თასის გათამაშების 1/4-ფინალში თსუ და ბათუმი დაწინაურდნენ

თასის გათამაშების 1/4-ფინალში თსუ და ბათუმი დაწინაურდნენ

დღეს დაიწყო თასის გათამაშების მეოთხედფინალური სერიები. ქუთაისსა და თბილისში 2 მატჩი გაიმართა, რომლებიც საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. შეგახსენებთ, რომ თასის გათამაშებაში საპლეიოფო რაუნდები 2-მატჩიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტოქეები ერთმანეთში 2 მატჩს ატარებენ და გამარჯვებული ქულების საერთო შეფარდებით ვლინდება. დღეს გამართულ მეოთხედფინალურ სერიებში გამარჯვებულმა გუნდებმა გარკვეული ჰანდიკაპი მოიპოვეს, რომელიც მეორე მატჩში უნდა დაიცვან და თუ ეს ამოცანა შეასრულეს, ოთხთა ფინალში გავლენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და რუსთავის შეხვედრა დიღმის დარბაზში გაიმართა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა უნივერსიტეტელებმა შეხვედრა 90:82 (სტატისტიკა) მოიგეს და საპასუხო მატჩში თუ 8 ქულაზე ნაკლებით წააგეს (ან ნებისმიერი ანგარიშით მოიგეს), შემდეგ ეტაპზე გავლენ.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე გამოდგა. თავდაპირველად რუსთავი დაწინაურდა – რეზო როგავას სამქულიანებითა და ზოგადად, უფრო შედეგიანი გარჯით, ანატოლი ბოისას გაწვრთნილი გუნდი 17:9, შემდეგ კი 39:31 დაწინაურდა. თსუ შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილ გუნდს მაღალი ტემპერატურის გამო წამყვანი მოთამაშეები – ბექა ბექაური და ნიკოლოზ დარბაიძე აკლდათ. ამის მიუხედავად, თსუ-ს არ გასჭირვებია თამაშის გარდატეხა და გააზრებული შეტევებითა და კარგი დაცვით საწადელს მიაღწია.

თამაშის სასურველ კალაპოტში ჩაყენების შემდეგ თსუ-მ ანგარიშის გაბათილება იწყო, რასაც მიხეილ ბერიშვილისა და ჯიმონ ჰენსონის მექულეობითა და გიორგი ცინცაძის დირიჟორობით მიაღწია. მეორე პერიოდის მიწურულს, თამაშის მე-18 წუთზე, მიხეილ ბერიშვილის სამქულიანის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა – 42:42. დიდი შესვენებისთვის უნივერსიტეტელებმა 5 ქულამდე გაზარდეს უპირატეობა და მეორე ნახევრიდან უფრო სოლიდურ ლიდერობას დაეპატრონნენ.

იგივე სცენარისა და მოქმედი პირების შესრულებით თსუ-ს უპირატესობამ 16 ქულას მიაღწია, რის შემდეგაც რუსთავმა თამაშის გადარჩენაზე იწყო ზრუნვა. თასის გათამაშების სერიაში პირველი მატჩის წაგება რეალურად წაგებას არ ნიშნავს. მთავარი მნიშვნელობა სხვაობას ენიჭება, რადგან რამდენსაც წააგებ, საპასუხო მატჩში იმდენი ქულა გექნება ამოსაღები. ამიტომაც, რუსთაველებმა ჩამორჩენის გაბათილებაზე იწყეს ზრუნვა, რაც ნაწილობრივ გამოუვიდათ. ლუკა ბულაშვილის, ტრეი კროფტისა და რევაზ როგავას შედეგიანობით ქვემოქართლელებმა ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს, თუმცა დარჩენილ 2 წუთში კიდევ 4 ქულით მეტი მიიღეს და საბოლოოდ 82:90 წააგეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 22 მარტს, რუსთავში გასამართ მატჩში მასპინძლებს 9 ქულით გამარჯვება სჭირდებათ, შემდეგ ეტაპზე – ოთხთა ფინალში რომ გავიდნენ. თუკი რუსთავი 8 ქულით იმარჯვებს, დამატებითი 5-წუთეული დაინიშნება.

გამარჯვებულ თსუ-ელებს ეროვნული ნაკრების წევრმა, მიხეილ ბერიშვილმა ულიდერა, რომელმაც 21 ქულა, 5 პასი, 2 მოხსნა დ 2 დაფარება მიითვალა. ბერიშვილმა 5 სამქულიანი ჩააგდო, რითაც მატჩის შუაწელში უნივერსიტეტელთა დაწინაურება დიდად განაპირობა. 23 ქულითა და 6 მოხსნით ჯიმონ ჰენსონი გამოირჩა. 13-13 ქულა ივანე მეგენეიშვილმა და მალკოლმ დრამრაითმა  მიითვალეს. გიორგი ცინცაძემ ორმაგი დუბლი შეასრულა – 11 ქულა, 10 პასი. რუსთავში 18 ქულით საუკეთესო იყო ლუკა ბულაშვილი. 17 ქულა და 6 პასი რევაზ როგავას ანგარიშზეა.

მეორე მატჩი ქუთაისში გაიმართა, სადაც სათამაშოდ ბათუმი ჩავიდა და საარაკო გამარჯვება მოიპოვა. მეორე პერიოდის შუაწელში ზღვისპირელები 20 ქულით აგებდნენ, თუმცა საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწიეს – 98:96 (სტატისტიკა). ამ წყვილში ყველაფერი 15 მარტს გადაწყდება, როცა ბათუმი ქუთაისს საპასუხო მატჩში უმასპინძლებს.