თასის გათამაშებაზე ვერამ, რუსთავმა და მგზავრებმა იმარჯვეს

თასის გათამაშებაზე ვერამ, რუსთავმა და მგზავრებმა იმარჯვეს

გუშინ დაწყებული საქართველოს თასის გათამაშება დღეს გაგრძელდა. ოლიმპიურმა სასახლემ მერვედფინალური სერიების მორიგ 3 მატჩს უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ გათამაშებაში სუპერილიგის 11 და “ა” ლიგის 5 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც მიმდინარე შედეგების გათვალისწინებით დაწყვილდნენ. მერვედფინალური სერია ორმატჩიანია და დღეს დარჩენილმა სამმა წყვილმა გამართა პირველი შეხვედრები.

პირველ მატჩში ერთმანეთს სუპერლიგის წარმომადგენელი “ვერა” და “ა” ლიგის წევრი “მეგა ბასკეტი” დაუპირისპირდნენ. მიუხედავად სტატუსიდან გამომდინარე ფავორიტობისა, ვერელებს ძალიან გაუჭირდათ. “ა” ლიგის გუნდი თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში უგებდა სუპერლიგელ “ვერას” და გამარჯვებასთან ახლოსაც იყო, თუმცა საბოლოოდ, დაძაბულ ბრძოლაში ვერელებმა გამარჯვებას მიაღწიეს – 77:75 (სტატისტიკა).

თუმცა ორმატჩიან სერიაში მოგებას პირობითი მნიშვნელობა აქვს. ვერელებმა ოდენ 2-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და მეორე მატჩში ამ სხვაობაზე მეტით თუ წააგეს, თასის გათამაშებას გამოეთიშებიან. ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 28 დეკემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.

მეორე მატჩში ერთმანეთს სუპერლიგის წარმომადგენლები – “ცხუმ-აფხაზეთი” და “რუსთავი” შეხვდნენ. მატჩი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. რუსთაველები მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობნენ, თუმცა მებრძოლი ცხუმელები არ ჩამორჩებოდნენ და მოგების შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდნენ. ქვემოქართლელთა სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ გადამწყვეტ მომენტში მათ მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს და სერიის მეორე მატჩის წინ 5-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს – 81:76 (სტატისტიკა).

დღის ბოლო მატჩში ბრძოლა არ შედგა. უფრო ზუსტად, პირველი ტაიმი თანაბარი იყო, თუმცა “მგზავრებმა” მეორე ნახევარში ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე “კაკტუსი” და 19-ქულიანი გამარჯვებით (95:76 სტატისტიკა) მეოთხედფინალისკენ მოზრდილი ნაბიჯი გადადგა. 

დღეს, ოლიმპიურ სასახლეში 2 სოხუმელი იუბილარი დააჯილდოვეს. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ საქვეყნოდ ცნობილი სპორტული ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია და საქართველოს ქალთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ლიდერი, ლიკა ქაჯაია დააფასა. ბატონი თენგიზი 60, ხოლო ქალბატონი ლიკა – 50 წლის გახდა. ქართული კალათბურთის განვითარებასა და მისი სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გატანისათვის ორივე იუბილარი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა მადლობის სიგელებითა და სახელობითი ეროვნული ნაკრების მაისურებით დააჯილდოვა.