომ უაღრესად დაძაბული იქნებოდა და ასეც მოხდა. ჩვენი ბათუმში გამგზავრება გვიან გადაწყდა, ბიჭებს მთელი ღამე არ უძინიათ და გადაღლილები იყვნენ. ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ საბედნიეროდ შევძელით და გავიმარჯვეთ. 23-ქულიანი უპირატესობა ადვილად დასათმობი არ იყო და მან დიდი დამაჯერებლობა შეგვძინა.
ლაშა ოჩხიკიძე (ბათუმის მწვრთნელი): რთული თამაში იყო, 20 ქულას ვიგებდით თუმცა მარცხი განვიცადეთ. არადა სულ ცოტა დაგვაკლდა გამარჯვებამდე. მადლობა ბიჭებს ჩინებული თამაშისთვის და თავდადებისთვის.
ქუთაისი -შსს აკადემია 102:91
არჩილ ჟღენტი (შსს აკადემიის მთავარი მწვრთნელი): ძალიან ცუდად ვითამაშეთ დაცვაში, ნამდვილი კატასტროფა იყო. უნდა აღვნიშნო ზაზა მაჩალაძის არაობიქტური მსაჯობა, რომელიც აშკარად მოწინააღმდეგე გუნდს ემხრობოდა. ვფიქრობ ქუთაისში მისი მსაჯობა ყოვლად დაუშვებელია, მით უმეტეს რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის მისი მხრიდან. ტრავმირებულია მილე ილიჩი, რომელსაც წინა შეხვედრაზე ტრავმა გაუმიზეზდა და ჯერჯერობით სათანადო ფორმაში არ იმყოფება. სამწუხაროა რომ თასის გათამაშებას გამოვეთიშეთ, თუმცა სუპერლიგისთვის მაქსიმალურად მოვემზადებით და ჩემპიონატს უფრო შეთამაშებულნი და გაძლიერებულნი შევხდებით.
მალხაზ კოხრეიძე (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი): კარგად გავისარჯეთ, მადლობა ბიჭებს გუნდური თამაშისთვის, რომელმაც შედეგი გამოიღო. შსს აკადემიას წარმატებას ვუსურვებ, წინ სუპერლიგაა და ვფიქრობ ეს გუნდი სერიოზულ შედეგს აუცილებლად აჩვენებს. მადლობა “ქუთათურ”გულშემატკივარს, რომელიც ყოველთვის მხურვალედ გვქომაგობს და მხარს გვიჭერს.
????????????????????????????????????